პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მედიას პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიაში ჩანიშნულ ბრიფინგზე უთხრა.
"კახას გადაწყვეტილება მთელი გუნდისთვის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, თუმცა, მას პატივს ვცემთ. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პოლიტსაბჭომ ცნობად მიიღო", - თქვა კობახიძემ.
მის შემდეგ მედიისთვის კომენტარი პარლამენტის უკვე გადადგარმა თავმჯდომარემ გააკეთა.
"ეს არ არის ორი-სამი დღის გადაწყვეტილება, დაახლოებით თვეა გუნდთან ერთად მქონდა საუბარი. მე შორს არ მივდივარ, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად... პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიიღება. არ იყო მარტივი პერიოდი, რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, მე მგონი, დიდწილად შევძელი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თანამშრომელს", - თქვა კუჭავამ.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, პარტია პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 8 თვის წინ, 2021 წლის 27 აპრილს აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე შეცვალა, რომელმაც გადადგომისას თქვა:
"ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში".
ასევე ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარადგინეს