საქართველოში "ომიკრონის" 24 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის "ომიკრონის" შტამის 24 შემთხვევა დასტურდება. ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მიაწოდა მედიას.

მისი თქმით, ყველა დადასტურებული შემთხვევა თავდაპირველად საქართველოში აღმოჩენილი ორი შემთხვევის კონტაქტია. მათი დიდი ნაწილი სრულად ვაქცინირებული იყო.

ასევე ნახეთ საქართველოში "ომიკრონის" ორი შემთხვევა დაფიქსირდა

პირველი ორი შემთხვევა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 18 დეკემბერს დაადასტურა, თუმცა მედიას ინფორმაცია 20 დეკემებერს მიაწოდა. ინფიცირებული ქალი 24 წლის არის, კაცი კი 26-ის. ერთი აშშ-ში მოგზაურობდა, მეორე კი დუბაიში.

"მათ ჰქონდათ ბევრი კონტაქტები და ამ კონტაქტების კვლევიდან დავადასტურეთ 22. ამ 22 შემთხვევიდან არის ზოგი კონტაქტი და ზოგი დამოუკიდებელი შემთხვევა. 9 შემთხვევა შემოსულია დუბაიდან ერთი თვითმფრინავით, 1 შემთხვევა - ბუდაპეშტიდან, 1 - ლონდონიდან, 2 - თურქეთის გავლით აფრიკის ქვეყნებიდან, 1 - აშშ-დან... არცერთს არ დასჭირებიათ ჰოსპიტალიზება, არიან სახლში დაკვირვების ქვეშ. ამათ 53 კონტაქტს ვიკვლევთ დღეს", - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ასევე ნახეთ „ომიკრონი“ საქართველოშია - ახლა რა ვქნათ?

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 916 477 შემთხვევა. მათგან 869 411 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 13 221 ადამიანი.