“პოლიცია გვეუბნება, ვინ გეკითხებათო” - ნათესავები 14 წლის მოტაცებული გოგოს დაბრუნებას მოითხოვენ

კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში, 14 წლის გოგო ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა 22 წლის კაცმა. ბებია, რომელთანაც არასრულწლოვანი იზრდებოდა, ამბობს, რომ პოლიციამ ამის შესახებ იცის, თუმცა გოგო სამ კვირაზე მეტია, გამტაცებლის ბებიის სახლში ჰყავთ.

ბავშვის ნათესავები რადიო თავისუფლებასთან ჰყვებიან, რომ მოზარდი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს პირველ დეკემბერს, როცა მასთან ერთად მხოლოდ ბიცოლა იყო. შეშის მოსატანად გასულ ქალს ბავშვი სახლში აღარ დახვდა. ნათესავების თანახმად, გამტაცებელმა სპეციალურად შეარჩია ისეთი დრო, როცა სოფლის მცხოვრები კაცები სასაფლაოზე იყვნენ წასული და წინააღმდეგობას არავინ გაუწევდა.

„112-ში დავრკეთ მაშინვე“, - ეუბნება ბებია რადიო თავისუფლებას და ამატებს: „გადმოგვირეკეს სოფლის პოლიციიდან. ვიცით ამ ამბის შესახებ და მშობლები თანახმა არიან და თქვენ ვინ გეკითხებათო. არავინ მოვიდა, სანამ მეორედ არ დავრეკეთ 112-ში. როგორც იქნა პოლიცია მოვიდა, მაგრამ იგივე გვითხრეს, გოგო თანახმაა და თქვენ რაზე ჩივიხართო“.

ნათესავები ამბობენ, რომ პოლიციამ ისინი გამოკითხა, თუმცა ბავშვი სამ კვირაზე მეტია, ბებიასთან არ დაუბრუნებიათ.

ნათესავების თქმით, ბავშვი ჯერ კიდევ 11 წლის იყო, როცა სუფრაზე ქეიფის დროს მამის თანხმობით დანიშნეს. ბებია და სხვა ნათესავები კი ქორწინების წინააღმდეგი იყვნენ.

„წლების განმავლობაში ამბობდა, რომ ნათესავების წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა და მაინც მოიტაცებდა გოგოს“, - ამბობს ბებიის და.

ბავშვი მთელი სემესტრის განმავლობაში არ დადიოდა სკოლაში, რადგან ნათესავების მტკიცებით, გამტაცებელი კაცი უკან მიჰყვებოდა. გოგო გაკვეთილებს მხოლოდ დისტანციურად, ონლაინ ესწრებოდა და სკოლაში ამის მიზეზიც იცოდნენ.

სკოლის დირექტორი სარხან ხუბანოვი რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს, რომ ბავშვი სკოლაში არ დადიოდა, თუმცა უარყოფს ნათესავების მტკიცებას, რომ მიზეზი იცოდა. ის ამბობს, რომ ინფორმაცია მხოლოდ დამრიგებელს ჰქონდა, თავად კი მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც გოგო მოიტაცეს.

„მე როცა გავიგე, პოლიციამ უკვე იცოდა. ბებიის დამ დამირეკა და სიტუაცია ამიხსნა“, - ამბობს ხუბანოვი და ამატებს, რომ პირველი დეკემბრის შემდეგ, მოსწავლე გაკვეთილებს არ ესწრება.

კითხვაზე, ვალდებულია თუ არა ნაადრევი ქორწინების შესახებ შეატყობინოს პოლიციას, ხუბანოვი პასუხობს: „ჩემთვის პირველი შემთხვევაა ნაადრევი ქორწინების. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მშობლების მოვალეობაა [საკითხში გარკვევა]. ჩვენი სიტყვა იქნება, რომ ცუდია, მაგრამ…“

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების კითხვებს არ პასუხობენ.

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს 16 წლამდე სქესობრივ კავშირს და ქორწინებას, მიუხედავად მშობლის თანხმობისა.

შემთხვევა ასევე შეიცავს ადევნების ნიშნებს, რაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.