აპარატურა არის, ექიმი არა - დიალიზის გასაკეთებლად სვანები ზუგდიდში დადიან

ინტერნეტით ვრცელდება პეტიცია, რომლის ხელმომწერები მოითხოვენ სვანეთში მცხოვრებლებისთვის დიალიზის პროგრამით მკურნალობა მესტიის საავადმყოფოში გახდეს ხელმისაწვდომი. ახლა ადგილობრივებს ამ სერვისით სარგებლობისთვის სხვა ქალაქში გადასახლება სჭირდებათ.

77 წლის ზაირა ფარჯიანი სვანეთში, ლატალში ცხოვრობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თირკმელებზე პრობლემები შეექმნა და დიალიზი დასჭირდა, შვილებმა თბილისში წამოიყვანეს. ახლა კვირაში სამჯერ კლინიკაშია. დიალიზი ფაქტობრივად ხელოვნური თირკმლის ფუნქციას ასრულებს, აპარატი სისხლს წმენდს, რის შემდეგ ის ისევ ორგანიზმში ბრუნდება. ეს პროცედურა სისტემატურად უნდა ჩაიტარო, ამიტომ ზაირა ფარჯიანი მშობლიურ სვანეთში მაისის მერე აღარ ასულა.

„დედას მთელი ცხოვრება სვანეთში აქვს გატარებული და ძალიან დარდობს, რომ ახლა იქ ერთი დღითაც ვერ მიდის. შვილის საფლავსაც ვერ ნახულობს, ვერც აღდგომას, ვერც ვერასდროს. ამაზე დარდით, მისი გარდაცვალების თარიღი რომ იყო, ინსულტიც კი დაემართა“ , - ამბობს მაიკო წერედიანი, ზაირა ფარჯიანის შვილი.

დიალიზის პროცედურა საუნივერსიტეტო კლინიკაში, 2011 წელი

უახლოესი საავადმყოფო, სადაც სვანეთის მცხოვრებლებს დიალიზის გაკეთება შეუძლიათ, ზუგდიდშია. გზა გრძელია და ავადმყოფისთვის საკმაოდ დამღლელიც. ზამთარში მგზავრობა სახიფათოც ხდება. პეტიციაში ვკითხულობთ, რომ ზემო სვანეთში მუნიციპალური ტრანსპორტიც არ არის, ტაქსით კი ზუგდიდამდე ჩასვლა, მხოლოდ ერთი გზა, 150 ლარი ღირს. კიდევ უფრო მეტი პრობლემა ექმნებათ იმათ, ვინც ზემო სვანეთის სოფლებში ცხოვრობს. ისინი ჯერ მესტიაში უნდა ჩავიდნენ, მერე კი ზუგდიდისკენ დაეშვან. უკან დაბრუნება იმავე დღეს შეიძლება ვერც შეძლონ.

„ბევრია ასე დაჩაგრული. ზოგი წამოსულია და ან ქუთაისში ცხოვრობს ქირით, ან თბილისში“, - ამბობს მაიკო წერედიანი.

დიალიზის პროგრამას სახელმწიფო აფინანსებს. მესტიის მრავალპროფილიან საავადმყოფოში შესაბამისი აპარატურაც კი დგას, მაგრამ არ ჰყავთ ექიმი, რომელიც ამ აპარატურას აამუშავებს. საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ჩართოლანი ამბობს, რომ ამჯერად სვანეთში13 ადამიანს სჭირდება დიალიზი, კიდევ ერთი ამდენი კი სხვაგან არის გადასახლებული სამკურნალოდ.

„აპარატურა არის. მისი ფუნქციონირებისთვის კადრი იყო საჭირო. ოჯახის ექიმი შევარჩიეთ, რომ ნეფროლოგად გადაგვემზადებინა, მაგრამ კანონმდებლობამ ამის საშუალება არ მოგვცა. შემდეგ გადავწყვიტეთ, სეზონურად აგვემოქმედებინა ეს პროგრამა, ანუ წელიწადში რამდენიმე თვე მაინც ემუშავა. კოვიდის გამო ესეც ვერ გავაკეთეთ. გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ თუ კოვიდპანდემია მორჩება, სეზონურს გავაკეთებ“, - ამბობს ის.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კადრების მოძიება საავადმყოფოს მოვალეობაა, მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე კი უკვე სამინისტრო იზრუნებს.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გადამწყვეტია არა ხელფასი, არამედ კვალიფიკაცია. მისი თქმით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტის ისეთ ადგილას გაგზავნა, სადაც მას მხოლოდ რამდენიმე პაციენტი ეყოლება, მთელ მსოფლიოში უჭირთ.

„ორი პაციენტი თუ ეყოლება წლის განმავლობაში, არა მგონია ექიმმა კვალიფიკაცია შეინარჩუნოს. საერთოდ, არ ვფიქრობ, რომ დიალიზის ჩატარებას იქ სპეციალისტის დასაქმება სჭირდება. გამოსავალი არის ის, რომ ადგილობრივი ექიმი გადაამზადონ, რომელიმე ზოგადი პროფილის ექიმი ან უროლოგი. არ მჯერა, რომ მესტიის საავადმყოფოში უროლოგი არა ჰყავთ. გადაამზადონ და შეუთავსონ ესეც“, - ამბობს აკაკი ზოიძე.

პეტიციის ხელმომწერები საქართველოს მთავრობისგან ითხოვენ, განიხილოს აღნიშნული პეტიცია და შექმნას პირობები იმისთვის, რომ „არ ხდებოდეს დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის და გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მიხედვით“, ანუ სვანეთის მცხოვრებლებმა დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა სვანეთშივე შეძლონ.