კახა კუჭავა პარლამენტის წევრის მანდატსაც ტოვებს

კახა კუჭავა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ, კახა კუჭავა დეპუტატის მანდატზეც უარს აცხადებს. მაჭარაშვილმა დაამატა, რომ კუჭავა რჩება „ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდში.

„საკითხი განხილული იყო როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე უმრავლესობის სხდომაზე. კახა კუჭავამ ახსნა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც კახას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები. ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც მალე გაიგებს საზოგადოება. მან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, საკუთარ საქმიანობას ალღო ძალიან კარგად აუღო და თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ პარლამენტის ერთ-ერთი წარმატებული თავმჯდომარეა", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან კახა კუჭავას წასვლის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, 24 დეკემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამცნო საზოგადოებას.

„ეს არ არის ორი-სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვეა გუნდთან ერთად მქონდა საუბარი. მე შორს არ მივდივარ, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად... პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, მე მგონი, დიდწილად შევძელი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს", - თქვა კახა კუჭავამ.

„ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 8 თვის წინ, 2021 წლის 27 აპრილს აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე შეცვალა.

პარლამენტში კუჭავას ადგილმონაცვლე გახდება „ქართული ოცნების" პარტიულ სიაში მყოფი პარლამენტის ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილი.