უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი

პეტრო პოროშენკო

უკრაინის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ეჭვმიტანილია სახელმწიფოს ღალატსა და ტერორიზმის ხელის შეწყობაში. მის წინააღმდეგ აღძრულია საქმე დონბასელი სეპარატისტებისგან ქვანახშირის შეძენის გამო.

თავდაპირველად სააგენტო „უნიანი“ პოროშენკოს სახელმწიფო ღალატის საქმესთან კავშირზე უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივან ალექსანდრ ტურჩინოვზე დაყრდნობით წერდა. ამჯერად კი სააგენტო ეყრდნობა „სამართალდამცველი ორგანოს ანონიმ წყაროს“. თავად პოროშენკო ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და როგორც წერენ, მას ფოსტით უკვე აცნობეს ამ საქმის შესახებ,

უკრაინის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რესპუბლიკებიდან ქვანახშირის მიწოდების საქმეზე უკვე წარუდგინეს ბრალი პრორუსული ძალის - „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს წევრ ვიქტორ მედვედჩუკს.

გამოძიების ვერსიით, მას შემდეგ, რაც კიევმა დაკარგა კონტროლი დასავლეთ დონბასში მდებარე ქვანახშირის საბადოებზე, უკრაინა ქვანახშირის მწვავე ნაკლებობას განიცდიდა და მზად იყო ის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისგან შეეძინა. მაგრამ მედვედჩუკმა შეძლო ამ წამოწყების ჩაგდება, რათა ქვანახშირი სეპარატისტებისგან შეეძინა. ამასთან, იგი იშველიებდა ხელისუფლების მფარველობას და გარიგებაში შევიდა „ქვეყნის უმაღლეს პირებთან“, - ამტკიცებს უკრაინის უშიშროების სამსახური.

8 ოქტომბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ივან ბაკანოვმა განაცხადა, რომ სპეცსამსახური შეისწავლიდა მედვედჩუკისა და პოროშენკოს შესაძლო კავშირებს. ორივე პოლიტიკოსი უარყოფს მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

მანამდე, პარასკევს, უკრაინის საგამოძიებო ბიურომ ვერ მოახერხა გადაეცა პოროშენკოსთვის დაკითხვაზე მოსაწვევი. ტურჩინოვმა, რომელიც პოროშენკოს პარტიის, „ევროპული სოლიდარობის“ ცენტრალურ შტაბს ხელმძღვანელობს, ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოროშენკო დაკითხვაზე მივა, როცა სამშობლოში დაბრუნდება.