ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის მიღებაზე დასასწრებად მივიდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო.
„მე არ ვფიქრობ, რომ შერიგება, რომელიც ცალსახად მნიშვნელოვანი პარადიგმაა, ასე ცალსახად იყოს დაკავშირებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებასთან, რადგანაც ეს დაპირისპირება საქართველოში მის დაბრუნებამდე უკვე იყო.
დღევანდელი მიღება არის პოლიტიკური ეტიკეტის გამოხატულება საქართველოს პრეზიდენტისგან, რომელსაც ის ყოველწლიურად გამოხატავს თავის პატივისცემას, საქართველოში მოქმედი პარტიების მიმართ“, - თქვა სერგეენკომ.
შეკითხვაზე, შერიგებისთვის მთავარი საკითხი რა უნდა იყოს, სერგეენკო პასუხობს: „სიამოვნებით მოვისმენდი ამ საკითხებს. მხოლოდ ერთ საკითხზე ვისმენ ოპოზიციისგან, რომ პრეზიდენტის გათავისუფლება იქნება შერიგების საწინდარი, არასაკმარისი მოცემულობაა ეს ჩემთვის და ამას მალაპარაკებს ის, რომ ეს დაპირისპირება განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მწვავედ არის გამოხატული“.
შერიგების საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას დებს, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".
ქვეყანაში შერიგების აუცილებლობასა და ამ პროცესში მის როლზე სალომე ზურაბიშვილმა მცირე კომენტარი "France 24"-თან ინტერვიუშიც გააკეთა.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი: მე ავიღე შერიგების ვალდებულება ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული თანხმობის ინიციატივა ილია მეორეს გააცნო