როგორ მუშაობს შიდაპარტიული დემოკრატია გერმანიაში

ავტორი: არჩილ იაკობაშვილი

შიდაპარტიული დემოკრატიის ინსტიტუციური და პრაქტიკული ასპექტები გერმანიის „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ მაგალითზე:



გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შიდაპარტიული დემოკრატია წარმოადგენს როგორც საკონსტიტუციო ვალდებულებას (ფედერალური კონსტიტუციის 21-ე მუხლი), ისე - რეალურ სტრუქტურულ მახასიათებელს. შიდაპარტიული დემოკრატიის მიმართ მინიმალური მოთხოვნები და ამ მოთხოვნათა შესრულების პირობები განსაზღვრულია ე.წ „პარტიების კანონით“.

შიდაპარტიული დემოკრატიის კონკრეტული ფორმები, რომლებიც ბუნებრივად განსხვავებულია მოქმედ პარტიებს შორის, დამოკიდებულია როგორც გარე ფაქტორებზე (ფედერალური კანონმდებლობა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოთხოვნები), ასევე ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პარტიის ისტორია და მის წევრთა სტრუქტურა (სქესი, ასაკი, პროფესია, რელიგიური კუთვნილება და ა.შ.).

„დემოკრატია შეუძლებელია დემოკრატების გარეშე“, – 1949 წელს ასე გამოეხმაურა დასავლეთ გერმანიის პირველი ფედერალური კანცლერი კონრად ადენაუერი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ „გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის“ შექმნას აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე. აღნიშნული განცხადების საფუძველზე დასავლეთ გერმანიის პირველმა ფედერალურმა მთავრობამ ოფიციალურად უარი თქვა გერმანიის აღმოსავლეთში დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარებაზე, როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტზე, მიიჩნევდა რა მას ერთპარტიული დიქტატურის ტერიტორიულ წარმონაქმნად, რომელსაც საერთო არაფერი ექნებოდა „დემოკრატიული რესპუბლიკის“ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებთან.

კონრად ადენაუერი ითვლება გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის (შემდგომში, „CDU“, Christlich-demokratische Union) ერთ-ერთ დამფუძნებლად, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში დღემდე კოალიციური მმართველობის 51-წლიანი გამოცდილებით წამყვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს თანამედროვე გერმანიის ისტორიაში. CDU-ს შიდაპარტიული დემოკრატიის მთავარ ქვაკუთხედს და მახასიათებელს წარმოადგენს დეცენტრალიზაცია პოლიტიკური საკითხების განხილვის და მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლის ყოველდღიურ ცხოვრებაში განსახორციელებლად ფედერალურ დონეზე პარტიის მმართველობა ეფუძნება ჰორიზონტალურ სუბსიდიარიტეტს 15 სამხარეო ორგანიზაციას შორის.

ფედერალური გამგეობა, რომელიც CDU-ს მმართველი ორგანოა ყრილობებს შორის პერიოდში და რომელთა გამართვა სავალდებულოა ორ წელიწადში ერთხელ მაინც, შედგება თხუთმეტივე სამხარეო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან. თუმცა, მათთან ერთად, ფედერალური გამგეობის თემატურ სამუშაო ჯგუფებში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ბალანსის დაცვას როგორც რეგიონულ, ისე პროფესიულ და სხვა სახის წარმომადგენლობებს შორის.

ფედერალურ დონეზე CDU-ს ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს გენერალური სამდივნო, რომელიც, ფედერალური გამგეობისგან განსხვავებით, არ არის დაკავებული თემატური პოლიტიკური საკითხებით, არამედ ძირითადად პარტიის საორგანიზაციო-ფინანსური მართვითა და საერთაშორისო ურთიერთობებით.

პარტიის გენერალურ მდივანს, CDU-ს თავმჯდომარის წარდგინებით, რომელიც, თავის მხრივ, ფედერალური ყრილობის მიერ პირდაპირი წესით აირჩევა და ფედერალური გამგეობის თავმჯდომარის ფუნქციას სიმბოლურად ასრულებს, ირჩევს აგრეთვე ფედერალური ყრილობა. შესაბამისად, ფორმალურად, CDU-ს ლიდერია ფედერალური გამგეობის თავმჯდომარე, მაგრამ მთავარი მენეჯერია გენერალური მდივანი.

