კათოლიკური სამყარო - ფანჯარა დასავლეთისკენ ისტორიულ საქართველოში

კათოლიკური სამყარო და დასავლეთი ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო, რომელიც მუდმივი ბრძოლებით გაწამებულ საქართველოს მეფეებს მოკავშირედ წარმოედგინათ. ისინი არათუ ხელს არ უშლიდნენ, პირიქით, ცდილობდნენ ქვეყანაში ევროპელი მისიონერები შემოსულიყვნენ და პროგრესი შემოეტანათ.

მე-13 საუკუნის 20-30-იანი წლები - საქართველო მონღოლებს აქვთ დაპყრობილი, ტახტზე რუსუდანი ზის. სწორედ ამ დროს საქართველოში ფრანცისკელი და დომინიკელი მისიონერები ჩამოდიან.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მურმან პაპაშვილი ჰყვება, რომ მაშინ მისიონერების ძირითადი მიზანი მონღოლებში კათოლიკობის გავრცელება იყო, საქართველო კი, თავის მხრივ, ცდილობდა, იზოლაციისთვის თავი დაეღწია და დასავლეთში დასაყრდენი ეპოვა. ამის გამო რუსუდანმა მისიონერები გულღიად მიიღო. მათდამი კეთილგანწყობა შემდეგ სხვა მეფეებმაც შეინარჩუნეს.

„მე-16 საუკუნემდე პაპობა საერთაშორისო პოლიტიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა, მაშინ რელიგია იყო სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის საგანი. ქართველებმაც მე-19 საუკუნემდე რეალური მოკავშირე ვერავინ დაინახეს პაპობის გარდა, ამიტომ ქართველი მეფეები მისიონერებს ხელს არ უშლიდნენ, მე-16 საუკუნიდან კი მოითხოვდნენ კიდეც, ჩამოსულიყვნენ“.

ევროპიდან ჩამოსული მისიონერები კავშირს მეფეებთან და მთავრებთან ამყარებდნენ, მათთან საჩუქრებიც ევროპული მიჰქონდათ: ჭოგრიტები, მაკრატლები, ნემსები... მურმან პაპაშვილი ამბობს, რომ საქართველოსთან კათოლიკურ სამყაროს ურთიერთობა იმის გამოც ეადვილებოდა, რომ ქართულ ეკლესიას, ბიზანტიურისგან განსხვავებით, პაპის სახელი დიდი ხნის განმავლობაში არ ამოუღია დიპტიქიდან, რომელიც ღვთისმსახურების დროს, მსოფლიოს ეკლესიათა მეთაურების ან ადგილობრივ ეკლესიათა მეთაურების მოხსენიების რიგითობას განსაზღვრავს.

ფრესკა გელათში

1328 წელს პაპმა იოანე XXII დააარსა თბილისის ლათინური წესის საეპისკოპოსო. ორი წლის შემდეგ თბილისის პირველ ლათინ კათოლიკე ეპისკოპოსად დომინიკელი ბერი იოანე დაინიშნა. მთლიანობაში კათედრამ 1507 წლამდე იარსება და მას სხვადასხვა დროს 12 ეპისკოპოსი მართავდა.

მურმან პაპაშვილის თქმით, არცერთი წყარო არ მიუთითებს იმაზე, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას რომაულ კათოლიკე ეკლესიასთან რამე კონფლიქტი ჰქონდა. მისი აზრით, საქართველოში უბრალოდ არავის აძლევდა ხელს მოკავშირე ქვეყანასთან დოგმატურ საკითხებზე ედავა.

„ჩამოდიოდა 5-15 ადამიანი, შემდეგ დაფინანსების და საქადაგო არეალის მიხედვით, მათი რიცხვი იზრდებოდა. დომინიკელები ძალიან ბევრნი იყვნენ, კაპუცინელებიც, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში მოღვაწეობდნენ. ასევე ჩამოდიოდნენ თეატინელთა ორდენიდან. 1628 წლიდან - 1662 წლამდე ჯერ ქართლის სამეფოში, შემდეგ გურიის და სამეგრელოს სამთავროებში 130-მდე მისიონერი მაინც მოღვაწეობდა. აქედან 30 სამეგრელოში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს“, - ამბობს მურმან პაპაშვილი.

