წითელი ჯვრის წარმომადგენლები მამუკა ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში მოინახულებენ

მამუკა ჩხიკვაძე

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლები მამუკა ჩხიკვაძის ნათესავებს უკვე დაუკავშირდნენ და ცხინვალის იზოლატორში მათ მიერ დაწერილი წერილიც წაიღეს. წითელი ჯვარი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ცხინვალის იზოლატორსა და ციხეში პატიმრების მონახულების საშუალება აქვს.

ყოფილი ჯარისკაცის ბიძა მილერ კაპანაძე ამბობს, რომ წითელი ჯვრისგან მამუკას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ელოდებიან.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ 12 დეკემბერს გახდა ცნობილი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე ცნობა გაავრცელა. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლება დუმს. ჩხიკვაძის მეგობრები და ნათესავები კი აცხადებენ, რომ მას იზოლატორში წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება, რადგან ყოფილ ჯარისკაცებს როგორ ექცევიან ცხინვალში, ეს არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევამაც დაადასტურა. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მამუკა ჩხიკვაძე მეგობარს, გიორგი კასრაძეს ესაუბრა, რომელიც რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაკავებულის მეგობრები შეშფოთებულები არიან და საქართველოს ხელისუფლებას მის გასათავისუფლებლად აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებენ.

ასევე ნახეთ რა საფრთხის წინაშე დგას საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე

მამუკა ჩხიკვაძის გასათავისუფლებლად ხელისუფლებას აქტიურობისკენ სოფელ ბრეთის მცხოვრებლებიც მოუწოდებენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ განსაცდელში იმ ჯარისკაცის მიტოვება, რომელიც ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდა, არასწორი საქციელი და ცუდი მაგალითი იქნება სხვა ვეტერანებისთვის.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვითონ იყო ცხინვალის ციხის პატიმარი, მამუკა ჩხიკვაძის ოჯახს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის გასაგზავნად ეხმარებიან, საქმეში უკვე ჩართულია ადვოკატი ნიკოლოზ ლეგაშვილი, რომელსაც იმედი აქვს, რომ სტრასბურგი დროებით ღონისძიებას გამოიყენებს და ამ გზით მოხდება ჩხიკვაძის გათავისუფლება.

მამუკა ჩხიკვაძე

ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს. 14 დეკემბერს მისი მეგობრების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან.

ბოლო ერთ კვირაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ჩხიკვაძის დაკავებამდე, 10 დეკემბერს, ოკუპირებულ სოფელ წინაგრის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ორივე დაკავებული, კახაბერ ნათენაძე და ვალერი კანიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტიდან არიან. სუს-ის ინფორმაციით, მათ მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.