სექსუალურად მხნე დელფინი და ბრძოლა მაროკოულ კალიებთან - რა ამბებს ინახავს 2021 წლის ტენდერები

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში თავმოყრილი ტენდერები, რომლებსაც აქ ნახავთ, ყურადღებას იქცევს არა კორუფციულ გარიგებებზე ეჭვის ან დაუსაბუთებელი ხარჯების გამო, არამედ მათი მოულოდნელი შინაარსით და იმ ამბებით, რომლებსაც ტენდერების საშუალებით მივაგენით.

500 აბი მედიკამენტი დელფინისთვის

ივლისის თვეში ბათუმის დელფინარიუმმა 550 ლარის ღირებულების მედიკამენტის ყიდვის თხოვნით მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. დელფინარიუმი სააგენტოს საქმის კურსში აყენებდა, რომ მათი ერთ-ერთი ბინადარი სექსუალურად იმდენად ჰიპერაქტიული იყო, რომ აგრესიულად იქცეოდა და სხვა დელფინებს აზიანებდა სექსუალური კავშირისას, „იქმნება შოუს ჩაშლის საფრთხეც“, - ეწერა განაცხადში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ დელფინარიუმს ნება დართო, რომ დელფინისთვის საჭირო მედიკამენტის 500 აბი შეეძინა ამ და სხვა დროისთვის გამოსაყენებლად.

დელფინი, რომლის გამოც დელფინარიუმს დამამშვიდებელი მედიკამენტების მომარაგება დასჭირდა, ბათუმის დელფინარიუმში უკვე 10 წელია ცხოვრობს და ახლა თავს მშვენივრად გრძნობს. აგრესიული სექსუალობა დიდი ხნის წინ გამოავლინა და ამიტომ მისთვის პრეპარატებს ყოველწლიურად ყიდულობენ. დელფინს სურვილების გასანელებლად აბებს საკვებთან ერთად აძლევენ და, როგორც ამბობენ, ამ მკურნალობის კურსის გასვლის შემდეგ ის ნაკლებად უხეშად იქცევა.

რამდენად ჰუმანურია დელფინების სექსუალური ქცევის კორექტირება? - ბათუმის დელფინარიუმში გვითხრეს, რომ ეს კონკრეტული დელფინი იმდენად საშიში ხდება პარტნიორისთვის, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ისიც გვითხრეს, რომ მისთვის სახელი არ დაურქმევიათ, ისევე როგორც დელფინარიუმის სხვა ბინადრებისთვის.

2000 ლარი პოლიციელების გენერატორის შესაკეთებლად

დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს მისწერა, რომ 2295 ლარი სჭირდებოდა დიზელ-გენერატორის შესაკეთებლად და თანაც, რაც შეიძლება სწრაფად. როგორც აღმოჩნდა, სამცხე-ჯავახეთში, ციხისჯვრის პოლიციის განყოფილება ისეთ მიუვალ ადგილზეა, სადაც დენის ხაზები არ გადის. პოლიციელები მილსადენების დაცვის დეპარტამენტიდან სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთკავკასიური გაზსადენისა და მათი ინფრასტრუქტურის ობიექტებს იცავენ. რომ არა Wilson-ის ფირმის 500კვტ სიმძლავრის დიზელ-გენერატორი, პოლიციელების მუშაობა შეუძლებელი იქნებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანხმობა გენერატორის შესაკეთებლად მისი მწყობრიდან გამოსვლიდან რამდენიმე დღეში მიიღო. გენერატორი 30 ნოემბერს დაზიანდა, 6 დეკემბერს ის მინისტრის კურატორი მოადგილის თანხმობით შეაკეთეს და შესყიდვების სააგენტომ პოსტ ფაქტუმ გასცა თანხმობა.

„ზამთრის პირობებში ბაზაზე არსებული მძიმე კლიმატური პირობებით ელექტრო-ენერგიის გარეშე დარჩენილი თანამშრომლების ჯამრთელობის მდგომარეობას ექმნება საფრთხე“, - წერდა შსს შესყიდვების სააგენტოს ნებართვის მისაღებად.

თითქმის 100 000 ლარი “იუმორინასთვის”

ზაფხულის თვეებში 100 000 ლარამდე მიიღო ბიუჯეტიდან გია ბაღაშვილმა „იუმორინას“ კონცერტების ჩასატარებლად. ამ ზაფხულს „იუმორინამ“ 5 ქალაქი - თეთრიწყარო, წალკა, გარდაბანი, რუსთავი და ქუთაისი მოიარა.

წალკაში „იუმორინას“ მონაწილეებმა ბავშვებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს, სხვაგან პანდემიით შეწუხებულ მოსახლეობას „საყვარელ შემსრულებლებთან“ შეხვედრის „სიხარული აჩუქეს“.

