პარლამენტში დახურულ კარს მიღმა უსმენენ რუსეთთან ურთიერთობის, ჟენევის და პრაღის ფორმატების მონაწილეებს

ზურაბ აბაშიძე და ლაშა დარსალია

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დახურულ სხდომაზე უსმენენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ლაშა დარსალიას, რომელიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ხელმძღვანელობს სამთავრობო დელეგაციას და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს.

სხდომის დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე, ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ჟენევის ფორმატის მიზანია ცეცხლის შეწყვეტის 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, თუმცა, დღევანდელი რეალობა ის არის, რომ შესრულებულია ერთადერთი პუნქტი, რომელიც საქართველოს ვალდებულებებს ეხება, რუსეთი კი, ისევ მაქსიმალურად ცდილობს თავი აარიდოს შეთანხმების შესრულებას:

„უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, მაქსიმალურად არის მცდელობა ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესში, რომ არათუ შესრულებაზე ვისაუბროთ, არამედ საერთოდ, განხილვაც კი, ხშირ შემთხვევაში, იყოს ასე ვთქვათ, დახუნძლული მოლაპარაკებათა პროცესის სხვადასხვა საკითხით, რომელიც პირდაპირ შეიძლება არც კი იყოს ნაწილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების“. რა საკითხებია ეს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს საკომიტეტო მოსმენის დახურული ფორმატით გაგრძელებამდე არ უთქვამს.

ასევე ნახეთ რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმები ისევ უარს ამბობენ დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვაზე

ლაშა დარსალიას განცხადებითვე, რუსეთი ცდილობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული მძიმე ვითარება გამოიყენოს ზეწოლის ინსტრუმენტად, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს:

„ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, იქ არსებული ვითარება რეალურად კიდევ უფრო დამძიმებულია მიზანმიმართული პოლიტიკის მიერ, რომლის მიზანიც არის ჰუმანიტარული საკითხებით და ადამიანის უფლებათა თემატიკით ვაჭრობა გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი ზეწოლა, როგორც უშუალოდ მოლაპარაკებათა პროცესებში, ასევე, მთლიანად საქართველოს ხელისუფლებაზე, რაც კიდევ უფრო ართულებს კონკრეტული ამოცანების მიღწევას“.

დარსალიამ საქართველოზე ზეწოლის გაძლიერების მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილი უწოდა ე.წ. ბორდერიზაციას, მოქალაქეთა უკანონოდ დაკავებას და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, პრაქტიკულად, არიან მძევლები და მათ პოლიტიკური ამოცანების მისაღწევად იყენებენ.

ასევე ნახეთ რა საფრთხის წინაშე დგას საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე
ასევე ნახეთ გალში მცხოვრებ 5 ათასამდე ადამიანს ახალი საბუთის აღება მოუწევს 
ასევე ნახეთ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალები მავთულხლართებს ღამით ამონტაჟებენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომის დახურული რეჟიმით გაგრძელებამდე, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ილაპარაკა „პრაღის ფორმატით“ რუსეთთან არაფორმალური დიალოგის შედეგებზე. 2012 წლიდან ამ ფორმატით განიხილება ვაჭრობის, სატრანსპორტო კავშირების და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები.

აბაშიძემ ერთ-ერთ შედეგად დაასახელა რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის აღდგენა. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, 2012-2020 წლებში რუსეთის ბაზარზე გავიდა 2.5 მილიარდი აშშ დოლარის პროდუქცია, 2021 წლის ათი თვის მონაცემებით კი, წინა წელთან შედარებით, 22%-ით გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა.

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული მაღალი ტემპერატურის გარკვეული დოზით შემცირება და ორივე მხარისათვის მისაღებ საკითხებზე დიალოგის წარმოება, ჩვენი აზრით, იყო ხელშემწყობი ფაქტორი ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა“, - განაცხადა აბაშიძემ. მისივე თქმით, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის შესახებ საქართველოს მუდმივი კონსულტაციები აქვს დასავლელ პარტნიორებთან - აშშ-ის და ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ხდება მათი ინფორმირება:

„ჩვენ თავიდანვე ხაზს ვუსვამდით იმას, რომ სავაჭრო-სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში წინგადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, არ უნდა შეიქმნას ილუზიები და გადაჭარბებული მოლოდინები ამ ფორმატთან დაკავშირებით“.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა 2008 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე რუსეთმა აღიარა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებლობა.