ბიჭი ნინოწმინდის პანსიონიდან

22 დეკემბერს სახალხო დამცველმა ნინოწმინდის პანსიონის შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა. პანსიონის ბავშვების მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის, ცემის ფაქტების, დასჯის სასტიკი მეთოდების ამბები, ანუ ის, რაც 2021 წლის ივნისიდან მოყოლებული რამდენიმე კვირის განმავლობაში ისმოდა მედიის, ბავშვთა უფლებადამცველების, პანსიონატის ყოფილი აღსაზრდელების და თავად პანსიონატის ბენეფიციარებისგან, სახალხო დამცველის ანგარიშმა გააერთიანა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ „დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს“.

ეს კი ნინოწმინდის პანსიონის კიდევ ერთი ყოფილი აღსაზრდელის, 18 წლის ბიჭის ამბავია, რომელმაც პანსიონი ნინოწმინდის ცნობილ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა, მაგრამ იქ გატარებულ წლებზე დღესაც უჭირს საუბარი. ის თავისი ვინაობის ღიად დასახელებას მოერიდა, თუმცა მის ამბავს უცვლელად გიყვებით.

სახლში დაბრუნება

13 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ დედას სახლში მივყავდი.

როგორ გამიხარდა, არ იცი. ბოლოს და ბოლოს ოჯახთან და დედასთან ერთად ვიქნებოდი. მაგრამ თან, პანსიონიდან წამოსვლის წინ, თითქოს, გულიც მწყდებოდა, რადგან იქ მეგობრებს ვტოვებდი. მაინც, ხომ გესმით, იმდენი წელი ვიცხოვრეთ ერთად. იქ ყოფნას ვიყავი მიჩვეული. მაგრამ თან ვფიქრობდი, რომ თავს დავაღწევდი იმ დღეებს, რომლის გახსენებაც ახლა არ მინდა.

საშინელი დღეები იყო. ზაფხულში რომ გამოდიოდნენ იქიდან და ღიად ყვებოდნენ ამ ამბებს, იგივეს განვიცდიდი, რასაც იქ ყოფნის დროს. ეგრევე ცოცხლდება ყველაფერი და თურმე არც მომინელებია. ზოგი რომ ამბობს, არაფერი ეგეთ არ ყოფილაო... შეიძლება მათ ჯგუფში ცუდი მართლა არაფერი ხდებოდა, ღმერთმა კაი დღეები აჩუქოს ყველას. აბა, სხვის ჯგუფში შემოეხედათ და დაენახათ, რა დღეში ვარდებოდნენ ბავშვები. მაგრამ ეგ ეგრეა - რადგან მათთან არ ხდებოდა, ალბათ, ეგონათ, რომ არც სხვას აწუხებდა არაფერი.

ამიტომ მწყინს ხოლმე, როცა ჩვენზე ამბობენ, რა უმადურები არიან, მეუფემ არაფერი მოაკლო და როგორ ლაპარაკობენო. მეუფეს არც ვემტერებოდით.

ჩვენ აღმზრდელების დასჯა გვინდოდა. მართლა საშინლად გვექცეოდნენ და იმიტომ! და დღეს თუ ვინმე რამეს ვამბობთ, გარეთ გამოსულები, იქ რა ხდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვინდა, იქ მისულმა ახალმა ბავშვებმა იგივე გადაიტანონ, რაც ჩვენ. იქნებ სხვა პანსიონებშიც იგივე ხდება? არც ვიცით.

ნინოწმინდაში რომ მიმიყვანეს, სულ პატარა ვიყავი, ჩვილი. დედას ძალიან უჭირდა. ოჯახში არ გვქონდა პირობები, რომ აღვეზარდეთ და ამიტომ მიგვაბარა ოთხივე და-ძმა ნინოწმინდის პანსიონს. ორი და ვართ და ორი ძმა. იქ გავიზარდეთ. მე ყველაზე უმცროსი ვარ. ჩემი უფროსი და უკვე 22 წლისაა.

