თელავის ისტორიულ ჭადარს უმკურნალეს. ქალაქის სავიზიტო ბარათს საფრთხე აღარ ემუქრება

თელავის ისტორიული ჭადრის ხის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად სპეციალური სამუშაოები ჩატარდა. ხე გაათავისუფლეს არასწორად მზარდი ტოტებისა და ხმელი ნაწილებისგან. თელავის მერის მოადგილემ, ნიკა მეტრეველმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადგილობრივი სპეციალისტების დასახმარებლად საგანგებოდ ჩამოვიდნენ ბიოლოგები თელავთან დაძმობილებული გერმანული ქალაქიდან, ბიბერახიდან.

ჭადარს თელავის სავიზიტო ბარათს უწოდებენ. მისი გარშემოწერილობა 12, სიმაღლე კი 40 მეტრია. გადმოცემის მიხედვით, თელავის ჭადრის ხეს დაახლოებით 900-წლიანი ისტორია აქვს და ის ისტორიულ უბანში, ერეკლე მეორის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დგას. თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილი ამბობს, რომ თელავში ჩასული ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორების უმრავლესობა ქალაქს ჭადრის უნახავად, ფაქტობრივად, არ ტოვებს.

ჭადრის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე კახეთში 2015 წლიდან მუშაობენ ადგილობრივი სპეციალისტები. გერმანელი ბიოლოგებიც არაერთხელ იყვნენ ჩამოსული, თუმცა, თითქმის ორი წელია, პანდემიის გამო ისინი ვიზიტს ვეღარ ახერხებდნენ.

"მოხდა ჭადრის ხის სხვლა-ფორმირება და ჩატარდა ფიტოსანიტარული სამუშაოები. ამან საშუალება მოგვცა, რომ შეგვემცირებინა ხის გახლეჩვა და სხვა დაავადებების გავრცელების რისკი. სპეციალისტების ბოლო დასკვნის თანახმად, შემიძლია ვთქვა, რომ ჭადრის ხეს საფრთხე აღარ ემუქრება", - თქვა თელავის მერის მოადგილემ.

სატყეო მეურნეობისა და ურბანული გამწვანების ექსპერტი დავით სამხარაძე ამბობს, რომ ბოლოს ჩატარებული სამუშაოები ხეს გახდის უფრო ქარგამტარს, რაც, სტიქიური უბედურების დროს, მისი დაზიანების ალბათობას შეამცირებს.

სამხარაძე რადიო თავისუფლებასთან იმასაც ამბობს, რომ სპეციალური ხსნარებით კიდევ იგეგმება ხის დამუშავება და ადგილზე ბარიერის მოწყობა, რაც ხეს დაიცავს ადამიანების უშუალო შეხებისგან.

„ჭადარზე ბაგირები გავაბით იმიტომ, რომ რხევის ამპლიტუდა შემცირებულიყო და ხე არ გახლეჩილიყო. ხის ფესვებზე სიარული მას კიდევ უფრო აზიანებს, ამიტომ ადგილზე მოეწყობა შემზღუდავი ზოლი. რა უნდა გაკეთდეს, ჩვენ ამაზე რეკომენდაციები შევიმუშავეთ და თელავის მერიას გადავეცით. ერთ-ერთი ის არის, რომ ხის ცოცხალი კედლების სისქე უნდა გაიზომოს და დადგინდეს რამდენად გაუძლებს ვარჯს.“

ჭადარს 2018 წელს დამატებითი დაზიანებები იმ დროს მიაყენეს, როდესაც ადგილობრივი სპეციალისტები მუშაობდნენ. მაშინ ხის გასუფთავებისთვის თოხი გამოიყენეს. ჭადრის გადასარჩენად დაგეგმილ და განხორციელებულ სამუშაოებს მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან აფინანსებს. ახლახან ჩატარებული სამუშაოებისთვის დაახლოებით 15 ათას ლარამდე დაიხარჯა. მერიაში ამბობენ, რომ ამ მიზნით თანხები მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული.