პუტინი ევროპაში დაძაბულობის შექმნაში დასავლეთს ადანაშაულებს და "ადეკვატური“ ზომებით იმუქრება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლის დროს ვრცლად ისაუბრა რუსეთის არმიის წინაშე 2022 წელს მდგარ ამოცანებზე, რუსეთის უსაფრთხოების გამოწვევებზე და დასავლეთი დაადანაშაულა ევროპაში ამჟამინდელი დაძაბულობის ზრდისთვის.

„დასავლელი კოლეგების მიერ აშკარად აგრესიული ხაზის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს“, - განაცხადა პუტინმა მის პირველ საჯარო გამოსვლაზე მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-სგან და ნატოსგან უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. პუტინმა სამხედრო სარდლობას უთხრა, რომ ნატო აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაშლას რუსეთის საზღვრებთან. გარდა ამისა, რუსეთის ლიდერი ისტორიასაც გადასწვდა და აშშ და მისი მოკავშირეები 1990-იან წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერების დახმარებაში დაადანაშაულა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თავის გამოსვლაში რუსეთის საფრთხე უწოდა ნატოს ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობას უკრაინასთან და აღნიშნა, რომ დონბასის კონფლიქტის ზონაში იმყოფება რომელიღაც ამერიკული კერძო სამხედრო კომპანიის 130 მებრძოლი, რომლებიც, შოიგუს თქმით, „ქიმიური კომპონენტებით“ პროვოკაციას ამზადებენ.

წინა კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა თავისი წინადადებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლის განხილვაც მოსკოვს აშშ-სთან სურს. მოსკოვი იმედოვნებს გარანტიის მიღებას, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ, ალიანსი უარს იტყვის თავის რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანებაზე და ასევე შეიზღუდება სამხედრო თანამშრომლობა უკრაინასთან და საქართველოსთან.

ასევე ნახეთ

აშშ-ის პასუხი რუსეთის შეთავაზებაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 20 დეკემბერს

18 დეკემბერს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელემ „მიუღებელი“ უწოდა რუსეთის მიერ შემუშავებულ რუსეთ-აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების პროექტების მთელ რიგ დებულებებს, რომლითაც რუსეთი ცდილობს ძირფესვიანად შეცვალოს ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. ამასთან, ანონიმმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ დოკუმენტების ცალკეული ასპექტები, რომლებიც ბირთვულ განიარაღებას შეეხება, „განხილვას“ იმსახურებს.

აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა 17 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ აშშ და ევროპა ზომებს ამზადებენ რუსეთის დასასჯელად, თუკი კრემლი სამხედრო ძალას გამოიყენებს თავისი მცირე მეზობლის წინააღმდეგ.

როგორც აცხადებენ, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები შეიძლება იანვრის ბოლოს შეიჭრნენ. კიევი მოსკოვს ბრალს სდებს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 90 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურის თავმოყრაში.

რუსეთმა ადრე უკვე განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია. 2014 წელს მან დაიკავა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული და მისი ანექსირება მოახდინა. ამავე პერიოდიდან ის დახმარებას უწევს სეპარატისტებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს დღემდე 13200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.