პანსიონის პირველი დღე მახსოვს, პატარები ვიყავით. ალბათ, ვცელქობდით რაღაცას და მასწავლებელმა დაბნელებულ აბანოში გამომკეტა, თმის სარჭი მომიჭირა ენაზე და ყურზე. ხუთი წლის ვიქნებოდი? კარგად არ მახსოვს. სულ მაგაზე მეფიქრება ხოლმე, ისეთი რა უნდა დამეშავებინა? მაგრამ თუ ბოდიშს მოიხდიდი, მერე გაგიშვებდნენ.

ჩვენ ვგრძნობდით, რომ მასწავლებლები არ იყვნენ ჩვენ მიმართ ისე განწყობილი, როგორც უნდა იყო ბავშვის მიმართ, როცა ის პატარაა და მარტოა.

სულ ის შეგრძნება გვქონდა, რომ ვღლიდით, ვერ გვიტანდნენ.

სხვა რა უნდა გვეფიქრა ბავშვებს მათი ქცევის მიხედვით - სულ გვიტრიალებდა თავში, მე ამ ქალს არ ვუყვარვარ. არ მოვწონვარ.

სითბოს ძალიან იშვიათად ვგრძნობდით. შეიძლება ხანდახან, რამე დღესასწაულზე. იქ მყოფ ბავშვებს კი ეგ ყველაზე მეტად გვინდოდა, სიყვარული.

სანამ სკოლაში შევიდოდით, არსად გავდიოდით, მარტო პანსიონის შენობა და ეზო. მერე ამას დაემატა სკოლა, ოღონდ იქედანაც პანსიონის შენობაში ვბრუნდებოდით. სადმე გადახვევა არ შეიძლებოდა. ჩვენს მოპირდაპირე მხარეს, სომხების ეზოს ეძახდნენ, სომხების სკოლა იყო იქ და მათ ჰქონდათ დიდი მოედანი. დანიშნულ დროს მანდაც გავდიოდით ხოლმე სათამაშოდ. ნინოწმინდის გარეთ არასოდეს ვყოფილვართ... არა, გამახსენდა - ერთხელ წავედით სკოლიდან ექსკურსიაზე, ვარძიაში.

რაზე ვოცნებობდი? მხოლოდ იმაზე, რომ თბილად მოგვქცეოდნენ და რამე არ ეტკინათ ჩვენთვის, არ დავეზიანებინეთ. სხვაზე მგონი, არაფერზე ან არ მახსოვს. დანარჩენი, თითქოს ყველაფერი გვქონდა, რაც ბავშვს უნდა ჰქონდეს, მარტო სიყვარულს ვნატრობდით.

დასჯაზე...შიმშილობა მახსენდება ყველაზე ცუდად. საჭმელს გამოგვატოვებინებდნენ ხოლმე. შემოიტანდნენ ხოლმე „ფოდნოსით“ რამეს, მაგიდაზე დადებდნენ დიდ ოთახში, სადაც ტელევიზორს ვუყურებდით, წინ სკამებს შემოგვიწყობდნენ, რომ იქით არ გავსულიყავით და გვაყურებინებდნენ შორიდან, ტკბილეული იქნებოდა, თუ რაც იქნებოდა. ტელევიზორს ვიღა უყურებდა. მოგვიანებით მოგვცემდნენ ხოლმე. ესეც დასჯის მიზნით ხდებოდა - ვიღაცამ არ დაიძინა ან ვიღაცამ გააბრაზათ და ყველა ვისჯებოდით.

კიდევ იყო ხოლმე ლოგინის ფიცრით, კეტით გალახვა. ფეხებში ჩარტყმა ან ზურგზე გადარტყმა. ერთს, მახსოვს, თავიც გაუტეხეს. ქოშით გამოკიდებაც ჩვეულებრივი ამბავი იყო. წინააღმდეგობას დიდად ვერ ვუწევდით, მერე უარესი მოხდებოდა და გვეშინოდა.

ერთმა ბავშვმა ერთხელ ყვირილი რომ დაიწყო საშველად, პირზე ააფარეს ხელი და აბანოში შეაგდეს. ეს ხდებოდა ხოლმე ყველას თვალწინ. რაღას გაბედავდი.

მაგრამ ბოლოს კი ამოვიღეთ ხმა.