თეატინელთა ორდენიდან იყო მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც საქართველოში 1631 წელს ჩამოვიდა და სამეგრელოს აღწერილობა დაგვიტოვა. ზოგადად სწორედ ევროპელმა მისიონერებმა შემოგვინახეს საქართველოს კუთხეებისა და ხალხის ყოფა-ცხოვრების აღწერები. მათი ჩანახატებიდან ვიცით, როგორ გამოიყურებოდნენ გიორგი სააკაძე, თეიმურაზი, სამეგრელოსა და იმერეთის მთავრები თუ გლეხის ქალები; როგორ სახლებში ცხოვრობდნენ ბატონები, როგორებში - ყმები; რა ეცვა თავადაზნაურობას და სად შოულობდნენ ტანსაცმელს უბრალო ადამიანები. მათი აღწერილი საქართველო რადიკალურად განსხვავდება მემატიანეების ჩანაწერებისგან, რომლებშიც მხოლოდ მეფეების და გადამწყვეტი ბრძოლების ისტორიაა მოცემული. მაგალითად, იგივე არქანჯელო ლამბერტი, ადგილობრივ ზნე-ჩვეულებებთან ერთად, სასახლის ინტრიგებსაც აღწერს. „დადიანი, რომ უცოლო დარჩა, ბიცოლასადმი სიყვარული უფრო გაუძლიერდა“, - წერს ის ერთგან და შემდეგ ჰყვება, როგორ არია შეყვარებულმა მთავარმა ჯერ ოჯახი და შემდეგ მთელი სამთავრო.

„მე-17 საუკუნიდან მეფეები და პატრიარქები ითხოვენ ექიმებს და მხატვრებს, როგორც ჩანს, ნაკლებობა იყო იმ ხელოვანების, რომლებიც თუნდაც ეკლესიებს მოხატავდნენ. მე-18, მე-19 საუკუნეებში კი კათოლიკე საზოგადოება საქართველოში მთარგმნელობით სკოლას ქმნის“, - ამბობს მამა აკაკი ჭელიძე, ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრას სამრევლოს წინამძღვარი.

დროთა განმავლობაში ევროპელი მისიონერებისთვის გადაულახავ წინააღმდეგობად იქცა რუსეთი. 1845 წელს კაპუცინელებმა თავიანთი მისია დაასრულეს. იტალიელი ბერები საქართველოდან გააძევეს, რადგან ისინი არ დაეთანხმნენ მოთხოვნას, მიეღოთ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა.

შობა კათოლიკურ ეკლესიაში

დღეს საქართველოში კათოლიკური წესით დაახლოებით 50 ათასი ადამიანია მონათლული.

„უნდა გავითვალისწინოთ ბოლო ათწლეულების მიგრაციაც, პოლონელები და გერმანელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ. ქართველებიც გავიდნენ საზღვარგარეთ. გარდა ამისა, 30 წელია გარკვეული ძალა ცდილობს, ქართველები დაარწმუნოს, რომ ისინი კათოლიკეები არ უნდა იყვნენ. ამის გამო ბევრ ოჯახში ახალგაზრდა თაობა აღარ კათოლიკობს. თუმცა ჩვენ მათ მაინც განვიხილავთ პოტენციურ კათოლიკეებად“, - ამბობს მამა აკაკი ჭელიძე.

მთელი ამ ხნის განმავლობაში კათოლიკურმა სამყარომ გაზარდა ბევრი ცნობილი ადამიანი, რომლებმაც ფუნდამენტურად შეცვალეს საქართველოს მომავალი, მათ შორის არიან: სულხან-საბა ორბელიანი, პეტრე მელიქიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, ძმები ზუბალაშვილები, იოსებ ოცხელი, პეტრე ოცხელი და სხვები.