„ომიკრონი“ საქართველოშია - ახლა რა ვქნათ?

პირველ რიგში და პანიკის გარეშე, კიდევ უფრო მეტი ყურადღებით უნდა დავიცვათ უსაფრთხოების წესები

კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ ორი შემთხვევა საქართველოში შაბათს, 18 დეკემბერს გამოვლინდა. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ოფიციალურად დღეს, 20 დეკემბერს დაადასტურა. მისი თქმით, ინფიცირებულები საქართველოს მოქალაქეები არიან, მოგზაურობის ისტორია აქვთ აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, თავს ნორმალურად გრძნობენ და სახლში მკურნალობენ.

ამ ეტაპზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი „ომიკრონით“ ინფიცირებულების 26 კონტაქტს აკვირდება. გარდა ამისა, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში „ომიკრონის“ სხვა საეჭვო შემთხვევების კვლევა კვლავ მიმდინარეობს.

როგორ ხვდება საქართველო „ომიკრონს“?

როგორ ხვდება და 28%-იანი ვაქცინაციის მაჩვენებლით და 30%-იანი პირბადის მოხმარების მაჩვენებლით.

20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს მთელი მოსახლეობის მხოლოდ 28%-ია სრულად კოვიდ-ვაქცინირებული. რაც შეეხება მოზრდილ მოსახლეობას, მათ შორის სრულადაა აცრილი 37%.

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, წესით, საქართველოს 2021 წლის ბოლოსთვის, მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც უნდა აეცრა.

„ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბისა და მის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობის შემცირებული მაჩვენებლების გათვალისწინებით, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციაც კი ახლა უკვე ზღვაში წვეთია, რომ აღარაფერი ითქვას 37%-ზე.

ყოველდღიური ვაქცინაციის მაჩვენებელი 20 დეკემბრის მდგომარეობით, 10 000-ს ვერ გასცდა, მაშინ, როდესაც გეგმის შესასრულებლად, დღეში მინიმუმ 30 000 აცრა უნდა ჩატარებულიყო.

თბილისი, ავტობუსში მოწყობილი ვაქცინაციის პუნქტი

რაც შეეხება პირბადის მოხმარების 30%-იან მაჩვენებელს - ქვეყანაში მოქმედებს პირბადის მოხმარების წესი, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 20 ლარით, იურიდიული პირი კი 500 ლარით ჯარიმდება (განმეორებით შემთხვევაში 1000 ლარით), დადგენილების აღსრულებაზე კი პასუხისმგებელია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისე ჯანდაცვის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში, მრავლად შეხვდებით მოქალაქეებს, რომლებიც დადგენილ წესს არ ემორჩილებიან, უწყებები კი წესის აღსრულებაზე არ რეაგირებენ.

თუკი რამდენიმე თვის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღიურად აქვეყნებდა ინფორმაციას, თუ რამდენი ადამიანი ჯარიმდებოდა, მაგალითად, პირბადის მოხმარების წესის დარღვევისთვის, ბოლო თვეებია, ეს ინფორმაცია აღარაა საჯაროდ ხელმისაწვდომი.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა ივნისში პრემიერ-მინისტრის ერთი, მეტად „ჰუმანური“ ინიციატივა, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ მოქალაქეები გაეთავისუფლებინა პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი სახდელებისგან.

პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს ინიციატივა პანდემიით გამოწვეული „მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით“ ახსნა და განმარტა, რომ ამნისტია ჯამში 245 000-ზე მეტ მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირს შეეხება. საუბარი იყო დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების ერთერთი შედეგი ისიცაა, რომ თუკი გასული წლის ამ დროს „ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასების ინსტიტუტის“ მონაცემებით, საქართველოში პირბადის მოხმარების მაჩვენებელი 72% იყო, ახლა მხოლოდ 30%-ია.

დაცვის სამსახურის თანამშრომელი ამოწმებს კოვიდ-პასპორტს

„ომიკრონს“ საქართველო ხვდება "უნიკალური და გამორჩეული" მწვანე კოვიდ-პასპორტითაც. ქართული წარმოების კოვიდ-პასპორტი მუდმივ მწვანე სტატუსს ანიჭებს პირს, რომელმაც კოვიდი ერთხელ მაინც გადაიტანა. და არ აქვს მნიშვნელობა ეს იყო ორი თვის წინ, თუ 14 თვის წინ. არადა, ექსპერტები მიუთითებენ რომ, „ომიკრონს“ კორონავირუსის წინამორბედი შტამებისგან, რეინფიცირების სამჯერ მაღალი რისკი განასხვავებს. ეს ნიშნავს, რომ სიტყვა „მოვიხადე“, ამ ვირუსთან მიმართებით, სრულებით არარელევანტური ხდება და ახალი შტამის ვირუსი ისევ ისეთი წარმატებით შეიძლება შეხვდეს ადამიანს მეორედ, როგორც პირველად.

