შევარდნაძის ყვირილი 22 000 დოლარად - რა დოზანაა ეს NFT?

"ნუ ღრიალებ!" თქვენი შეიძლება გახდეს... თუ 22 ათას დოლარს გადაიხდით.

ციფრული სურათები, ვირტუალური ბოტასები, ისტორიული პიროვნებები, ქართული ღვინოც კი - დღეს ეს ყველაფერი NFT-დ იქცა, და ამაში ათასებს, ხანდახან კი მილიონებს იხდიან. რა არის NFT? უმეტესობამ ეს ჯერ არ იცის.

არადა ზოგის აზრით, იგი შეცვლის არამხოლოდ იმას, რას ვუშვებით ჩვენს ფულს, არამედ იმასაც, თუ როგორაა მოწყობილი ცხოვრება დედამიწაზე.

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ეს ფრაზა 22 ათას დოლარად იყიდება. მართლა.

მესამე პრეზიდენტისადმი მიძღვნილი ეს სიმღერა კი სულაც 55 ათას დოლარად.

სანამ შეიცხადებდეთ, სულ შეიშალა ეს ქვეყანაო, გეტყვით, რომ ეს გიფ ანიმაცია 590 ათას დოლარად გაიყიდა.

ეს სურათი კი 69 მილიონად.

ორივე შემთხვევაში, ანგარიშსწორება მოხდა კრიპტოვალუტით. მყიდველმა კი თანხა გადაიხადა არა ფაილში, არამედ ციფრულ სერტიფიკატში, რომელიც ინახება ბლოკჩეინში და რომელსაც NFT ეწოდება.

საერთოდ ვერაფერი გაიგეთ? თუ ეგრეა, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.

რა დოზანაა NFT?

თუ ხდებით NFT–ს (Non fungible token - შეუცვლელი, ჩაუნაცვლებელი ტოკენის) პატრონი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ და მხოლოდ თქვენ ფლობთ მას.

ტოკენი - იგივე ჟეტონი

NFT შეიძლება გახდეს ნებისმიერი ციფრული ან ფიზიკური ობიექტის, (გინდ ვიდეოფაილი, გინდ იახტა) ჩანაწერი ბლოკჩეინში…

ბლოკჩეინი რაღაა?

ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, როცა ინტერნეტს ვიყენებთ, მონაცემებს ვიწერთ და ვტვირთავთ ცენტრალურ სერვერებზე. სერვერს რამე თუ დაემართა, იქ ატვირთული მონაცემები შეიძლება დაიკარგოს, ან გაყალბდეს.

ბლოკჩეინი განსხვავებული სისტემაა. აქ მონაცემები ინახება ბლოკების სახით ერთდროულად ყველა კომპიუტერზე. ბლოკები მიბმულია ერთმანეთზე და ყოველ მომდევნო ბლოკში ინახება ყველა წინაში არსებული ინფორმაცია. თითოეულ ოპერაციას ადასტურებს არა ცენტრალური სერვერი, არამედ თავად მომხმარებლები და ამიტომაც მონაცემების გაყალბება შეუძლებელია.

წყარო: gba.ge

ბლოკჩეინი - ბლოკების ჯაჭვი

“ბლოკების ნახევარზე მეტი უნდა გქონდეს მფლობელობაში, რომ გატეხო ტრანზქცია, გააფუჭო, შეცვალო, ან რამე მოიპარო… შეცვლაც ცოტა ისეთი სიტყვაა, რადგან ბლოკჩეინზე ჩანაწერები კეთდება ბლოკებს შორის. ისინი დამახსოვრებულია და საჯაროა”, - ეუბნება “რადიო თავისუფლებას” ბლოკჩეინის მკვლევარი ლევან ბოძაშვილი.

გილოცავთ, ყველაზე რთული ნაწილი უკან მოვიტოვეთ!

მაინც რა არის NFT?

ბლოკჩეინში გაკეთებულ თითოეულ ჩანაწერს ტოკენი ეწოდება. ტოკენები სხვადასხვა სახისაა, თუმცა მათი უმეტესობა ურთიერთჩანაცვლებადია. მაგალითად, ორი ჩანაწერი ასლარიანების შესახებ იდენტურია. ასლარიანი, ისევე, როგორც კრიპტოვალუტის ერთეული, შეგიძლიათ დაშალოთ უფრო მცირე “კუპიერებად”.

