ვლადიმირ პუტინი: "აღარ უნდა იყოს არავითარი ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისკენ“

ვლადიმირ პუტინი დიდ პრესკონფერენციაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე დანიშნა წარმომადგენლები აშშ-სთან მოლაპარაკების დასაწყებად ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე მოსკოვის მიერ შემუშავებული წინადადებების განსახილველად და გაიმეორა, რომ რუსეთის ერთ-ერთ მოთხოვნას აღმოსავლეთით ნატოს შემდგომ გაფართოებაზე უარის თქმა წარმოადგენს.

„აშკარაა, რომ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ეს არის სტაბილურობა და უსაფრთხოება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ მიმართულებაზე. და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უსაფრთხოება. ამიტომ ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე, ჩვენ პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ აღარ უნდა მოხდეს არავითარი ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისკენ“, - განაცხადა პუტინმა დიდ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ხედავს ვაშინგტონის მზადყოფნას ამგვარი დისკუსიისთვის, რომელიც წარმომადგენლების დონეზე მომავალი წლის დასაწყისში, ჟენევაში გაიმართება.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ბოლო დროს საგრძნობლად დაიძაბა მოსკოვის მიერ უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცის გადასროლასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების გამო.

წინა კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარადგინა თავისი წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლის განხილვაც მოსკოვს აშშ-სთან სურს. მოსკოვი იმედოვნებს გარანტიის მიღებას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ, ალიანსი უარს იტყვის თავის რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანებაზე და ასევე შეიზღუდება სამხედრო თანამშრომლობა უკრაინასთან და საქართველოსთან.

ასევე ნახეთ

პუტინი ევროპაში დაძაბულობის შექმნაში დასავლეთს ადანაშაულებს და "ადეკვატური“ ზომებით იმუქრება


18 დეკემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აშშ და ევროპა ზომებს ამზადებენ რუსეთის დასასჯელად, თუკი კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს თავისი მცირე მეზობლის წინააღმდეგ.

როგორც აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება იანვრის ბოლოს შეიჭრნენ. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრაში.

თავის მხრივ, მოსკოვი კოლექტიურ დასავლეთს ადანაშაულებს უკრაინის გარშემო სიტუაციის ესკალაციაში.

რუსეთმა ადრე უკვე განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. 2014 წელს მან დაიკავა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსირება მოახდინა. ამავე პერიოდიდან ის დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.