20 დეკემბერს, ონლაინ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა რეკომენდაციების ახალი პაკეტი, რომელსაც საკოორდინაციო საბჭოს 21 დეკემბერს წარუდგენს.

ამირან გამყრელიძე

რა რეკომენდაციებით მიმართავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საბჭოს, ამ დეტალებზე ამირან გამყრელიძემ არ ისაუბრა. თუმცა თქვა, რომ:

„წინასწარ ვერ გეტყვით, იქ რა გვიწერია, მაგრამ იქ არის ახალი „ომიკრონის“ დადასტურებასთან დაკავშირებით, რა ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული. რა უნდა იქნას გაკეთებული აცრის მეტად წახალისებასთან დაკავშირებით, ბუსტერის მეტად წახალისებასთან დაკავშირებით და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, ტრანსპორტში კოვიდ-პასპორტების წარდგენის საკითხი. ამ ეტაპზე, უმთავრესი გახლავთ იმის აღსრულება, რაც დაწესებულია, მწვანე პასპორტის მოთხოვნა, რადგან, ჩემი ინფორმაციით, ამ მხრივ ყურადღება უკვე მოდუნდა, ამიტომ სულ უფრო მეტი შემოძახილი გვჭირდება. ასევე პირბადის მოხმარების საკითხის აღსრულება და სხვა საკითხები. ჯერჯერობით, რაიმე სერიოზულ შეზღუდვაზე რეკომენდაცია არ არის. ასევე ჩვენი რეკომენდაციები შეეხება ტესტირების სისტემის გამკაცრებას“.

ექიმები შიშობენ, რომ „ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად, მოსალოდნელია კლინიკებში თერაპიული განყოფილებების გადატვირთვა. ამის შესახებ ლაპარაკობს ჟურნალისტებთან რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, დევი ტაბიძე:

„ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც აცრილი ადამიანები, ამასთან ის პირებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. ამ შემთხვევაში ვირუსის მიმდინარეობა მსუბუქი იქნება. ეს ევროპულ ქვეყნებში არსებული ვითარებით დასტურდება. ჩვენ ისე გადავალთ "მეექვსე ტალღაში", რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. "მეხუთე ტალღის" სიმძიმეა ის, რომ კლინიკების ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები გაივსო. „ომიკრონის“ მასობრივი შემოსვლა თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს. მაქსიმალური დაცვა არის დამატებით ვაქცინაში, რასაც ე.წ. ბუსტერი ჰქვია“.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, „ომიკრონს“ აქვს უნარი გვერდი აუაროს ვაქცინაციით გამომუშავებულ ანტისხეულებს, უგულებელყოს ინფიცირების შემდგომ გამომუშავებული იმუნიტეტი და კვლავ დააინფიციროს ადამიანი. „ომიკრონის“ შემთხვევაში, რეინფიცირების რისკი სამჯერაა გაზრდილი.

სწორედ ამიტომ ამერიკა და ევროპა ცვლის წესებს, ამცირებს ბუსტერ დოზის შუალედს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება დროულად მიიღონ კოვიდ-ვაქცინის მესამე დოზა. ბოლო გამოკვლევის თანახმად, „ომიკრონის“ შემთხვევაში, „ფაიზერის“ ორ დოზას შენარჩუნებული აქვს მძიმე დაავადებისგან დაცვისა და ჰოსპიტალში მოხვედრის 70%-იანი მაჩვენებელი, თუმცა, 33%-მდეა დასული ყველა ფორმის დაავადებისგან დაცვა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ „ფაიზერის“ მესამე, ბუსტერ დოზის მიღების შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 75,5%-მდე იზრდება. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, „ფაიზერის“ ბუსტერის დამატების შემთხვევაში, მისი ეფექტიანობა 71,4%-ია.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ არასახარბიელო შედეგები აჩვენა ჩინური წარმოების ვაქცინასთან, „სინოვაკთან“ მიმართებაში. გამოკვლევის თანახმად, რომელშიც „სინოვაკით“ აცრილი 25 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა „ომიკრონის“ განეიტრალება.