ზედამხედველი იყო შემოსული ერთხელ. ერთი დღით ადრე, ნაცემი ბავშვი, რომელსაც სისხლი მოსდიოდა, დერეფანში გავარდა და ყვირილი დაიწყო, წამიყვანეთ აქედან, აღარ მინდა აქ ყოფნაო და ზედამხედველიც მაგ ამბის გასარკვევად მოვიდა.

სამზარეულოში ვიყავით მასთან ერთად მარტოები. გვკითხა, რა ხდება აქ ბავშვებოო. რატო ხართ დაშინებული, სათითაოდ მითხარითო. თუ ხმამაღლა არ შეგიძლიათ, ყურში მითხარითო. ზოგმა თანხმობა თქვა და ილაპარაკა, ზოგმა უარი. მე ვუთხარი, აქ ასე და ასე გვექცევიან-მეთქი. მერე მასწავლებლებიც გამოჰკითხა. და როცა მასწავლებლებმა გაიგეს, რომ ვილაპარაკეთ, თქვენი შპიონები ყოფილხართო, გვითხრეს და მაგის მერე, დასჯის მიზნით, ადრე გვაძინებდნენ. მაგრამ ზედამხედველის ჩარევის მერე ისინი სამსახურიდან მალევე გაუშვეს.

მეუფემაც იცოდა ეს ამბები. და მგონი, რამდენჯერაც მივიდა ეს მის ყურამდე იმდენჯერ გაათავისუფლეს აღმზრდელები.

ასევე ნახეთ გალავანს მიღმა - რა ხდება რელიგიური კონფესიების ბავშვთა თავშესაფრებში?

ახლა სულ ვფიქრობ, ბავშვები ვიყავით, ხან ვიხმაურებდით, ხან შეიძლება გვეჩხუბა. მაგრამ მათ სწორედ ეს აღიზიანებდათ - ბავშვი უნდა ყოფილიყო ჩუმად, გაუნძრევლად, არც ეტირა არც ეყვირა. მართლა ასეთი პატარა რამის გამო იყო ხოლმე ამხელა სასჯელი. მომხდარა, რომ სამზარეულოდან აუღია ბავშვს რაღაც და შეუჭამია - ამისთვის მასაც დასჯიდნენ და დანარჩენებსაც.

ძირითადად სუპს, ბორშს, მსგავს საჭმელებს გვაჭმევდნენ. კატლეტი, თევზი, ქათამი და ეგეთები იშვიათად, მაგრამ იყო ხოლმე. დილით იყო ჩაი და პური. მერე ეს სუპი, იყო კიდევ სამხარი - რაიმე ტკბილეულით და ვახშმად ისევ ჩაი და პური.

დღესასწაულზე გვქონდა ხოლმე უფრო გემრიელი რამეები. დაბადების დღე თუ გვქონდა ხოლმე, რაღაც საჩუქარს გვჩუქნიდნენ. მეც მიმიღია საჩუქარი.

კარგი რა მახსენდება? კარგი, კარგი, კარგი... რა იყო ნეტა? ამჯერად არ მახსენდება არაფერი.

მერე დედამ წამომიყვანა.

თავიდან სოფელში გადმოვედით. ის ზაფხული კარგი იყო. მაგრამ მერე დაიწყო სწავლა და უცებ ვიგრძენი, რომ ის ადამიანები მაკლდა, ვინც წლები ჩემს გვერდით იყვნენ. ახალ ადგილას ყველაფერი სხვანაირი იყო. ახალი ხალხი, ახალი წესები, მე ეს ყველაფერი არ ვიცოდი და ძალიან გამიჭირდა შეგუება.

Your browser doesn’t support HTML5

ნინოწმინდის შემდეგ - ნანას ახალი ცხოვრება

მერე სოფლიდან ზესტაფონში გადმოვედით. აქ ხომ საერთოდ, კიდევ ახალი გარემო დამხვდა. უბრალოდ მართლა არ ვიცოდი, როგორ უნდა მეცხოვრა და ნაწილობრივ, ახლაც ასე ვარ.

ვფიქრობდი პანსიონში დავბრუნდები-მეთქი, ვიჯექი და ვტიროდი, ნეტა ჩემს კლასელებთან ვიყო-მეთქი. ამ ახალი ადამიანების არ მესმოდა.