აი NFT კი უნიკალური ტოკენია. მისი ანალოგი ბლოკჩეინში არ არსებობს. ინფორმაცია მისი ავტორის და მყიდველის შესახებ საიმედოდააა შენახულიც და დაცულიც. ანუ საავტორო უფლების გაყალბება შეუძლებელია.

როგორ გაჩნდა NFT?

ერთ-ერთი პირველი NFT პროექტი 2017 წლით თარიღდება. კომპიუტერულ თამაშში CryptoKitties ვიღაცეებმა ვირტუალური კნუტების მოშენება დაიწყეს . ხალხს იდეა მოეწონა. იმდენად, რომ ზოგმა თავის კატაში 100 ათასი დოლარი იშოვა.

თუმცა პოპულარობის ნამდვილი ბუმი 2021 წელს დაიწყო. აი ამ პატარა ტიპების წყალობით.

ახლა მთლიანი კოლექცია 800 მილიონ დოლარზე ძვირია

სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ ვიღაცამ მათი რიმეიქი გააკეთა, ოღონდ მიხეილ სააკაშვილის ფოტოს გამოყენებით.

კრიპტო მიშები

ცოტა ხანში ბევრმა ცნობილმა ადამიანმა და კომპანიამ დაიწყო NFT-ების შექმნა. მათ შორის მსხვილმა კორპორაციებმა და ხელოვანებმა.

უკვე ნოემბრის ბოლოსთვის NFT-ებში გადახდილი თანხა 20 მილაირდ დოლარს მიუახლოვდა.

სად და როგორ გავყიდოთ NFT?

თუკი გსურთ, თქვენი ნამუშევარი NFT-დ გადააქციოთ (ანუ “დამინთოდ”) ეს შეგიძლიათ გააკეთოთ სპეციალურ პლატფორმებზე. მაგალითად, Polygon-ზე, Rarible-ზე და OpenSea-ზე. იქვე შეგიძლიათ სხვების შექმნილი ტოკენების ყიდვა, თუმცა ამისთვის კრიპტოსაფულის გახსნა და კრიპტოვალუტა ეთერიუმის ყიდვა მოგიწევთ. ბლოკჩეინის მუშაობას ძლიერი კომპიუტერები სჭირდება და ისინი ბევრ ელექტროენერგიას ხარჯავენ. ამ მოტივით, პლატფორმები იღებენ მომსახურების კომისიას. ზოგან იხდის ავტორი, ზოგან - მყიდველი.

მხატვარი მაშო მარგიშვილი, პროექტ მაშოლენდის ავტორი, საკუთარი ნამუშევრების NFT-ებად გაყიდვას იანვრიდან გეგმავს. მას ვირტუალური რეალობის შექმნა უნდა, რომელსაც ჯადოსნური არსებებით, ქვის მჭამელებით დაასახლებს. სულ 6000 ათასი უნიკალური ქვის მჭამელის გაყიდვას აპირებს.

“ინტერნეტი რო შემოვიდა, კაბელით შევდიოდით, ყველასთვის გაუგებარი იყო, არავინ იცოდა, ვებ-საიტი რა იყო, ან რამის მოძიება რომ შეგეძლო. ზუსტად იგივე რაღაცაა NFT-ც, სრულიად ახალი ტექნოლოგიაა… ახლა საცდელი პერიოდია ჩემთვის, ვცდილობ გავარკვიო, როგორ წარმომიდგენია ჩემი სამყარო ამ ციფრულ განზომილებაში…” - ამბობს მაშო მარგიშვილი.

ამაში ფულს რატომ იხდიან? (თანაც ამხელას)

ეს კითხვა მხოლოდ თქვენ არ გაწუხებთ. ბევრისთვის რთული გასაგებია, რატომ იხდის ვიღაცა ფულს სურათის ციფრულ სერთიფიკატში, როცა ფაილის ჩვეულებრივად გადმოწერაც შეიძლება?

მაშო მარგიშვილი ყვება, რომ ზოგი NFT-ებს ფულის გასათეთრებლად იყენებს. ასეთ ადამიანებს “Whales”-ს (ვეშაპებს) უწოდებენ. თუმცა ისინი უმცირესობაში არიან.