საქართველოში მოქმედი პროტოკოლის თანახმად, ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდანაა დაშვებული. ბუსტერ-დოზის მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს 18 წლიდან. მათ, ვინც ვაქცინირებულია „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკათი“, მესამე დოზის გაკეთება შეუძლიათ მეორე დოზა ვაქცინის მიღებიდან 5 თვის შემდეგ. ხოლო მოქალაქეები, რომლებიც აცრილნი არიან „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“, ბუსტერ-დოზა შეუძლიათ გაიკეთონ მეორე ვაქცინაციიდან 3 თვის თავზე.

რაც შეეხება რევაქცინაციას, ანუ ჩინური წარმოების ვაქცინის „ფაიზერით“ ჩანაცვლებას (ფაიზერის 2 დოზის მიღება), რევაქცინაცია შეუძლიათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზნებით საზღვარგარეთ მიემგზავრებიან. ამისთვის მათ ბილეთის ჯავშანი უნდა წარადგინონ ვაქცინაციის ცენტრებში.

ხომ არ აპირებს საქართველო ჩინური ვაქცინით აცრილთათვის რევაქცინაციის, ანუ ვაქცინის ჩანაცვლების პროცესის გამარტივებას, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჩინური წარმოების ვაქცინამ ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, ნულოვანი დაცვა აჩვენა? ამირან გამყრელიძე ამ კითხვაზე გვპასუხობს:

„მე ვარ აცრილი მაისში „სინოფარმით“ და ნოემბერში გავიკეთე ბუსტერი „ფაიზერით“. ოთხი კვირის შემდგომ გავისინჯე ჩემი იმუნური სტატუსი და მინდა გითხრათ, რომ ვარ დაცული. მედიცინაში აბსოლუტური არაფერია. ამიტომ ვიცავ წესებს, დავდივარ პირბადით, ვიცავ დისტანციას და ა.შ... დაახლოებით 1000-მდე ადამიანია საქართველოში ოთხჯერ აცრილი. ვინც ჩინური ვაქცინით იყო აცრილი და მიემგზავრებიან სასწავლებლად, სამუშაოდ ან სამოგზაუროდ ისეთ ქვეყნებში, ვინც მხოლოდ FDA-ის და EMA-ს მიერ ავტორიზირებულ ვაქცინებს ითხოვს, მათ ვცრით“.

ანუ, ამ პასუხის თანახმად, ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინით აცრილთათვის ვაქცინის ჩანაცვლების, ანუ რევაქცინაციის საკითხი არ განიხილება.

რაც შეეხება ჰოსპიტალური სექტორის მზაობას, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 20 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-პაციენტებისათვის სულ მობილიზებულია 8 742 საწოლი. აქედან თავისუფალია 2 968 საწოლი. თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 4 030 პაციენტი, ინტენსიურ განყოფილებაში იმყოფება 1 430, ხოლო რეანიმაციაში - 314 პაციენტი. ხელოვნური სუნთქვის აპარატების თავისუფალი მარაგი შეადგენს 472 ერთეულს.

როგორ ეძებენ საქართველოში "ომიკრონს?"

ამირან გამყრელიძის თქმით, მას შემდეგ, რაც 26 ნოემბერს „ომიკრონს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიენიჭა „შემაშფოთებელი“ კვალიფიკაცია, 30 ნოემბერს, საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს, სადაც პისიარ ტესტირება ტარდება, დაეგზავნა დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული პროტოკოლი, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება და განკუთვნილია, როგორც ეპიდემიოლოგებისთვის, ისე ლაბორატორიებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, პისიარ დიაგნოსტირებას საქართველოში 50-მდე ლაბორატორია ახორციელებს.

„პროტოკოლში გაწერილია, თუ როგორ და რანაირად უნდა მიიტანოს ეჭვი ლაბორატორიამ "ომიკრონის" შტამის არსებობაზე. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიშანი კი ისაა, რომ სამი გენიდან, „ომიკრონის“ დროს, ერთ-ერთი, S გენი, არის ხოლმე უარყოფითი. ლაბორატორიებს მიეთითათ, რომ სადაც S გენზე იქნება უარყოფითი მაჩვენებელი, ეს ნიმუშები გაიგზავნოს ლუგარის ლაბორატორიაში შემდგომი კვლევებისთვის. შემდგომი კვლევა გულისხმობს გენომის დაშლას, ანუ, სექვენირებას და იქ შესაბამისი მუტაციების გაშიფვრას. 12-მდე ნიმუში იქნა გამოგზავნილი ამ ხნის განმავლობაში, სადაც ჩატარდა სექვენირება. სექვენირებას სჭირდება 3-დან 5 დღემდე და ეს არ არის იაფი სიამოვნება, როგორც მუშაობის თვალსაზრისით, ისე ფინანსურად“.

