სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ნატოში „საქართველოს ძალით შეყვანას“ ცდილობენ

დიმიტრი მედოევი, სერგეი ლავროვი და ინალ არძინბა

რუსეთი ნატოს შემდგომ გაფართოებას განიხილავს, როგორც „წითელი ხაზის“ გადაკვეთას, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 21 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. წინა დღით ლავროვი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს, დიმიტრი მედოევსა და ინალ არძინბას შეხვდა.

პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვს ჟურნალისტმა ჰკითხა, განიხილეს თუ არა ამ სამმხრივ შეხვედრაზე ერთობლივი საპასუხო ზომები ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრიანების შემთხვევაში.

„ჩვენ არ განგვიხილავს ჰიპოთეტური, მათ შორის მისი მოსახლეობის დიდი ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ძალით შეყვანასთან დაკავშირებული, სცენარები“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

2008 წელს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც დასმული იყო შეკითხვა - „უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“? რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 1982 318-მა ადამიანმა, რომელთაგან 77%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას.

ნატოში საქართველოს გაწევრიანების დიდ მხარდაჭერაზე საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებიც ცხადყოფენ. მიმდინარე წლის აგვისტოში, გამოკითხულთა 74%-მა განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული მიზანი ნატოში გაწევრიანებისკენ, 11%-მა - თქვა „არა“, ხოლო - 14%-მა „არ იცის“ პასუხი ამ შეკითხვაზე.

წინა კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა თავისი წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლის განხილვაც მოსკოვს აშშ-სთან სურს. მოსკოვი იმედოვნებს გარანტიის მიღებას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ, ალიანსი უარს იტყვის თავის რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანებაზე და ასევე შეიზღუდება სამხედრო თანამშრომლობა უკრაინასთან და საქართველოსთან.

ასევე ნახეთ რუსეთი აშშ-ს მოუწოდებს, არ დაუშვას ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღება

18 დეკემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აშშ და ევროპა ზომებს ამზადებენ რუსეთის დასასჯელად, თუკი კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს თავისი მცირე მეზობლის წინააღმდეგ.