2021 წლის სექტემბრის ფედერალურ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რის გამოც CDU-მ ოპოზიციაში გადაინაცვლა, ფედერალური გამგეობა შიდაპარტიული დემოკრატიის გაღრმავების მიზნით განიხილავს 11 სამხარეო ორგანიზაციის ერთობლივ ინიციატივას იმის შესახებ, რომ ფედერალური თავმჯდომარე აირჩეს არა ყრილობის მიერ, არამედ პირდაპირი წესით - ისე, რომ CDU-ს ყველა წევრს ჰქონდეს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.

CDU-ს წესდება მკაცრად უზრუნველყოფს ყრილობაზე დელეგატების შერჩევას ყველა საოლქო და სამხარეო ორგანიზაციის, აგრეთვე სპეციალური დაჯგუფებების წარმომადგენელთათვის (პროფესიული და რელიგიური ჯგუფები, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციები).

CDU-გან განსხვავებით, სხვა გერმანული პარტიების პრაქტიკაში (მაგალითად, მწვანეთა პარტიასა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში) დაინერგა ე.წ. ორი ხელმძღვანელის მოდელი (Doppelspitze). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი უფრო წარმომადგენლობითი დემოკრატიის, ვიდრე პირდაპირი დემოკრატიის ელემენტებს შეიცავს, მაინც შიდაპარტიული დემოკრატიის მაღალი ხარისხით გამოირჩევიან და ფედერალური კანონმდებლობით განსაზღვრულ მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებენ პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესში პარტიის წევრთა ჩართულობასთან დაკავშირებით.

CDU-ს სამხარეო ორგანიზაციები შედგება საოლქო და საქალაქო ორგანიზაციებისგან, რომლებიც CDU-ს ფედერალური და სამხარეო მმართველობისგან სრული ავტონომიით სარგებლობენ ფინანსური რესურსების მოზიდვასა და განკარგვაში, ახალი წევრების რეკრუტირებაში, აგრეთვე სამხარეო და ადგილობრივი მნიშვნელობის პოლიტიკური საკითხების შემუშავებაში.

საოლქო და საქალაქო ორგანიზაციები (სულ 253) ქმნიან CDU-ს ბაზისს და „ქვემოდან ზემოთ დემოკრატიას“ უზრუნველყოფენ კომპეტენციების განაწილების, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის და ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალი დონით, რაც განპირობებულია აგრეთვე იმით, რომ სწორედ საოლქო და საქალაქო ორგანიზაციების ექსკლუზიური უფლებამოსილებაა კანდიდატების შერჩევა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ სამხარეო, ფედერალური და ევროპარლამენტის არჩევნებისთვის.

მაგალითად, ფედერალურ არჩევნებში ჰესენის მხარე დაყოფილია 22 საარჩევნო ოლქად. შესაბამისად, ჰესენის სამხარეო ორგანიზაციაში CDU-ს საქალაქო და საოლქო ორგანიზაციების საზღვრები ემთხვევა საარჩევნო ოლქების საზღვრებს. თითოეული საქალაქო ან საოლქო ორგანიზაცია შიდა პრაიმერის გზით ირჩევს მაჟორიტარობის კანდიდატს.

იმის გამო, რომ გერმანიაში ფედერალური არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება, სამხარეო ორგანიზაცია ფედერალურ არჩევნებში წარმოდგენილია არა მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატებით, არამედ საარჩევნო სიით, თუმცა ამ სიაში CDU-ს შიდა დებულების მიხედვით შედიან მხოლოდ საოლქო და საქალაქო ორგანიზაციების მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები. გამოდის, რომ შიდაპარტიული დემოკრატიის კუთხით დაცულია CDU-ს აბსოლუტურად ყველა წევრის უფლება, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო სიის შედგენის პროცესში როგორც ფედერალური არჩევნებისთვის, ისე ადგილობრივი, სამხარეო და ევროპარლამენტის არჩევნებისთვის.

შიდაპარტიული დემოკრატიის კუთხით აგრეთვე მნიშვნელოვანია, თუ რა პრინციპით ნაწილდება საარჩევნო სიაში ადგილები კანდიდატებს შორის. ჰესენის სამხარეო ორგანიზაციის შიდა დებულების მიხედვით, საარჩევნო სიაში ადგილების განაწილება ხდება არჩევნების დასრულების შემდეგ იმ შედეგების მიხედვით, რომელსაც თითოეული კანდიდატი მიაღწევს თავის სამაჟორიტარო ოლქში. აღნიშნული მეთოდით სამხარეო დონეზე, ერთი მხრივ, დაცულია შიდაპარტიული კონკურენციისთვის თანაბარი პირობები, ხოლო მეორე მხრივ, ფართო გაგებით, ამომრჩევლები, რომელთა უმრავლესობა საერთოდ არ არის პარტიის წევრი, თავის გადაწყვეტილებით გავლენას ახდენს საარჩევნო სუბიექტის შიგნით შიდაპარტიული დემოკრატიის უზრუნველყოფაზე.

