საქართველოში მოქმედი სამი კომპანია აშშ-ის სანქციათა სიაში მოხვდა

ირანული სამხედრო ტექნიკა

ვაშინგტონი იღებს ზომებს, რათა რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, ირანის სამხედრო პროგრამებში არ მოხვდეს აშშ-ის პროდუქცია, - ამის შესახებ ნათქვამია 16 დეკემბერს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიუროს (BIS) მიერ სანქციების შესახებ გამოქვეყნებულ შესაბამის აქტში.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ „შავ სიაში“ შეიყვანა თურქეთში, მალაიზიაში, საქართველოსა და ჩინეთში მოქმედი 37 ორგანიზაცია, რომლებიც „აშშ-ის საგარეო პოლიტიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან".

კერძოდ, სიაში შეტანილია საქართველოში მოქმედი სამი კომპანია: Gensis Engineering-ი, რომელიც დოკუმენტში მოხსენიებულია როგორც ქართული და თურქული, ხოლო კომპანიები ROV Solutions-ი და SAEROS Safety ERO Company-ი საქართველოს მიეწერება.

ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიუროს (BIS) სანქციების სამიზნეა ასევე ჩინეთის 11 კვლევითი ინსტიტუტი, რომლებიც დაკავებული არიან მიკრობიოლოგიით, ეპიდემიოლოგიით და ტოქსიკოლოგიით და, ბიუროს ხელთ არსებული ფაქტებით, „ბიოტექნოლოგიურ პროცესებს ჩინეთის არმიის მხარდასაჭერად იყენებენ “. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სამხედრო დანიშნულების ბიოტექნოლოგიისა და სხვა საშიში ტექნოლოგიების შემუშავებისკენ მიმართული ძალისხმევის გარდა, BIS-ის ინფორმაციაში ასევე პეკინის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებზეც არის გამახვილებული ყურადღება.