რას ნიშნავს „არ არის იაფი სიამოვნება“, ანუ რა ღირს ერთი ნიმუშის სექვენირება? ვკითხეთ ამირან გამყრელიძეს. „ეს დეტალები რაში გაინტერესებთ? დაგუგლეთ და ნახავთ“, - გვიპასუხა მან.

თუკი „დაგუგლულ“ ინფორმაციას დავეყრდნობით, ერთი ნიმუშის სექვენირება დაახლოებით 197 ამერიკული დოლარი ჯდება.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ პარტნიორი ქვეყნებისგან უკვე მიიღო პისიარ ტესტები (200 ნიმუში), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 3-4 საათში დადგინდეს, რომელი შტამითაა პირი ინფიცირებული. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში, სპეციფიკურ პისიარ ტესტებს საქართველო მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგანაც.

"ომიკრონი" და მსოფლიო

„ომიკრონის“ გავრცელებასთან ერთად, ქვეყნები იძულებული ხდებიან, პანდემიის ორი წლის თავზე, კვლავ ახალი შეზღუდვები დააწესონ. 19 დეკემბრის მონაცემებით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“, 90-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. მუტირებული შტამი ელვისებური სისწრაფით ვრცელდება და დარგის სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ორ თვეში, ის, სავარაუდოდ, დომინანტური შტამი გახდება.

ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ „ომიკრონის“ გავრცელების პარალელურად, ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გაიზრდება და ისინი ხელისუფლებებს მოუწოდებენ მიიღონ საგანგებო ზომები, როგორც სამედიცინო სექტორის მოსამზადებლად, ისე დროულად იზრუნონ „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, იმ ქვეყნებში, სადაც „ომიკრონი“ უკვე გავრცელდა, ყოველ დღე-ნახევარში ახალი შტამით ინფიცირების მაჩვენებელი ორმაგდება.

თუკი სამხრეთ აფრიკულ გამოკვლევებს დავეყრდნობით, „ომიკრონი“ მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, შედარებით მსუბუქი სიმპტომებით ხასიათდება. თუმცა, ბრიტანეთი, „ომიკრონის“ გავრცელებიდან 3 კვირის თავზე უკვე იტყობინება „ომიკრონით“ გარდაცვლილი 12 პაციენტის შესახებ.

„სუპერ სპრედერი“, - ასეც კი შეიძლება ეწოდოს „ომიკრონს“, რადგან ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, „ომიკრონი“ 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება ზედა სასუნთქ გზებში და ბრონქის კედელში, ვიდრე მისი წინამორბედი, „დელტა“ ვარიანტი. შესაბამისად, „ომიკრონით“ ინფიცირებულ ერთ ადამიანს აქვს „არაჩვეულებრივი“ შანსი დააინფიციროს მის გარშემო მყოფი ადამიანების უმრავლესობა, თუკი არ იქნება დაცული შესაბამისი უსაფრთხოების ზომები - პირბადე, დისტანცია. ამ ეტაპზე, ერთადერთი პლიუსი, რაც შეიძლება „ომიკრონს“ ვუპოვოთ, არის ის, რომ მუტირებული შტამი 10-ჯერ ნაკლებად მრავლდება ფილტვის ქსოვილში, ვიდრე „დელტა“ შტამი და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სწორედ ამიტომ ის ნაკლებად გამოიწვევს ინფიცირების მძიმე შემთხვევებს.

რა ზომებს იღებს ევროპა?

ამსტერდამი

19 დეკემბრიდან ნიდერლანდში ძალაში შევიდა საყოველთაო "ლოკდაუნი". დაიკეტა ყველა, გარდა სასურსათო და პირველადი საჭიროების საქონლით მოვაჭრე მაღაზია, რესტორნები, ბარები და გასართობი დაწესებულებები. სკოლები და უნივერსიტეტები გადავიდნენ სწავლის დისტანციურ ფორმაზე. საერთო-ეროვნული მკაცრი კარანტინი ნიდერლანდში 14 იანვრამდე გასტანს.

ფრანკფურტი

გერმანია 20 დეკემბრიდან ამკაცრებს დიდი ბრიტანეთიდან მგზავრობის წესებს. დიდი ბრიტანეთიდან გერმანიაში შესულმა მგზავრებმა უნდა წარადგინონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და ამასთანავე, გაიარონ ორკვირიანი კარანტინი, მიუხედავად იმისა, მათი კოვიდ-ტესტის პასუხი უარყოფითია თუ არა და ისინი ვაქცინირებულნი არიან თუ არა.

