ირღვევა თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პაციენტის უფლება, როდესაც ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების შესახებ პირდაპირ ეთერში ლაპარაკობენ? აქვთ თუ არა მათ თანხმობა ექსპრეზიდენტისგან, რომ საჯაროდ გამოიტანონ ინფორმაცია პაციენტის კონკრეტული სამედიცინო ჩივილების შესახებ? ათანხმებენ თუ არა ექიმები მიხეილ სააკაშვილთან რის შესახებ და რა ფორმით ილაპარაკებენ ისინი ჟურნალისტებთან?
„რა თქმა უნდა, არცერთ ექიმს არ უხარია პაციენტის მდგომარეობის შესახებ საუბარი“, - გვეუბნება მარიამ ჯიშკარიანი, ფსიქიატრი, ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი. ის რამდენიმე კოლეგასთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინიციატივით სწავლობს და აფასებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი პაციენტისა და პატიმრის, საქართველოს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მკურნალობის ხარისხს.
ყველაზე ხშირად სწორედ მას და მის კოლეგებს უწევთ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბარი. ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გარდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, რის გამოც შესაძლოა ექიმებს პაციენტი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების გამჟღავნება უწევდეთ, არის ის დეზინფორმაცია, რასაც მარიამ ჯიშკარიანის სიტყვებით, ეწევა ხელისუფლება და მათ მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმი:
„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი კარგადაა და ყველა პრობლემა ამოწურულია. შესაბამისად, იძულებულნი ვხდებით, რომ რეალობა ავსახოთ და საზოგადოებას გავაცნოთ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა. რომ არ არსებობდეს მედია და საინფორმაციო საშუალებები, ალბათ კიდევ უფრო მძიმედ იქნებოდა მისი მდგომარეობა“.
მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ თითოეული სიტყვა, რასაც ექიმები ჟურნალისტებსა და საზოგადოებას აწვდიან, შეთანხმებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან:
„რა თქმა უნდა, მასთან შეთანხმებულია ის მოცულობა, რაზეც ჩვენ შემდეგ ვლაპარაკობთ და მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე, რომ დეტალებზე არ ვისაუბროთ. როგორც წესი, ამ დეტალებზე არც ვლაპარაკობთ ხოლმე. ინფორმაციას იმ მოცულობით ვაწვდით, რაზეც ხდება საზოგადოების დეზინფორმირება. პაციენტმა ზუსტად იცის, რომ ჩვენ გარეთ გველოდება მედია და იცის, რომ ჩვენ ამის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ, რადგან ბოლო ვიზიტისას, პაციენტმა თვითონ გვითხრა, რომ უკმაყოფილოა სახელმწიფო კონსილიუმის განცხადებებით, რადგან ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რომ მან სულ სხვა რამ უთხრა და გარეთ სულ სხვა ინფორმაცია გამოიტანეს. არც პაციენტს უხარია მისი ჯანმრთელობის შესახებ საჯაროდ საუბარი და არც ექიმს უხარია პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ფრიალი. მაგრამ როდესაც სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის და ამოვწურეთ მკურნალობაო, რასაც პაციენტი არ ეთანხმება, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და განცხადებებს ვერ აკეთებს, მაშინ რა უნდა ქნას?“
ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრია, 13 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ექსპრეზიდენტის ანალიზები ნორმაშია და ენდოკრინოლოგი მასთან მუშაობას ასრულებს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იქვე ისიც დაამატა, რომ სისუსტე, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, დაკავშირებულია უმოძრაობასთან და ფსიქიატრებს ასეთი რჩევაც მისცა:
„ვთხოვდით, რომ დაეწყო ვარჯიში. ამიტომ ამოიყვანეს დღეს ტრენერი, რომ იმასთან ერთად დაიწყოს ვარჯიშები. სურვილი არ აქვს, ეს დაკავშირებულია ემოციურ ტრავმასთან, ეს არის მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, რაც მხოლოდ ფსიქიატრებს შეუძლიათ, რომ შეაფასონ. კარგი იქნება ფსიქიატრები, რომლებიც სულ ლაპარაკობენ მკურნალობაზე, ამის მაგივრად იქნებ დიაგნოზზე ჩამოყალიბდნენ, მაშინ მკურნალობა ჩვენთვისაც და თქვენთვისაც იქნება გასაგები“.
ამ განცხადებიდან ორ დღეში, 15 დეკემბერს, ცენტრ „ემპათიის“ ენდოკრინოლოგმა, ლალი ჯავაშვილმა, მას შემდეგ, რაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა მიხეილ სააკაშვილი და შეისწავლა საექიმო ჩანაწერები, მედიას უთხრა, რომ ექსპრეზიდენტს აღენიშნება „წონის აუხსნელი კლება“ და ჩამოთვალა ჯანმრთელობის პრობლემების ის დეტალები, რაც მიხეილ სააკაშვილს ბოლო დღეებში აღენიშნება და რაც, სავარაუდოდ, იწვევს პაციენტის წონის კლებას. ენდოკრინოლოგის განცხადებით, დროულად არის ჩასატარებელი მთელი რიგი გამოკვლევები.
ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების გამჟღავნების შესახებ, ამ ეტაპზე, პრეტენზიები არ აქვს, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძეც. როგორც ის გვეუბნება, მართალია უკანასკნელ პერიოდში, იმაზე გაცილებით მეტი დეტალი მჟღავნდება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვიდრე ეს ადრეულ ეტაპზე ხდებოდა, მაგრამ ამბობს, რომ ამის თაობაზე, პატიმარ ექსპრეზიდენტს შენიშვნები არ აქვს:
„ჩვენ, ცხადია, გვაქვს შეთანხმება, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებული ინფორმაციაა და ნებისმიერი სიტყვა, რაც ჩვენი მხრიდან ისმოდა, ისმოდა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. არ ყოფილა აქამდე შემთხვევა, რომ ინფორმაცია შეთანხმების გარეშე გამოგვეტანა და ამის შესახებ ყოველთვის წინასწარ გვქონდა თანხმობა. რაც შეეხება ექიმებს, მე კარგად მახსოვს, რომ თავდაპირველად ექიმებიც თავს არიდებდნენ განსაკუთრებული კატეგორიის შესახებ ინფორმაციაზე საუბარს და როგორც წესი არ ამბობდნენ ხოლმე და თუ ამბობდნენ, ესეც ყველაფერი შეთანხმებული იყო. სავარაუდოდ, ეს ამჯერადაც ასე იქნება“.
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია, თუ მიღებულია პაციენტის თანხმობა.
თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მისი თანხმობისა, აუცილებელია დაცული იყოს ბალანსი ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ინტერესსა და მეორე მხრივ, პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის დაცვას შორის:
„გასაგებია, რომ არსებობს თანხმობა, მაგრამ სამართლებრივი ფორმის მიღმა რჩება მთელი რიგი ეთიკური ნორმები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საფრთხილოა. რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ყურადღების ცენტრში არის არა მხოლოდ ზოგადად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, არამედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხელისუფლებაცა და დაცვის მხარეც სწორედ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აშენებს თავის პოზიციებს და იმყარებს არგუმენტებს. შესაბამისად, ამ პროცესში, ეს არის ის განსაკუთრებული ინფორმაცია, საითკენაც საზოგადოების ყურადღებაა მიმართული. მაგრამ სად გადის ზღვარი საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციასა და ზედმეტ დეტალებს შორის, რომელიც რიგ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ღირსების შემლახავიც კი. ადამიანების ერთ ნაწილში ამან შეიძლება ემპათია აღძრას, მეორე ნაწილში კი პირიქით - ეს შეიძლება მათთვის ისეთი დეტალი იყო, რომელიც შემდგომი ქილიკის საფუძველი გახდეს“.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თვალსაზრისით უფლებადარღვევა ერთხელ უკვე დაადასტურა.ინსპექტორმა დაასკვნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის შესახებ ინფორმაცია მისი კვების რაციონის შესახებ. ამავე დასკვნის თანახმად, კანონდარღვევით გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეო მასალაც.
როგორც სალომე ბახსოლიანი გვეუბნება, იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებისას ხელმძღვანელობდნენ, ერთი მხრივ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არგუმენტაციით, ასევე ცრუ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობის გამორიცხვისა და პატიმრის უსაფრთხოების დაცვის ინტერესით. გარდა ამისა, ინსპექტორის მოადგილის თქმით, ისინი აპელირებდნენ, რომ დაცვის მხარეს გამოჰქონდა დაწესებულებიდან არასწორი ინფორმაცია და ისინი თავს ვალდებულად მიიჩნევდნენ, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ობიექტური ინფორმაცია.
სალომე ბახსოლიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მსჯელობა და დეტალებში შესვლა, სისტემატურ ხასიათს იღებს და რიგ მომენტებში სცდება კიდეც საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს:
„თანამედროვე მასმედიის გავრცელების საშუალებები ეს არ არის კონკრეტულ დროსა და კონტექსტში ინფორმაციის გავრცელება. ეს ინფორმაცია ათი წლის შემდეგაც ისე მარტივად იქნება ხელმისაწვდომი, როგორც დღეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საფრთხეები კარგად იყოს გაანალიზებული, აწონ-დაწონილი, ნამდვილად არის საჭირო ამ კონკრეტული დეტალების გაზიარება? თუ ზედმეტი დეტალია, რომელიც შესაძლოა სხვა რაღაცისთვის იყოს გათვლილი. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ მიუხედავად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ მაღალი საჯარო ინტერესისა, დაიცვან ბალანსი, რომელიც გულისხმობს ერთი მხრივ საზოგადოების ინტერესს და მეორე მხრივ, პირადი ცხოვრების დაცვას“.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის მეოთხე დასკვნის თანახმად, საყურადღებოა. ეს დასკვნა 14 დეკემბერს გამოქვეყნდა.
ექიმები აცხადებენ, რომ სახეზეა მთელი რიგი პრობლემები. მათ შორის, ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კერძოდ მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე; პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიული აშლილობის კლინიკური ნიშნები; ანემია; რიგ მედიკამენტებთან, მათ შორის, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გამოვლინდა უფრო ოპტიმალური დანიშნულების საჭიროება.
მათივე დასკვნის თანახმად, პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მიუხედავად, პაციენტს არ უტარდება ფსიქოთერაპია.
მარიამ ჯიშკარიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება:
„დღესდღეობით, წამყვანი დიაგნოზია ვერნიკეს სინდრომი, ანუ ვერნიკეს ენცეფალოპათია, რომელზეც მას მკურნალობა არ უტარდება“.
ვერნიკეს ენცეფალოპათია ეს არის მწვავე ფსიქონევროლოგიური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ცნობიერების აბნევით, აპათიით, მოდუნებით, თვალისა და მხედველობის ნერვების დამბლით, წონასწორობის დარღვევითა და ატაქსიით.
ცენტრი „ემპათია“, ამ დროისათვის, სწავლობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ დოკუმენტაციას, რომელიც მარიამ ჯიშკარიანის თქმით, ათასამდე ფურცელს მოიცავს. დოკუმენტაციის შესწავლის დასრულების შემდეგ, ალტერნატიული კონსილიუმი გამოაქვეყნებს ვრცელ დასკვნას, რომელიც შემდგომ სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაიგზავნება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.
მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა.