ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტი გახდა, ილია სულამანიძე - წლის ამომავალი ვარსკვლავი

ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ლაშა შავდათუაშვილმა და ილია სულამანიძემ 2021 წლის სეზონი უმნიშვნელოვანესი აღიარებით დააგვირგვინეს. ქართველმა სპორტსმენებმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ინტერნეტ-გამოკითხვაში ყველა კონკურენტს აჯობეს. შედეგად, შავდათუაშვილი მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტი მამაკაცთა შორის გახდა, სულამანიძე კი წლის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს დაეუფლა.

მსოფლიო ძიუდოს მმართველმა ორგანიზაციამ, თითოეულ ნომინაციაში, ხუთ-ხუთი ნომინანტი ახლახან დაასახელა. მათ შორის საუკეთესოები კი გულშემატკივრებმა გამოავლინეს.

ლაშა შავდათუაშვილმა წლეულს, 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ქართული ძიუდოს ისტორიაში ერთადერთია, ვინც შეძლო სამივე დიდი შეჯიბრების ოქროს მედლის მოგება. იგი ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს გახდა, ევროპირველობაზე კი 2013-ში მიაღწია წარმატებას. გარდა ამისა, ზაფხულში შავდათუაშვილმა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლით, ოლიმპიადებზე მოგებული მედლების სრული კომპლექტი შეკრა.

20 წლის ილია სულამანიძე (100 კგ) 2021 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს (21-წლამდელთა) შორის და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში. მან უფროსებს შორისაც დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ნაკრებში და მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გარდა ამისა, ორჯერ დიდ სლემზეც შეძლო საპრიზო სამეულში მოხვედრა.