საარჩევნო სიაში ადგილების განაწილების ასეთი წესი, რომელიც არ არის გაწერილი ფედერალური კანონმდებლობით, მაგრამ ეფუძნება შიდაპარტიულ დებულებას, უზრუნველყოფს ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს CDU-ში, ერთი მხრივ, სამხარეო დონეზე საქალაქო და საოლქო ორგანიზაციებს შორის, ხოლო მეორე მხრივ - მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს CDU-ს წევრებს კონკურენტუნარიანი კანდიდატის შერჩევაში.

შიდაპარტიული დემოკრატიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს რეგიონული კონფერენციები, რომლებიც თემატურ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით უზრუნველყოფს CDU-ს წევრების სრულფასოვან ჩართულობას ფედერალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რეგიონული კონფერენციების მეშვეობით CDU-ს წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი პოლიტიკური უნარ-ჩვევები, რომლებიც მათი პროფესიული ცოდნიდან ან ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარეობს. ამ გზით, პარტიაში შესაძლებელია საკუთარი პოლიტიკური ინიციატივებისა და კონკრეტულ პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებული მოსაზრებების ფედერალურ დონეზე გაჟღერება.

რეგიონულ კონფერენციებზე მოთხოვნა CDU-ში განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის პერიოდში. თუ პანდემიამდე რეგიონული კონფერენციების გამართვა მნიშვნელოვან ორგანიზაციულ, ლოგისტიკურ და ფინანსურ გამოწვევებთან იყო დაკავშირებული, ე.წ. ონლაინ-შეხვედრებმა საგრძნობლად გაამარტივა ამგვარი კონფერენციების ჩატარების ლოგისტიკა და იმავდროულად გაზარდა CDU-ს წევრების ჩართულობა თემატურ-პოლიტიკური საკითხების განხილვაში, რის გამოც პანდემიის შემდგომ პერიოდშიც მოსალოდნელია პარტიაში ონლაინ-ღონისძიებების ინტენსივობის მატება.

2021 წლის იანვარში გამართულ ონლაინ-ყრილობაზე მოხდა CDU-ს ახალი თავმჯდომარის არჩევაც, ხოლო შემდგომ გამართული რეგიონალური კონფერენციები აქტიურად იქნა გამოყენებული ფედერალური გამგეობის მიერ კანცლერობის კანდიდატის შესარჩევად. გარკვეული ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად, ამ გზით, CDU-მ გაზარდა რიგითი წევრების ჩართულობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედ დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს შორის შიდაპარტიული დემოკრატიის მხრივ ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირს (CDU) უსწრებენ სოციალ-დემოკრატიული და მწვანეთა პარტიები, ხოლო გარკვეულწილად ჩამორჩებიან თავისუფალ დემოკრატთა პარტია, მემარცხენეთა პარტია, ალტერნატივა გერმანიისთვის და სოციალ-ქრისტიანული კავშირი.

ანალიტიკოსების შეფასებით, შიდაპარტიული დემოკრატიის მხრივ CDU-მ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა უკანასკნელი ოცწლეულის განმავლობაში, რაც ძირითადად ანგელა მერკელის თავმჯდომარეობის პერიოდს უკავშირდება. აღნიშნული პროგრესი აისახა CDU-ს წევრების ჩართულობის ამაღლებაში, აგრეთვე ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების როლის გაზრდაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

მთლიანობაში, CDU-ს შიდაპარტიული დემოკრატიის ხარისხი აკმაყოფილებს როგორც ფედერალური კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებს, ისე ამომრჩეველთა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მოთხოვნებს. ამგვარი ვითარება გამოკვეთილად დადებით გავლენას ახდენდა 2005-2021 წლებში პარტიის, როგორც სახელისუფლებო პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ორგანიზმის ფუნქციონირებაზე და ხელს უწყობდა CDU-ს მიერ ქვეყნის სტაბილურ, კომპეტენტურ მართვას. შეიძლება ასევე ითქვას, რომ შიდაპარტიულმა დემოკრატიის მაღალმა ხარისხმა შეამსუბუქა 2021 წლის ფედერალურ არჩევნებში პარტიის მიერ მარცხის უმტკივნეულოდ აღიარება, ქვეყანაში ხელისუფლების უმტკივნეულო ტრანზიცია და CDU-ში რეფორმების მორიგი ტალღის დაწყება, სამომავლო საარჩევნო წარმატებების მიზნით.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.