ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მაქსიმალურად უზრუნველყოფს თანამშრომლობას ეროვნული საკითხების გარშემო.
„დიდი მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ამ ინიციატივისთვის. რა თქმა უნდა, მისი ინსტიტუციური როლი, სწორედ, ეს გახლავთ, რომ პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას და პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობას შეუწყოს ხელი.
მან მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა, სამართლიანი შეფასებები, რაზეც ქალბატონმა პრეზიდენტმა გააკეთა განსაკუთრებული აქცენტი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი საფუძველი პოლიტიკური სისტემის და მომავალი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები, როგორც საგარეო პოლიტიკაში, ასევე საშინაო პოლიტიკაში. იყო ამასთან დაკავშირებით საუბარი, რომ პანდემიის დასრულება და ეკონომიკის აღდგენა დღეს შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით არის პრიორიტეტული.
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ასევე საერთო ამოცანა, რომელზეც ჯანსაღ პოლიტიკურ პარტიებს საერთო პოზიცია უნდა ჰქონდეთ. ეს ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ასეა.
„ქართული ოცნება“ იმ დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, რაც გავატარეთ, მომდევნო წლების განმავლობაშიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს პარლამენტშიც ყველა პოლიტიკურ ფორმატში ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემო“, - განაცხადა ღონისძიების შემდეგ თალაკვაძემ.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება პირველივე მოწვევაზე ყველა მოვიდესღონისძიებაზე პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ დაპატიჟა, რაც გამოვიდა შერიგების ინიციატივით. 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".
ქვეყანაში შერიგების აუცილებლობასა და ამ პროცესში მის როლზე სალომე ზურაბიშვილმა მცირე კომენტარი "France 24"-თან ინტერვიუშიც გააკეთა.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: მე ავიღე შერიგების ვალდებულება