დღეს, 17 დეკემბერს, დაგეგმილი ღონისძიების გაუქმებას არ აპირებს ღამის კლუბი „ხიდი". როგორც ღამის კლუბის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ღონისძიება ჩვეულებრივ გაიმართება. მათ გვითხრეს, რომ აქვთ შრომის ინსპექციის წარმომადგენელთან მიმოწერა, რომლის თანახმად, დღეს ექნებოდათ გახსნის საშუალება.
დაახლოებით ერთი საათის წინ შრომის ინსპექციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ღონისძიებები, რომლებიც ღამის კლუბებშია დაგეგმილი, ნებართვის გარეშე იმართება.
„საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.
ე.წ. ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ", - აცხადებენ უწყებაში.
დღეს, 17 დეკემბერს საღამოს, საქართველოში არსებული რამდენიმე დიდი კლუბი იხსნება.
დაახლოებით ორი კვირის წინ კლუბი "ხიდი" კოვიდრეგულაციების დარღვევის მიზეზით 10 ათასი ლარით დააჯარიმეს.