თავიდან, როცა ამ სიმღერას ჩართავ, თითქოს გულის ბაგაბუგი ისმის.
მერე პირველი სიტყვა მოდის - „მჯერა“.
მერე პირველი წინადადება: მინდა ვუმღერო ყველა ქალს, ვინც ითმენს მოძალადე ქმარს...
და Rémmée-ც, იგივე თინი ნოღაიდელი, როგორც თავად მეუბნება, თავის ახალ სიმღერას, პირველ ქართულ ფემინისტურ ჰიმნს ასრულებს.
სიმღერას „დაო“ ჰქვია.
თხრობა რომ გავაგრძელო, ჯერ ამ სიმღერას უნდა მოუსმინოთ. ამიტომ, ჩართეთ.
თინიმ შეატრიალა და თქვა: „დაო, დითა ხარ ძლიერი“. რაო? სოციალურ ქსელში ამ ამბავს მაშინვე მოჰყვა რეაქცია - კარგიც, ცუდიც. მერე ამ ჰიმნში მოკლული ქალების სახელებიც ჩამოთვალა, მათ შორის, ტრანსგენდერი გოგოების და მათ უთხრა: „არ დაგტოვებთ სტატისტიკადო“. ძალადობის მსხვერპლ ქალებს წაუღიღინა, „ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე და არც ამ ბრძოლაში დავიღლებიო“.
ამ ჩართვამაც ბევრი გააბრაზა. რა გმირიო. ზოგმა საბრძოლო სიმღერად მიიღო, ხმლის შიშვლებად.
„დაოს“ „ფემინისტური მანიფესტიც“ უწოდეს.
იდავეს იმაზე, მართლა პირველი ქართული ფემინისტური ჰიმნია თუ არა. მილიონი შეტყობინება მიიღო. ამ წამს სიმღერას იუტუბზე 26 000-მდე ნახვა აქვს. როცა ეიფორიამ ოდნავ გადაიარა, უეცრად საკუთარ ფეისბუკზე თინიმ საჯარო ქამინგ აუთი გააკეთა.
„მე ვარ ლესბოსელი და იცოდეთ, რომ ეს ფუფუნებაა. მე ამას საქართველოში ვერ ვიტყოდი“, - ამ საჯარო სტატუსში კიდევ ბევრი რამ ეწერა, ალბათ, მთელი მისი 37 წლის განმავლობაში ნაგროვები და დაფარული სათქმელებიც, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ თინი, როგორც ღიად ქვიარი ქართველი არტისტი, სცენაზე ავიდა.
მეც, უკვე სცენაზე მდგარს ვთხოვე ეს ინტერვიუ და პირველი, რაც მითხრა, უნდა დავფიქრდე, არ ვიცი, ახლა თუ შემიძლია ყველაფერზე ლაპარაკი, იმდენად ძალაგამოცლილი ვარ, არ ვიცი, მზად ვარ თუ არაო. "მერე რა იქნებაზე" დაფიქრდა.
ბოლოს მაინც ვილაპარაკეთ. ამოთქმაზე, გაქცევაზე, წინა ცხოვრებაზე, ქამინგ აუთზე, წერაზე, სიმღერაზე, სიყვარულზე, რა ვიცი, ცოტ-ცოტა ყველაფერზე. და ახლა ამ ამბებს ერთად მოვყვებით. ხან ის. ხან მე.
„დაო“ რომ დაიწერებოდა, დიდი ხნის წინ იცოდა. ექვსი თვეა ჩანაწერებს ინახავს. მისი ბლოკნოტები „ნოუთებითაა“ სავსე.
მაგრამ ამხელა ამბავსაც არ ველოდი. თან, მინდოდა რაღაც ისეთი დამედო, რისიც არ შემრცხვებოდა.
დიდი ხანია, მღერის, ადრე ძირითადად, ცნობილი სიმღერების „ქავერებს“, პატარა სცენებზე, მისთვის უსაფრთხო სივრცეებში. უკვე ოცამდე თავისი სიმღერაც აქვს, მაგრამ პატარა აუდიტორიის გარდა ჯერ არავის მოუსმენია.
