რამაზ გერლიანი, მართალია, იპოვეს და ახლა უსაფრთხოდაა, მაგრამ გამოიძიებს პოლიცია გარემოებებს, რომლებმაც იგი აიძულა თვითმკვლელობაზე ეფიქრა?
„37-ე დღეა ეს ადამიანი ითხოვს, დაიწყოს გამოძიება პოლიციელის, გიორგი გოგნიაშვილის მიმართ. არ დაიწყო“, - ამბობს რამაზ გერლიანის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
40 წლის რამაზ გერლიანი ყოფილი საჯარო მოხელეა. ადრე ის გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა, ამჯერად კი „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტია. მეუღლეს, ია ჯინჭველაძეს, ერთი წლის წინ გაშორდა, მასთან ორი შვილი ჰყავს. ყოფილი მეუღლე და შვილები თბილისში ცხოვრობენ, სახლში, რომლის მესაკუთრე თავადაა. კონფლიქტი, რომელმაც ის ამ დრამატულ ვითარებამდე მიიყვანა, სწორედ ამ სახლში მოხდა.
რამაზ გერლიანი ჰყვება, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ სახლში მისულს იქ უცხო ადამიანი დახვდა, ვინმე გიორგი გოგნიაშვილი. გერლიანმა მას მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა მისი სახლი, რაზეც მუქარა და შეურაცხყოფა მიიღო.
„პოლიციელი ვარ და როგორ მიბედავო. იარაღის დემონსტრირებაც იყო, ახლა შენ თუ არ გაჩერდები და... დაახლოებით ასეთი ლაპარაკი“, - ჰყვება ადვოკატი.
გაუჩინარებამდე რამაზ გერლიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ გიორგი გოგნიაშვილმა ბოროტად გამოიყენა პოლიციელის ფორმა და შეიპარა მის სახლში, მიზანი კი თვალთვალი და მისი მონაცემების მოპოვება გახლდათ. თუ რა მონაცემებზეა საუბარი, გერლიანს არ დაუკონკრეტებია, ალექსანდრე კობაიძე კი ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ეს მის სამსახურს უკავშირდება. „ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და თავად რამაზმა უნდა გადაწყვიტოს ისაუბრებს ამაზე თუ არა“, - ამბობს ის.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი 14 ნოემბერს შედგენილ რეაგირების ოქმში წერს, რომ გაესაუბრა გერლიანის ყოფილ მეუღლეს, რომელმაც განმარტა, რომ გიორგი გოგნიაშვილი მისი ნაცნობი იყო და სახლშიც მან შეუშვა.
ადვოკატი აცხადებს, რომ გოგნიაშვილი გერლიანს შემდეგაც უკავშირდებოდა და ემუქრებოდა. სავარაუდოდ, იგივე განმეორდა 19 დეკემბერსაც.
„კამერებზე ჩანს, რომ რამაზი ტელეფონით ვიღაცას ემოციურად ესაუბრება და სახლიდან გადის. ამის შემდეგ ქრება და დღემდე არ ვიცით, სად იყო. ისიც არ ვიცით, სახლიდან გასვლის შემდეგ შეხვდა თუ არა გოგნიაშვილს ან სხვებს. რაც მთავარია, როდესაც ამ კითხვებს ვსვამთ, პოლიცია, მაგალითად, ავჭალის პოლიცია, არ გვპასუხობს“, - ამბობს ადვოკატი.
მას შემდეგ, რაც გერლიანი სახლიდან გავიდა, მას ახლობლები სამი დღე ეძებდნენ. გერლიანმა სამსახურში დატოვა ტელეფონი და ფურცელი, ტელეფონის კოდით. ახლობლები ვარაუდობდნენ, რომ ტელეფონში მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა, მაგრამ რა - უცნობია, რადგან გამოძიებამ ის ნივთმტკიცების სახით წაიღო. გერლიანის მანქანა იპოვეს ავჭალის პოლიციასთან და საქმეც სწორედ აქ აღიძრა. თუმცა, გაუგებარია რატომ დატოვა საკუთარი ავტომობილი გერლიანმა მაინცდამაინც პოლიციის შენობასთან.
რამაზი ყოველთვის გაწონასწორებულ კაცი იყო, ახლა კი მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ერთი შეხედვით, აშკარად დეპრესია აქვს.ალექსანდრე კობაიძე
სამდღიანი ძებნის შემდეგ, რამაზ გერლიანს 22 დეკემბერს სამართალდამცავებმა მიაგნეს და დაკითხეს კიდეც. როგორც თავად განაცხადა, ის ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით მოძრაობდა. ჟურნალისტების კითხვებზე, თუ რა გახდა მისი გაუჩინარების მიზეზი, უპასუხა, რომ თავს პატივაყრილად გრძნობდა, გოგნიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საკუთარ სახლში მოტყუებით დაკითხვაც კი მოუწყო.
„ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ჩემი ნებით ვიყავი წასული“, - თქვა მან პირველ ინტერვიუში, გამოჩენის შემდეგ. გერლიანს არც ის დაუმალავს, რომ „სიკვდილთან შეხვედრა“ ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ პოლიციამ მიუსწრო.
„რამაზი ყოველთვის გაწონასწორებულ კაცი იყო, ახლა კი მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა, ერთი შეხედვით, აშკარად დეპრესია აქვს. ვვარაუდობთ, რომ ძალიან სტრესულ მდგომარეობაში იყო ამ დღეებში, ახლა ერთ-ერთ ახლობელთან არის“, - ამბობს მისი ადვოკატი.
რამაზ გერლიანი, მისი ადვოკატი და ახლობლები ითხოვენ, რომ პოლიციამ გამოიძიოს, რამ მიიყვანა იგი ამ მდგომარეობამდე. განცხადება გოგნიაშვილის მხრიდან ზეწოლის შესახებ მთავარ პროკურატურაში, გენინსპენქციაში და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში თავად რამაზ გერლიანმაც შეიტანა. ადვოკატი ამბობს, რომ მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და საქმე წინ არ წასულა.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში აცხადებენ, რომ რამაზ გერლიანს გამომძიებელი 6 დეკემბერს გაესაუბრა. მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში დაასკვნეს, რომ აღნიშნული საქმე არა მათი, არამედ შსს-ს პრეროგატივა იყო, რადგან ის შსს-ს თანამშრომლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაძლო ფაქტს ეხებოდა. ინფორმაცია შესაბამის წერილთან ერთად, სახელმწიფო ინპექტორის აპარატიდან შსს-ს გენერალურ ინსპექციაში გადაიგზავნა.
რა ბედი ეწია ამ საქმეს უკვე შს სამინისტროში უცნობია, უწყება დეტალებზე არ საუბრობს.