„იუმორინას“ ერთი წარმოდგენა დაახლოებით 1 საათსა და 40 წუთს გრძელდება და 15 000 ლარი ჯდება. მსახიობების ანაზღაურება ერთი კონცერტისთვის 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე მერყეობს.

8 აგრეგატი იტალიური და მაროკოული კალიების წინააღმდეგ

დეკემბერში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თადარიგი დაიჭირა და 8 სპეციალური აგრეგატი იყიდა იმისთვის, რომ მაისამდე კახეთში, ქვემო და შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონსა და თბილისის შემოგარენში იტალიელი და მაროკოული კალიები ამოეჟლიტა. კალიების წინააღმდეგ წამლობა სააგენტოს განმარტებით ყველაზე ეფექტური სწორედ მაისშია.

სურსათის ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში იტალიური და მაროკოული კალიების გამრავლების ისტორიული კერებია. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო კულტურებს აზერბაიჯანიდანაც შემოესევა ხოლმე ზრდასრული ფრთიანი კალიების გუნდები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ბოლო წლებში გლობალური დათბობის შედეგად შეინიშნება კალიისებრი მავნებლების პოპულაციის მკვეთრი მატება“.

სააგენტოს სტატისტიკით, ბოლო 12 წელიწადში არეალი, სადაც სახელმწიფო კალიებს ებრძვის, თითქმის ათჯერ გაიზარდა, თუმცა, მათივე მონაცემებით ჩანს, რომ არეალის ზრდა არასისტემურია და, მაგალითად, 2017 წელსა და 2010 წელს დამუშავებული არეალები მოცულობით დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

წლების მიხედვით, დამუშავებული ფართობების შესახებ მონაცემები

2009 წელი

11 827 ჰა

2010 წელი

9 879 ჰა

2011 წელი

2 090 ჰა

2012 წელი

6 017 ჰა

2013 წელი

23 621 ჰა

2014 წელი

49 847 ჰა

2015 წელი

33 427 ჰა

2016 წელი

23 580 ჰა

2017 წელი

9 100 ჰა

2018 წელი

14 809 ჰა

2019 წელი

31 915 ჰა

2020 წელი

80 352 ჰა

2021 წელი

120 000 ჰა

კომპანია “micron Group”-ის აგრეგატი, რომელსაც სურსათის უვნებლობის სამსახური ყიდულობს, ულტრამცირემოცულობიანი შესხურების ტექნოლოგიას [ULV] იყენებს. სააგენტო ასაბუთებს, რომ ეს ის აგრეგატია, რომელიც 2009 წელს ეგვიპტეში უდაბნოს კალიების წინააღმდეგ გამოცადეს და ყველაზე ეფექტიანი აღმოჩნდა. სააგენტოს გათვლით, ახალი დანადგარი დღეში 400 ჰექტარამდე მიწის ფართობს დაასხურებს კალიების საწინააღმდეგო ხსნარს.

ათასობით ლარი ანიმაციაზე, სადაც საჯარო მოხელეს პილოტის მაგალითზე უხსნიან, რატომ უნდა იყოს კეთილსინდისიერი

საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ სექტემბერში 8 700 ლარი გადაიხადა სამწუთიან ანიმაციაში. ამ ვიდეოში საჯარო მოხელეებს უხსნიან, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი სამაგალითო და კეთილსინდისიერი მოხელეები იყვნენ. ვიდეოში საჯარო უწყების მენეჯერის პასუხისმგებლობა თვითმფრინავის კაპიტნის პასუხისმგებლობასთან არის შედარებული. სარეკლამო-საგანმანათლებლო ვიდეოში საჯარო მოხელეებს რიტორიკულ კითხვას უსვამენ: თქვენი აზრით, რა მოხდება თუ კაპიტანი სისუსტეებს გამოიჩენს? ამ მომენტში ულვაშებიან პილოტს ხელში შამპანურის ბოთლი უჭირავს. ვიდეო უწყების YOUTUBE-ის არხზე 18 ნოემბერს განთავსდა და ერთ თვეში იგი მხოლოდ 29 ადამიანმა ნახა.

შესყიდვა საჯარო სამსახურის ბიუროსა და UNDP-ის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა - ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს „აზროვნების ტრანსფორმაციას და ორგანიზაციული კლიმატის გაუმჯობესებას საჯარო სამსახურში“.

სიმღერა ხონზე 500 ლარად

ხონის მუნიციპალიტეტმა 500 ლარი გადაიხადა ახალ სიმღერაში ხონზე. მუსიკა ადგილობრივი პოეტის, ბექა ბახტაძის ლექსზე კომპოზიტორმა ვაჟა დურგლიშვილმა დაწერა. რადიო თავისუფლებას ხონის მუნიციპალიტეტში უთხრეს, რომ სიმღერას ხონელები პირველად ახალი წლის საზეიმო კონცერტზე მოისმენენ, მისი სტუდიური ჩანაწერი კი სამუდამოდ მუნიციპალიტეტის კუთვნილება იქნება.