თუმცა, „დაოს“ მერე შეიძლება ბევრმა დაგუგლა - მე ასე ვქენი, მაგალითად. დროდადრო ინსტაგრამზეც წაუმღერებს ხოლმე, ან რომელიმე თავის სიმღერას მეგობრებს გაუზიარებს. მთავარია, იფიქროს, ამის გაშვება შეიძლება - თავის საზომს დაატოლოს და მერე უკვე, ფრთხილად, მაგრამ სხვებსაც უყვება თავის ამბებს - სიმღერებით.
„დაომ“ დიდი ენერგია წაიღო.
აი, თინი ერთ-ერთი მცდელობისას:
Your browser doesn’t support HTML5
მაგრამ, მგონია, რომ სადღაც მაინც გავარტყი ამ სიმღერით. კი, მაქვს ეგ შეგრძნება. ისეთ რამეზე რომ ვწერო სიმღერები, რაც არ მაწუხებს, მაგას გაჩუმება მირჩევნია.
ნელ-ნელა აძლევდა თავის თავს უფლებას, რომ სცენაზე ასულიყო. არაფერი დასაკარგი არ მაქვს, ამბობდა, ბოლოს და ბოლოს, დიდი ხელოვანებიც ხომ მდგარან ასეთ პატარა სცენებზე? ვისაც არ მოეწონება, არ მოეწონება, ადგება და წავა. ხო რა.
მასწავლებლობის პერიოდში, ლიონში ცხოვრებისას, სხვა გოგოებსაც ამას ასწავლიდა, თუნდაც იმდენი გამბედაობა გქონდეთ, რამდენიც ბიჭებს აქვთო. სინამდვილეში, ამას, თავის თავსაც ეუბნებოდა. იმ პატარა აჭარელ თინის, ქობულეთსა და გონიოში რომ იზრდებოდა.
აი, მითხარი, რომელი კაცი გაულანძღავთ ასე, მხოლოდ იმისთვის, რომ ძმობაზე იმღერა? თუმცა ამ ლაფის სროლას კაცებისგან თავიდანევ ველოდი. მაგრამ როცა ლანძღვა იმ სივრციდან წამოვიდა, რომლის ნაწილიც მგონია თავი, რაც აქტივისტი ვარ, ეს ძალიან მეტკინა.
ქართული „ფემინისტური ჰიმნის“ დაწერა სულ უნდოდა. თან, ფრანგულ აქტივიზმში ჩართული, ხედავდა, რამდენ ადამიანს აერთიანებდა, მაგალითად, 22 წლის მომღერლის, ანჯელის ეს სიმღერა. ან, კლარა ლუჩიანის „დაო“.
პირველად მაშინ წაიღიღინა „ჩემი გმირი გიწოდეო“, ფოტომოდელმა ნელი დოროყაშვილმა თავის ყოფილ ქმარს, ცნობილ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობისთვის რომ უჩივლა. მაშინ, თინის ადრესატიც ნელი იყო. მერე ნელი გაბევრდა და ბევრ ქალად იქცა.
იმ ამბიდან ცოტა ხანში საქართველოში კიდევ ერთი ქალი მოკლეს. მერე მეორეც. სიმღერის წერაც მაშინ დაიწყო.
ოღონდ არა, ეს არ არის ბრძოლის სიმღერა - ხმალი ავიღოთ და ერთმანეთი დავხოცოთ მოწოდებებით. ეს ქალების ერთად დგომის ჰიმნია.
ამ ჰიმნის დაწერამდე კი იყო მთელი 37 წელი.
თინის წინა ცხოვრება დავარქვათ. იმიტომ, რომ უკვე ორი წელია სხვა ცხოვრება დაიწყო.
ამ (ახალ) ცხოვრებაში თინიმ აღარ უნდა იცხოვროს ისე, როგორც სხვები იტყვიან, იმის შიშით, რომ ვინმემ არ ინერვიულოს, დამფრთხალმა, რომ ვინმემ რამე არ გაიგოს.
მაგრამ სანამ ყველაფერი გადაწყდებოდა, სანამ თინი დაიწყებდა წერას იმაზე, რაზეც სურდა, ჩაიცვამდა იმას, რაც სურდა და კიდევ ბევრი „რაც თინის უნდა“ მოხდებოდა, ლექსებს წერდა - ქართულად ანუ იმ ენაზე, რომელსაც საფრანგეთში, იქ, სადაც ცხოვრობდა, სხვა ვერავინ წაიკითხავდა.
ასე ენას შეფარებული თუ ენაში გაქცეული წერდა ოჯახზე, მონოგამიაზე, სიყვარულზე. წერდა იმას, რასაც „გარეთ“ ვერ გამოიტანდა. ამიტომ იყო, რომ ეს „მეები“ დამწყვდეული ჰყავდა, გარეთ კი სხვა, „ქავერების“ მომღერალ „მეს“ უშვებდა. და ხომ გითხარით კიდეც, ის „მე“ ისე გათამამდა, რომ სცენაზეც შედგა-მეთქი.
ასე ვიცხოვრე 35 წლამდე და პატრიარქატის შემოთავაზებულ მოდელს ყველა მსხვერპლი შევწირე. ოჯახი, შვილები. ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც ეს წესები მთხოვდა. მე ვუერთგულე ადამიანს, რომელმაც დამტოვა. არც ვამტყუნებ. და ეს იყო ჩემთვის გარდამტეხი მომენტი - აღარაფერი მაკავებდა, იმაზე მემღერა და მეწერა და ისე მეცხოვრა, როგორც მინდოდა. და დღეს ასეცაა.
ალბათ, ამაზე ამბობენ, დაჰკრა ფეხი და წავიდაო. ბავშვები გაზრდილები იყვნენ. სიყვარული დამთავრებული. მიატოვა სამსახური, სადაც, ალბათ, მშვიდად შეეძლო სიცოცხლის ბოლომდე ემუშავა და წავიდა იქ, სადაც, მაშინ მთავარ კითხვაზე უნდა ეპასუხა - მართლა ვინ ვარ?
ცოტა ხნით ადრე, წინა ცხოვრებაში, თავის ქმართან ერთი ძალიან ჰიპოთეტური დიალოგისას იკითხა, ერთ დღეს რომ დავშორდეთ, ვინ რას იზამსო და თავისი პასუხიც მაშინ მოიფიქრა, მე სტოკჰოლმში წავალ და მომღერალი გავხდებიო.
ჰოდა, ახლა ზუსტად იქაა. ჩრდილოეთში. ნეიტრალურ ადგილას, რომელთანაც არაფერი აკავშირებდა, დღეს კი არავინ ეკითხება, როცა ამბობს, მე ლესბოსელი ვარ - რას ჰქვია ლესბოსელი ხარ? ეს თმა რატომ აიპარსე? ეს რა გაქვს ცხვირში გაყრილი? ასე რატომ გაცვია?
ანუ, თინის სიტყვებით უკეთესია ვთქვა: ის აღარ ზის საკუთარი წარსულის გალიაში, იქ სადაც:
მე ვიყავი გათხოვილი, ჰეტერო ქალი მასწავლებელი. და ყველას სურდა, რომ სულ ასეთი ვყოფილიყავი. ახლა შემიძლია ისეთი ვიყო, როგორიც მინდა. ამ ორი წლის განმავლობაში მივხვდი, რომ ის თინი, რომელიც იყო ძალიან ფემინური, კი ძალიანაც მიყვარდა და მომწონდა, მაგრამ ეგ თინი ბევრ რამეს აკეთებდა იმისთვის, რომ კაცებს მოსწონებოდათ. დღეს უკვე იმაზე აღარ ვფიქრობ.
ახლა კარადის უჯრის გამოღება და ტანსაცმლის შერჩევაც უფრო გაადვილდა. არჩევანი - კომფორტულისკენ გადაიხარა. ეს ქალური ტანსაცმელია თუ კაცური - საკუთარი თავისთვის დასმული ეს კითხვებიც სადღაც აორთქლდა.
მაგრამ ახლა სხვა სირთულეებია. ახლა თინი „თავისი მონსტრების მოთვინიერების“ გზას ადგას. მაგალითად, მარტოობის შიშის.
მარტო რომ რჩები, ყველა გეუბნება - შენ არ იქნები მარტო! და პირველ რიგში, როგორც წესი, თეთრი რასის, ჰეტერო პრინცს გთავაზობენ.
არ არის ეგრე ადვილი ყველაფერი. მუდმივი შფოთვა, როდემდე ვიქნები უსამსახუროდ? - არსად მიდის. მაგრამ თან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხელოვნების სასარგებლოდ რაღაც გადაწყვეტილება მიიღო - თავისი დანაზოგი მარტო თავის თავს აჩუქა და თქვა, მიდი, თინი წერე. ბოლო ექვსი თვეა, ყოველ დილით, როგორც სამსახურში, ამოჩემებულ ბარში საწერად მიდის და რამდენიმე საათი წერს.
