მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 2 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მამუკა ჩხიკვაძე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ დღეს, 17 დეკემბერს „ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს საოკუპაციო რეჟიმმა 2 თვით უკანონო პატიმრობა (წინასწარი) შეუფარდა.

ასევე ნახეთ ჩხიკვაძის სარჩელი სტრასბურგში იგზავნება. დე ფაქტო კაგებე მას სამხედრო დანაშაულთან აკავშირებს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ 12 დეკემბერს გახდა ცნობილი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე ცნობა გაავრცელა.

ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს. 14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან.