საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ საახალწლო მიღებაზე მივიდა კითხვის დასასმელად, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, რას გააკეთებს იმისთვის, რომ დასრულდეს პოლიტიკური დევნა და ქვეყანა მართლაც წავიდეს თანხმობის მიმართულებით.
"მოვედი, რომ ქვეყანა წავიყვანოთ ეროვნული თანხმობის მიმართულებით და ქვეყანაში შევამციროთ ის უმძიმესი დაპირისპირების ფონი, რომელიც არსებობს. ეს შანსი უნდა იქნეს გამოყენებული, მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს მთავარი საკითხი - იმ პირობებში, როდესაც არსებობენ დაპატიმრებული და მეტიც, დასაჭერად გამზადებული პოლიტიკური ლიდერები, ეროვნული თანხმობა უბრალოდ ვერ შედგება. ამიტომ ვარ მე დღეს აქ და მთავარი კითხვა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იქნება შემდეგი - რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ დასრულდეს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა და რისთვისაც არის ის პირადად მზად, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, რას გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დასრულდეს პოლიტიკური დევნა და ქვეყანა მართლაც წავიდეს თანხმობის მიმართულებით",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას საახალწლო მიღებაზე მიწვევის შესახებ პოლიტიკური პარტიების ნაწილი დასთანხმდა, ნაწილმა კი უარი განაცხადა. შეხვედრის ოფიციალური მიზანი საახალწლო ღონისძიებაზე დასწრებაა, თუმცა პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განაცხადები აჩენს მოლოდინებს, რომ იქ პოლიტიკური საკითხებიც განიხილება.
ასევე ნახეთ ვინ მიდის და ვინ - არა პრეზიდენტთან საახალწლო მიღებაზესაქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური პროცესები ისევ დაიძაბა. ამ ფონზე სასულიერო პირებმა თუ პოლიტიკოსებმა საყოველთაო შერიგებაზე დაიწყეს საუბარი. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზია. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, პოლიტიკოსების შერიგება დღეს შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია.
შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".
ამ საკითხს საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ "France 24"-ისთვის მიცემული ინტერვიუში შეეხო:
"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც, ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც".
15 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქსაც გააცნო ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა და კურთხევა სთხოვა.
საქართველოს საპატრიარქოს თანახმად კი, პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია საზოგადოებაში შერიგების პროცესთან, რასაც საპატრიარქო მხარს დაუჭერს.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის ინიციატივა ილია მეორეს გააცნო ასევე ნახეთ სერგეენკოს თქმით, ორბელიანების სასახლეში მიმდინარე მიღება პოლიტიკური ეტიკეტის გამოხატულებაა