საქართველოში "ომიკრონის" ორი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის "ომიკრონის" ვარიანტით ინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. ორივე ე.წ. იმპორტირებული შემთხვევაა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

"10-მდე შემთხვევას ვიკვლევდით, უმრავლესობაში დადგინდა, როგორც სპეციფიური PCR ტესტებით, ისე სეკვენირებით, რომ ისინი იყო "დელტა" და "დელტა +". ორ შემთხვევაში დავადასტურეთ "ომიკრონის" არსებობა. რამდენჯერმე იქნა გადამოწმებული და ორ შემთხვევაში დადასტურდა. ორივე შემთხვევა არის საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში - დუბაიში. ორივე იზოლირებულია, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი და მეორე შემთხვევაში 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი საქართველოს მოქალაქე", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისი ვარაუდით, "ომიკრონით" "დელტა" შტამის ჩანაცვლებას ორი თვე მაინც დასჭირდება. მან ასევე თქვა, რომ ინფიცირებული ორი პაციენტის კონტაქტების ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა რამდენად არის ეს "ომიკრონი", ამას ახლა სწავლობენ.

"ომიკრონი" მსოფლიოს 90-მდე ქვეყანაშია გამოვლენილი. ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ჯგუფი, რომელმაც „ომიკრონის“ ლაბორატორიულ-მიკრობიოლოგიურ შესწავლაზე იმუშავა, აცხადებს, რომ „ომიკრონი“ 70-ჯერ უფრო სწრაფად მრავლდება ზედა სასუნთქ გზებში და ბრონქის კედელში, ვიდრე მისი წინამორბედი, „დელტა“ ვარიანტი და 10-ჯერ უფრო ნაკლებად ფილტვის ქსოვილში.

ასევე ნახეთ:

WHO: "ომიკრონით" ინფიცირებულთა რაოდენობა 2-3 დღეში ერთხელ ორმაგდება

ბრიტანეთში სწრაფად იზრდება „ომიკრონით“ დაავადების შემთხვევები

ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყანაში „ომიკრონით“ პირველი პაციენტი გარდაიცვალა