ბელფასტი, ჩრდილოეთ ირლანდია

ირლანდიის პრემიერ მინისტრის განცხადებით, 19 დეკემბრიდან, ე.წ. კომენდანტის საათი დაუწესდათ კაფე-ბარებსა და რესტორნებს. მათ მხოლოდ საღამო 8 საათამდე შეეძლებათ მუშაობა.

მანჩესტერის ცენტრში მოქალაქეები ბუსტერის რიგში დგანან

დიდი ბრიტანეთი „ომიკრონის“ განსაკუთრებული სამიზნე აღმოჩნდა. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში იქ „ომიკრონის“ შემთხვევები გასამმაგებულია. რეკორდულ რიცხვებს აღწევს კოვიდით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი. ახალი შემთხვევების მატებას ბრიტანეთი სწორედ „ომიკრონის“ გავრცელებას უკავშირებს. გასულ კვირაში 52%-ით იყო გაზრდილი ყოველდღიური ინფიცირების მონაცემი. ქვეყნის მასშტაბით გადაიდო არაერთი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, პრემიერ ლიგის რამდენიმე მატჩი.

ლონდონის მერის, სადიკ ხანის განცხადებით, საავადმყოფოებში მატულობს პაციენტების რიცხვი, უმეტესი მათგანი არავაქცინირებულია.

ლონდონში დაფიქსირებული კორონავირუსის 80% „ომიკრონია“.

პარიზი, საფრანგეთი

საფრანგეთი ამცირებს ბუსტერ დოზის შუალედს. მოქალაქეებს ვაქცინის მესამე დოზის მიღება შეეძლებათ ვაქცინაციიდან 4 თვის თავზე. ამ ეტაპზე, ქვეყანა ლოკდაუნის გამოცხადებისგან თავს იკავებს, თუმცა, ქალაქებში გაუქმდა საახალწლო ღონისძიებები. წელს პარიზში არ ჩატარდება ტრადიციული წინასაახალწლო ფესტივალი ელისეს მინდვრებზე.

როგორ ხვდება „ომიკრონს“ ამერიკა

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი, ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ მომდევნო კვირებში აშშ-ის ჰოსპიტალური სექტორი მორიგი გამოწვევის წინაშე დადგება. ის ჰოსპიტალიზებული ინფიცირებულების რიცხვის მატებაზე ამახვილებს ყურადღებას. ფაუჩი არ გამორიცხავს, რომ აშშ ახალი შეზღუდვების პოლიტიკისკენ მიდის:

ენტონი ფაუჩი

„ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ ისეთი ლოკდაუნის დაწესების აუცილებლობას, რაც აქამდე გვინახავს, მაგრამ ვხედავ პოტენციურ საფრთხეს, რის წინაშეც ჰოსპიტალური სექტორი დგას“.

ნიუ იორკი, მანჰეტენი

ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს განცხადებით, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გარკვეული ცვლილებები შევა ტაიმს სკვერზე, საახალწლო დღესასწაულის აღნიშვნის ცერემონიალში. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება შობამდე.

როგორ მოვირგოთ პირბადე?

საქართველოში „ომიკრონის“ დადასტურების შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელი ხდება პირბადის ტარების უკიდურესად დაბალი მაჩვენებლის გაზრდა. თუმცა, ცხადია, ლაპარაკია, ნიღბის არა ნიკაპზე, იდაყვსა და ჯიბეში ტარებაზე, არამედ, ცხვირ-პირზე მორგებაზე.

რაკი “ომიკრონი” ძირითადად ზედა სასუნთქ გზებში ბუდობს, სწორედ ამიტომ ვრცელდება ის უფრო სწრაფად და ადვილად და უკვე გაჩნდა რეკომენდაციები იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში, ინფიცირებისგან თავის დასაცავად ორი პირბადე მოვირგოთ.

ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია, გაიკეთოთ ერთი ქირურგიული და მეორე ნაჭრის პირბადე. და აი რატომ: ალბათ შეგიმჩნევიათ, ქირურგიულ პირბადეს გვერდებზე, ლოყებთან, ნაკეცები აქვს, რაც ტოვებს ვირუსის გამოფრქვევის საშუალებას. თუკი ზევიდან ნაჭრის პირბადეს გაიკეთებთ, ის უფრო მჭიდროდ მოგერგებათ სახეზე.

N95-ის, KN94-ისა და KN94-ის ტიპის ნიღბების შემთხვევაში, მეორე პირბადე არ დაგჭირდებათ.