ზესტაფონის სკოლაში 9 კლასამდე ვისწავლე. ძალიან მიჭირდა, ვერ ვსწავლობდი. ძლივს დავამთავრე ეს ცხრა კლასი და დავიწყე სამსახურის ძებნა. ისიც ვიფიქრე, რამე პროფესიულ სასწავლებელში შევალ-მეთქი, მაგრამ არც მაგის საშუალება მქონდა.

ხარჯებს ვერაფრით დავფარავდი. ოჯახებში დავდიოდი, ან არხს გავუყვანდი, ან ბალახს მოვუთიბავდი, დავუბარავდი დ ა.შ. ეს იყო ჩემი შემოსავალი.

ივნისის მერე ქარხანაში ვმუშაობ. ჯერ გამწვანებაში ვიყავი, ახლა ვარ შემგუნდავებელი. სკოლის მერე გავიგე, რომ აქ არსებობდა დღის ცენტრი, „ცხოვრების მეგზური“ და იქ დავდიოდი. იქ ვისწავლე ქსოვა, ჭრა-კერვა, ქარგვა, თექვა. ძალიან თბილი მასწავლებელი გვყავდა. ინგლისურსაც ვსწავლობდი, მაგრამ მუშაობა რადგან დავიწყე, გამიწყდა.

მაგრამ ზუსტად ვიცი და მინდა, რომ დიზაინერი გამოვიდე. როგორმე უნდა მაგ პროფესიას დავეუფლო. მაგრამ ჯერ არ ვიცი, როგორ.

სწავლა თბილისში ხარჯებთან რომ არის დაკავშირებული, არ ვიცი ჯერ როგორ მოვახერხო. ხომ უნდა ჭამო, სადმე იცხოვრო, ტანსაცმელი გინდა..აქ ნაქირავებში ვართ და მაგის ქირას ცალკე ვიხდით. კიდევ კომუნალურები. ჯერ ვერ ვწვდები ყველაფერს.

ასევე ნახეთ მაია ცირამუა: ფრთხილად! სპონტანური ნაბიჯები ამ ბავშვებს კიდევ უფრო დააზიანებს

ჩემი ხელფასის ნაწილი ოჯახისაა, ნაწილი ჩემი. ჩემი ძმაც მუშაობს და ასე გაგვაქვს თავი. ბათუმში მინდა გადასვლა, მითხრეს, იქ უფრო კარგი სამუშაოაო და თუ გამომივა...

გარეთ ყველაზე მეტად ადამიანებთან ურთიერთობა გამიჭირდა. საერთოდ არაფერი ვიცოდი ჩვეულებრივი ცხოვრების.

იმ დღეებს ხშირად არ ვიხსენებ, თითქოს არც ვყოფილვარ პანსიონში. მაგრამ თუ მაინც გამეფიქრება, ისევ თავიდან მახსენდება ის ჯოჯოხეთი.

ახლა რამენაირად უნდა მივაღწიო, რომ საკუთარი საცხოვრებელი გვქონდეს, სადაც შეხვალ, იცხოვრებ და არ იფიქრებ, რომ ქირა უნდა გადაიხადო. მაინც სულ ამაზე მეფიქრება. ეგ და მეორე, რაც ვთქვი, დიზაინერი რომ გამოვიდე და აღარ მომიწიოს მთელი ცხოვრება ბინიდან ბინაში გადასვლა.

მაგას რომ მივაღწიო, რა მჭირდება? რა ჩამოთვლის. ყველაფერი. სწავლა... მაგრამ ჯერ 18 წლის ვარ და იქნებ შევძლო? ძალიან მინდა შევძლო. რამენაირად.

იმედია, გამომივა.

PS: ნინოწმინდიდან წამოსულ აღსაზრდელებთან თვეებია მუშაობენ კავშირ "საფარის" სოცმუშაკები. მათი სწავლის და სხვა საჭიროებების დასაფარად თანხაც რამდენჯერმე შეგროვდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება, რადგან ამ ბავშვებისთვის, რომლებმაც წლები გაატარეს გალავანს მიღმა, პანსიონის შემდეგ ცხოვრება არ აღმოჩნდა მარტივი. მათ ყველაფერი სასწავლი აქვთ, რომ დამოუკიდებლად შეძლონ მათთვის უცხო გარემოში ცხოვრების თავიდან დაწყება.