აშშ და უკრაინა უარყოფენ პუტინის განაცხადს, რომ ისინი არიან აგრესორები სასაზღვრო ესკალაციაში

აშშ და უკრაინა უარყოფენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ 23 დეკემბრის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განაცხადს, რომ კიევი აღმოსავლეთის რეგიონში სამხედრო შეტევისთვის ემზადება.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ საკიმ განაცხადა, "ფაქტები ცხადყოფს, რომ რუსეთის და უკრაინის საზღვართან ერთადერთი აგრესია რუსების სამხედრო ძალის ზრდა და რუსეთის ლიდერის მტრული რიტორიკაა". საკიმ ასევე აღნიშნა, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია და არ არსებობს მტკიცებულება, "რომელიც მიანიშნებდა საპირისპიროზე, აშშ-სგან ან ნატოს წევრებისგან".

პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ძალის ზრდის და უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ დასავლეთის შეშფოთება შესაძლოა იყოს წინაპირობა უკრაინის მხრიდან შესაძლო მცდელობისა, შეტევა დაიწყოს აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ. უკრაინის ოფიციალური პირები უარყოფენ მსგავსი მიზნების ქონას - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ოლეგ ნიკოლენკომ თქვა, რომ პუტინის განაცხადი არ შეესაბამება სინამდვილეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 23 დეკემბერს შექმნილი ვითარება განიხილა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლიზ ტრასთან, რომელიც ასევე აცხადებს, რომ ნატო თავდაცვითი ალიანსია. ტრასის თქმით, უკრაინა "კვლავ ავლენს შექების ღირს თავშეკავებას, რუსეთის პროვოკაციის და აგრესიის პირისპირ".