ეკა ხერხეულიძე: გორის ჰოსპიტალი სააკაშვილის რეაბილიტაციისთვის არ არის საკმარისი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი თანაგუნდელის მკურნალობა შეუძლებელია. ამის შესახებ ხერხეულიძემ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი. ყველამ ვიცით, რომ ასეთ მდგომარეობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება. არა იმიტომ, რომ მცდელობა არ აქვს მედ-პერსონალს..." - თქვა პარლამენტის დეპუტატმა თანაგუნდელთან შეხვედრის შემდეგ.

ხერხეულიძემ ასევე ისაუბრა 21 დეკემბერს სააკაშვილსა და ბადრაგს შორის უთანხმოებაზე, როცა პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს უფლება არ მისცეს მხარდამჭერებისთვის ეჩვენებინა ფურცელზე დახატული საქართველოს დროშა.

"ბადრაგებთან ჰქონდა უსიამოვნო დაპირისპირება, რაზეც ღელავს და აღნიშნავს, რომ ასეთ დამოკიდებულებას მისგან არ იმსახურებდნენ, რადგან თხოვნის გარდა, არაფერი ყოფილა, რომ მას ასეთი სიუხეშე არ უნდა გამოევლინა.

[თქვა, რომ] მიხვდა, ორი საათის განმავლობაში თავს ვერ აკონტროლებდა და ვერ დაიოკა ის აღშფოთება - ადამიანების მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ თავად თვითონ შეძრა, მიხვდა რომ მისი მდგომარეობა არ არის მარტივი იმიტომ, რომ ყოველთვის შეეძლო თავის მართვა. ამას განიცდის ძალიან...

ნებისმიერი ასეთი დამოკიდებულება უახლებს იმ ტრავმას, რაც ჰქონდა გლდანის ციხეში და ბადრაგებთან ურთიერთობა კიდევ უფრო აასმაგებს მისი ჩივილების გამოვლინებას", - თქვა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, აუცილებელია სააკაშვილმა მალე დატოვოს პატიმრობა.

"ასეთი სიმპტომები ასეთ მდგომარეობაში საგანგაშო შედეგებს მოიტანს... რეაბილიტაციისთვის [გორის კლინიკა] არ არის საკმარისი", - თქვა ხერხეულიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.