“ ადამიანები NFT-ს გაცვლა-გამოცვლის და ვაჭრობის კუთხით უდგებიან. მაგალითად, ქვაჭამიას იყიდიან 20 თუ 10 დოლარად. მერე გადაცვლიან 40 დოლარად. მერე კიდე გადაცვლიან და ასე შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდებათ - ამბობს იგი - ასევე იმიჯის გამოც… და აი როგორც მაგალითად, ბევრ ადამიანს არ ჭირდება, რომ აიფონ 12 ჰქონდეს, მაგრამ მაინც ყიდულობს, მსგავსი რამე არის ესეც”.

მისი აზრით, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების არ იყოს, NFT-ების მაღალ ფასსაც ხშირად განაპირობებს არა თვითონ “პროდუქტი”, არამედ ის, თუ ვინ ყიდის და ვინ ყიდულობს მას. ანუ, რაც უფრო მეტი “სელებრითი” და “ინფლუენსერი” იყიდის და გაყიდის NFT-ებს, მით უფრო გაიზრდება მათი პოპულარულობა და სანდოობა.

NFT-ებად იყიდება არამხოლოდ ციფრული ფაილების, არამედ ფიზიკური, რეალური ნივთების ციფრული სერტიფიკატებიც. ლევან ბოძაშვილი საქართველოში წარმოადგენს კომპანია WiV Technologies-ს, რომელიც ღვინის ბოთლებს ყიდის NFT-ს სახით. მისი თქმით, ადამიანები ხშირად ყიდულობენ ღვინოს, რომლის დალევასაც არ აპირებენ.

“ჩვენ ვყიდით პრემიუმ ხარისხის ღვინოს და ვახდენთ მის ტოკენიზაციას, ანუ ვაქცევთ მას საინვესტიციო აქტივად, რომელიც არის მიბმული კრიპტოვალუტაზე, ტოკენზე და NFT-ზე - ყვება იგი - NFT-ების გაყიდვით მეღვინე უფრო მეტ ფულს შოულობს, ვიდრე შოულობს ერთი ბოთლის გაყიდვით, იმიტომ, რომ NFT რამდენჯერმე შეიძლება გადაიყიდოს და როიალთი რჩება პირველად შემქნელს. თუ მყიდველი მოითხოვს ღვინოს და მას არ უნდა NFT, ჩვენ მას NFT-ს უბრალოდ დავუწვავთ და გავუგზავნით ბოთლს”.

ლევან ბოძაშვილის აზრით, NFT-ში ფულს იხდიან პრესტიჟის, საინვესტიციო პოტენციალის და კიდევ იმის გამო, რომ იგი საავტორო უფლებებს საიმედოდ იცავს - “ჩემი მაგალითი შემიძლია გითხრათ. ივნისში ნაყიდი NFT-ები 80 და 100 დოლარად, რამდენიმე ასეული ათასი დოლარი ღირს”.

შეცვლის NFT სამყაროს?

ლევან ბოძაშვილი დარწმუნებულია, რომ შეცვლის და ეს სწრაფად მოხდება.

გარდა იმისა, რომ საიმედოდაა დაცული გარე ზეგავლენისგან, ბლოკჩეინი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, სხვადასხვა ოპერაციები განახორციელონ შუამავლების, ბანკებისა და სახელმწიფოს გარეშე.

“ეს მექანიზმი არის რევოლუციური, რადგანაც წყვეტს ინდივიდუალური სუვერენობის პრობლემას. რომ განვახორციელოთ ჩვენი უფლებები, გვჭირდება მესამე ვიღაც. ეს მესამე ვიღაცა არის სახელმწიფო. რაღაცები თუ არ გააკეთა, ფინანსური სისტემა თუ არ შექმნა, ვალუტის მერყეობის მექანიზმები თუ არ შექმნა, ჩვენ უფლებებს ვერ განვახორციელებთ.

ეს არის გამოთავისუფლება ერთიანი ვერტიკალური მართვის სისტემებიდან… პრაქტიკულად ვერაფერს უზამ, თუ ინტერნეტს არ აკრძალავ” - ამბობს იგი და განაგრძობს, რომ ჯერ-ჯერობით საქართველოში ”პროვინციული დამოკიდებულებაა ასეთი საკითხების მიმართ. აქ რაიმე დიდი ფილოსოფია, ან კვანტური ფიზიკის ცოდნა არ არის საჭირო. ადამიანები კარგავენ შესაძლებლობას, ფული იშოვონ ვიღაც დამქირავებლის გარეშე”.