უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ევროკავშირი რუსეთს „მასშტაბური შედეგებით“ ემუქრება

ევროკავშირის ლიდერები მოსკოვს „მასშტაბური შედეგებითა და სერიოზული ფასის გადახდით“ დაემუქრნენ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში და მოუწოდეს რუსეთს, რომ დიპლომატიის გზით მოახდინოს დაძაბულობის ესკალაცია.

„ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ საპასუხოდ მოჰყვება სერიოზული შედეგი და რუსეთს მოუწევს მაღალი ფასის გადახდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან შეთანხმებული შეზღუდვების სახით,“ - ნათქვამია ერთდღიანი სამიტის შემდეგ ევროკავშირის ლიდერების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის ლიდერებმა კვლავ მოუწოდეს მოსკოვს, მონაწილეობა მიიღოს ნორმანდიის ფორმატში და დაიცვას გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეული 2014-2015 წლების მინსკის შეთანხმებები, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას ითვალისწინებს.

რუსეთი კვლავინდებურად უარყოფს სამხედრო აგრესიის გეგმებს უკრაინის წინააღმდეგ და კიევს ადანაშაულებს მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში.

აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამხედრო ძალებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს, 2014 წლიდან დღემდე, 13200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.