უკრაინის საკონსულო გერმანიაში დაკავებულ გენერალ გიორგი კალანდაძის დაცვის საქმეში ერთვება

გერმანიაში დაკავებულ გენერალ გიორგი კალანდაძეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იყო, უკრაინის მოქალაქეობა აქვს და მისი საქმით უკვე დაკავდა უკრაინის საკონსულო.

ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ ოლეგ ნიკოლენკოზე დაყრდნობით იუწყება.

„უკრაინის საელჩო გერმანიაში ინფორმირებულია უკრაინის მოქალაქე გიორგი კალანდაძის აეროპორტ ბერლინ-ბრანდენბურგში 19 დეკემბერს დაკავების შესახებ. უკრაინელი კონსულები უკვე იმყოფებიან კავშირში გერმანიის სამართალდამცველებთან უკრაინის მოქალაქის დაკავების გამო და მისთვის საკონსულო დახმარების აღმოსაჩენად“, - განაცხადა ნიკოლენკომ.
გარდა ამისა, კალანდაძის დაცვის საქმეში მისი იურისტიც ჩაერთო.

გენერალმა კალანდაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2019 წლის 20 დეკემბერს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით მიიღო. გიორგი კალანდაძეზე საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს ძებნა აქვთ გამოცხადებული. იგი ბერლინის აეროპორტში 19 დეკემბერს დააკავეს. გენერალმა კალანდაძემ საქართველო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს დატოვა. იგი ძირითადად ცხოვრობდა უკრაინაში, სადაც მუშაობდა ინსტრუქტორად და ხელმძღვანელობდა ცალკეული სამხედრო დანაყოფების მომზადებას.

2014 წელს, როდესაც კალანდაძე უკრაინაში იმყოფებოდა, მას დაუსწრებლად საქართველოს მოქალაქე ელბერტ კობერიძის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და წამებაში მონაწილეობაში წაუყენეს ბრალი.

გენერალური პროკურატურის თანახმად, საქართველოში კალანდაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებებით, რაც 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.