ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს

საბავშვო ეტლი, სათამაშოები, ფოტოები, პარკებში სახელდახელოდ ჩაყრილი ტანსაცმელი - 22 დეკემბერს ვარკეთილში მოკლული ხუთი თვის ორსული ქალის სახლიდან ბიძას, დეიდას და ბებიას მისი ერთი წლის შვილის ნივთები გამოაქვთ და მანქანის საბარგულში აწყობენ. მანქანაში ელოდება მოკლული დედის ნათესავებს ერთი წლის ბიჭიც.

22 წლის ქეთა კეპულაძე 22 დეკემბერს, გამოძიების თანახმად, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა. 23 წლის გოგა გზირიშვილს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა/109-ე მუხლით (ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში) ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც სასჯელის ზომად ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის თქმით, სავარაუდო მკვლელობას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, განიცდის მომხდარს, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა და თავად ბრალდებული მოითხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიებად მის წინააღმდეგ გამოყენებული იყოს, მხოლოდ და მხოლოდ, პატიმრობა:

„ბრალდებულს ცოტა ხნით შევხვდი. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ზედმეტი კითხვები აღარ დამისვამს, რადგან მისი სტრესული მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეულ კითხვებზე არაადეკვატური პასუხები მიმეღო და რეალური სურათი ვერ აღგვედგინა. თქვა, რომ შემთხვევას, მე ვიტყოდი, სავარაუდო მკვლელობას, წინ უძღოდა შელაპარაკება. რის ნიადაგზე და რატომ, ეს დეტალები არ ვიცი. სახლში იყვნენ სამნი. ბრალდებული, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ამბობს, რომ მომხდარი ფაქტი ბავშვს არ დაუნახავს, რადგან ის იჯდა ეტლში, ზურგით და კომპიუტერში უყურებდა რაღაცას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თავად გამოიძახა პოლიცია. გაქცევა არ უცდია. აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ის არც გირაოს მოითხოვს და არც სხვა სახის აღკვეთ ღონისძიებას. ამბობს, რომ მის მიმართ ერთადერთი ღონისძიება, პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული და სხვა არაფერი“.

აქვს თუ არა ბრალდებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ამის შესახებ ადვოკატი, ამ ეტაპზე, ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. მევლუდ ჯანჯღავა ამბობს, რომ საქმის მასალები ჯერჯერობით არ გადასცემია. მისი თქმით, კომპლექსური ექსპერტიზა დაადგენს როგორია ამჟამად ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ის „სავარაუდო ქმედების ჩადენის დროს“.

ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებული პერიოდულად დროებით სამუშაოებზე, „ხელოსნად მუშაობდა“.

რა იყო მკვლელობამდე

ქეთა კეპულაძე ქმართან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ყოფილი „ტელეფონი-ტელეგრაფის“ სივრცეში ცხოვრობდა.

სწორედ აქ, საძინებლად მოწყობილ სივრცეში მოხდა სავარაუდო მკვლელობა. ე.წ. მისაღებ ოთახში ბავშვის სათამაშოები ყრია. მაგიდაზე დევს ბავშვის საჭმელი.

შესასვლელში, რომელიც ამავე დროს, სამზარეულოს ფუნქციასაც ასრულებს, სახელდახელოდ წამოკრეფილი თეფშების გროვა დგას.

გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრები ქეთას შვილის ნივთებს აგროვებენ. ბიძას ხელში საოჯახო ფოტოები და ტანსაცმლის ფუთა უჭირავს. ორი კვირის წინ, ქეთამ სწორედ მის სახლში შეაფარა თავი.

„მერე მოვიდა მეუღლე, დაურეკა და წაიყვანა“, - მეუბნება ნიკოლოზ კარტოზია, ქეთას ბიძა.

ხუთი თვის ორსული ქალი დაახლოებით ორი კვირის წინ დეიდისა და ბიძის სახლში გადავიდა დროებით საცხოვრებლად. ქეთას ბიძა ამბობს, რომ ქალი ოჯახში კონფლიქტს გაერიდა:

მოკლული ქალის ბიძა

„ქეთა მეუბნებოდა, რომ დამაწყნარებელ წამლებს ასმევდა. არ ვიცი, რა პრობლემები ჰქონდა. ქეთი მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე იყო ჩვენთან. იმიტომ წამოვიდა სახლიდან, რომ ქმართან არ ეჩხუბა. ცოტა ხანი დაისვენებსო, დაწყნარდებაო. ვიცი, რომ რაღაც წამლებს იღებდა, მაგრამ კლინიკაში არ წოლილა. ქეთიმ მითხრა, რომ სტრესი აქვსო, ჭედავსო, ხასიათში ურევსო, ბრაზდებაო, ჩხუბობსო. ხელით ეხებოდა თუ არა, არ ვიცი, მე არ მინახავს და თვითონ ქეთისაც არაფერი უთქვამს“.

ქეთა პოლიციას და სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა. სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით ძირითადად მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული:

„საძინებელში იმდენი სისხლია ახლაც. ალბათ სისხლისგან დაიცალა“, - თქვა ბიძამ.

2020 წლის დასაწყისში, ქეთამ ხელნაკეთი სამკაულების მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. სულ რამდენიმე თვე იმუშავა, რადგან მალე პანდემია დაიწყო, „ლოკდაუნი“ გამოცხადდა და იმის გამო, რომ მაღაზიებმა მუშაობა შეწყვიტეს, სამსახურისთვის თავის დანებება მოუწია.

მაღაზიის მფლობელი, ბელა შათირიშვილი ქეთას გარდაცვალებას ძალიან განიცდის:

„ისეთი კომუნიკაბელური იყო, ისეთი ლაღი, ზრდილობიანი. პირველივე ნახვისას შეგვაყვარა ყველას თავი. ჩვენთან გამყიდველის პოზიციაზე მუშაობდა. თუმცა, გასაუბრებაზე რომ მოვიდა, გვითხრა, რომ თავადაც აკეთებდა სამკაულებს, გვირგვინებს, ბრასლეტებს, სხვადასხვა აქსესუარს და ძალიან უნდოდა ამ სფეროში მუშაობა. ჩვენთან რომ მოვიდა, პირველ ბავშვს უკვე ელოდებოდა. შემდეგ პანდემია წამოგვეწია და ნერვიულობდა, ერთი მხრივ, ჯანმრთელობის გამო, ორსულად იყო, მეორე მხრივ, დარდობდა, რომ იძულებულები ვიყავით მაღაზიები დაგვეხურა“.

სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ქეთამ გამოსავალი იპოვა და სოციალურ ქსელში გადაინაცვლა - „Kate’s აქსესუარები“ - ამ გვერდის დახმარებით გააგრძელა ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება და გაყიდვა.

22 დეკემბრის ღამეს ქეთა მშობლიურ სოფელში, ოფშკვითში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ ქეთა კეპულაძეს არასდროს შეუტყობინებია 112-ისთვის ძალადობის ფაქტის შესახებ.

ქეთას ოჯახის შესახებ არ ჰქონია ინფორმაცია არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს. უწყების განმარტებით: „ამ ოჯახიდან მომართვა არ ყოფილა“.

რაც შეეხება ქეთას ერთი წლის ბიჭს, სააგენტოს ინფორმაციით, „ბავშვს სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა არ სჭირდება და რჩება ოჯახის წევრთან“.

ასევე ნახეთ ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ფაქტზე კაცს ბრალდება წარუდგინეს
ასევე ნახეთ თბილისში ორსული ცოლის მკვლელობის საქმეზე კაცი დააკავეს