ჯეიკ სალივანი: აშშ მზად არის რუსეთთან რამდენიმე არხით აწარმოოს დიალოგი

ჯეიკ სალივანი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი

ვაშინგტონი მზად არის მოსკოვთან მოლაპარაკებისათვის მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო, მაგრამ მანამდე რუსეთმა უნდა მოხსნას დასავლეთთან არსებული დაძაბულობა, რაც უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების კონცენტრაციით არის გამოწვეული.

ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა ჯეკ სალივანმა 20 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

საუბრის დროს სალივანმა რუს კოლეგას უთხრა, რომ აშშ მზად არის რუსეთთან გამართოს დიალოგი რამდენიმე არხის საშუალებით. კერძოდ, პირდაპირი ორმხრივი დიალოგის გარდა, შესაძლოა მოლაპარაკების გამართვა ნატო-რუსეთის საბჭოს და ეუთოს ფორმატებში. ამასთან, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება ევროპაში ვაშინგტონის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციით უნდა გაიმართოს. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯენ საკის თანახმად, ეს ბოლო განცხადება თანხვედრაშია აშშ-ის პოზიციასთან, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს კონტაქტებს როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან და ევროპელ მოკავშირეებთან.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ბოლო დროს საგრძნობლად დაიძაბა მოსკოვის მიერ უკრაინის საზღვართან 100 ათასი ჯარისკაცის გადასროლასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების გამო.

წინა კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა თავისი წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლის განხილვაც მოსკოვს აშშ-სთან სურს. მოსკოვი იმედოვნებს გარანტიის მიღებას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ, ალიანსი უარს იტყვის თავის რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანებაზე და ასევე შეიზღუდება სამხედრო თანამშრომლობა უკრაინასთან და საქართველოსთან.

18 დეკემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აშშ და ევროპა ზომებს ამზადებენ რუსეთის დასასჯელად, თუკი კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს თავისი მცირე მეზობლის წინააღმდეგ.

როგორც აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება იანვრის ბოლოს შეიჭრნენ. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრაში.

რუსეთმა ადრე უკვე განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. 2014 წელს მან დაიკავა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსირება მოახდინა. ამავე პერიოდიდან ის დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.