ამას ჰქვია, მეგობრები მეხმარებიან, რომ მწერალი გამოვიდე და თან მართლა მინდა, რომ ლიტერატურაში ქალების, ჩემგან დანახული, ქვიარ მოდელები შევქმნა. იცი, რომ ბოლო დროს სულ ქალ მწერლებს ვკითხულობ? ქალებს კი ვჭირდები და ამიტომ მირჩევნია, ისინი ვიკითხო. ასე გადავწყვიტე.
იმ საჯარო ქამინგ აუთის შემდეგ რა მოხდა? ყველაზე მეტად მაინც მშობლების ამბავი მაინტერესებს - ჯერ ერთი, ქვიარ აქტივისტებისგან ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს ოჯახის ზურგს და მეორეც, მეგობრებისა და ქვიარ თემისთვის, სადაც თინის კარგად იცნობენ, ეს არ ყოფილა მისი პირველი ქამინგ აუთი.
სექტემბრის ბოლოს გადაწყვიტა ეთქვა მათთვის.
რამდენიმე მედიამ, როგორც ქვიარ მუსიკოსს, ინტერვიუ სთხოვა და მაშინ უცებ აღმოაჩინა, რომ დედამ არ იცოდა თინის იდენტობის ამბავი.
ეს რომ ვთქვი, უცებ ძალიან დავპატარავდი. რაღა დროს ჩემი „დედიკომ არ იცის“ იყო. მაგრამ თუ ადრე ყველაფერზე შემეძლო წინ დამესვა ჩემი მშობლები და მეთქვა სათქმელი, ახლა ეს ვერ ვქენი.
ამიტომ ორივეს წერილი მისწერა.
მამამ უპასუხა, რომ ძალიან უყვარდა და რომ დედას ამის მისაღებად დრო დასჭირდებოდა.
ეს ესმის თინის და ელოდება.
მაინტერესებს, თბილისში რომ ჩამოვა, თუ შეხვდება. თუ ახლა მათ ნახავს, მხოლოდ ისევ მათზე ზრუნვის გამო. თორემ ისე, დღეს ყველაფერს მაინც მარტო ყოფნა ურჩევნია, სადმე, უსაფრთხო სივრცეში, სადაც არ ჰკითხავენ, რატომ არ ბრუნდება ლიონში, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს.
ასეთ დროს შეიძლება უბრალოდ ჰკითხო ადამიანს, რა გჭირდება? მე რომ ჩემებმა ეს მკითხონ, ვეტყვი, მითხრან: თინი, გვიყვარხარ, ის გააკეთე, რაც შენ გჭირდება. და ამ წამს ყველაზე მეტად მჭირდება ვიყო თბილისში და ჩემს დას, ეთუნას ჩავეხუტო, მეტი არაფერი.
რა არ გკითხე? ან რა გინდა გკითხონ? ბოლოს ვკითხე.
სანამ თინი პასუხზე ფიქრობს, მის ამ სიმღერას მოვუსმინოთ.
აი, სულ ვფიქრობ, ჰეტეროადამაინებს ისე მარტივად ეკითხებიან ხოლმე მათი პირადი ცხოვრების შესახებ და ნეტა, როგორც ლესბოსელს, მარტივად მკითხავენ, შეყვარებული თუ მყავს? აი, შენ, ყოფილ ქმარზე ხომ მკითხე რაღაცები და რატომ არ მკითხე „Swedish Girl“ ვის მივუძღვენი?
მითხარი.
ეს სიმღერა ერთ გოგოზეა, რომელიც იყო ჩემი პირველი დიდი ლესბოსური „ქრაში“, მაგრამ, სამწუხაროდ, მე დღეს ამ გოგოსთან არ ვარ, დასაწყისშივე დასრულდა ეგ ამბავი. მაგრამ სიმღერები დაიწერა და ახლა, მთელი ალბომი თითქმის მზადაა ჩასაწერად.
ახლა მთავარია, წიგნიც დაასრულოს. ბოლოს გადაწყვეტს, გაბედავს და თინი ნოღაიდელი იქნება ავტორი თუ ყველა ამბავს, რასაც ახლა წერს, მაინც ფსევდონიმს ამოაფარებს.