ნატოს კარზე კაკუნის 20-წლიანი ისტორია

2002 წლის 22 ნოემბერს, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამიტზე, რომელსაც ჩეხეთის დედაქალაქმა პრაღამ უმასპინძლა, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ პირველად განაცხადა ოფიციალურად, რომ საქართველოს სურს გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. 2008 წლის 2-3 აპრილს ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველომ ვერ მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), მაგრამ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ ნატოს წევრები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაპირება ალიანსის მომდევნო სამიტებზეც მრავალჯერ დადასტურდა, საქართველო და უკრაიანა დღემდე ვერ გახდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. მეტიც, ახლახან, რუსეთმა ნატოში შემავალი ქვეყნებისგან მოითხოვა, ოფიციალურად თქვან უარი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“.

როგორ დავაკაკუნეთ

2022 წელს ზუსტად 20 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც პრაღაში, ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მიერ, გასული საუკუნის 80-იან წლებში კომპარტიის ყრილობების ჩასატარებლად აშენებულ დარბაზი, სადაც ნატოს წევრი და მისი პარტნიორი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა:

„ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამიტზე შემიძლია განვაცხადო: საქართველოს სურს, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო და მზადაა ყოველივე იღონოს, რათა ღირსეულად მოემზადოს ამ ისტორიული მისიისათვის. საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის ეს არც ისე მოკლე გზაა, მაგრამ არც ისე გრძელი, როგორც სულ ორიოდე წლის წინ მოჩანდა...“

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" ნატოს პრაღის სამიტის შესახებ. 2002 წლის 21 ნოემბერი

ნატოს პრაღის სამიტზე სიტყვით გამოსვლამდე, ედუარდ შევარდნაძე ეწვია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სათავო ოფისს, სადაც გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ახალგაზრდა თანამშრომელმა, შორენა ლორთქიფანიძემ საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხა, რომელ მთავარ სირთულეებს გამოყოფდა ნატოში საქართველოს გაწევრიანების გზაზე.

„ორი პრობლემა მინდა დავასახელო, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, - პირველი - ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე. ჩვენ, როგორც ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ მყარად ვერ დგას ფეხზე, უნდა გავძლიერდეთ. ძლიერ საქართველოს ყველა გაუწევს ანგარიშს. მეორე პრობლემა, რომელიც ასევე არანაკლებ გვაწუხებს და შეიძლება უფრო მეტადაც, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა... ეს ორი გამოკვეთილად რთული პრობლემაა“.

NATO--ს გენერალური მდვინის ჯორჯ რობერტსონის წერილი საქართველოს პრეზიდენტს

ამ შეხვედრიდან 19 წლის შემდეგ შორენა ლორთქიფანიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2002 წელს საქართველოს უამრავი პრობლემა ჰქონდა - კორუფცია, სიღარიბე, ენერგოკრიზისი, პოლიტიკური დაპირისპირება, დაძაბულობა პანკისის ხეობაში და ა.შ., თუმცა, ამის მიუხედავად, პრაღაში ჩასული საქართველოს მრავალრიცხოვანი დელეგაცია აჟიტირებული იყო მოსალოდნელი განაცხადისა და დიდი ყურადღების გამო.

„ეს ყველაფერი ძალიან იმედიანად განგვაწყობდა, რაღაც ვადებიც კი დასახელდა: 2007-2008 წლები. დაახლოებით ამ დროზე იყოს ლაპარაკი, რომ 5-7 წელში მეტი სიცხადე უნდა ყოფილიყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. თუ გახსოვთ, გაწევრიანების დიდი ტალღა იყო მაშინ. 7 ქვეყანა მიიღეს ალიანსში. ცოტა ხნით ადრე, 2002 წლის თებერვალში ნატოს შტაბბინაში ყოფნის დროსაც ისეთი განცდა დამეუფლა, რომ საქართველო მართლაც შეიძლებოდა გამხდარიყო ნატოს წევრი. ცხადია, განწყობა, რომ ხვალ მიგვიღებენ, ასეთი არ მქონია, თუმცა არც 20 და მეტი წელი წარმომედგინა“, - უთხრა შორენა ლორთქიფანიძემ რადიო თავისუფლებას.

ედუარდ შევარდნაძეს ასევე ჰკითხეს რუსეთთან პრობლემური ურთიერთობის შესახებ.

„არ ღირს საკითხის დრამატიზირება“, - ასეთი იყო საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, „პრობლემები არა მარტო საქართველოს აქვს რუსეთთან, არამედ ზოგიერთ სხვა ქვეყნებსაც, მაგრამ პრობლემები არსებობენ იმისათვის, რომ ისინი დავძლიოთ“.

შორენა ლორთქიფანიძე

შორენა ლორთქიფანიძეს არ უკვირს, რომ შევარდნაძემ რუსეთის საკითხზე, როგორც ნატოში საქართველოს გაწევრიანებისათვის ხელშემშლელ ფაქტორზე, დიდხანს და ხაზგასმით არ ილაპარაკა.

„თუ გავიხსენებთ 2000-იანი წლების დასაწყისს, რუსეთი ცოტა სხვანაირადაც იქცეოდა, - ამბობს შორენა ლორთქიფანიძე, - პუტინის პოლიტიკა განსხვავებული იყო, მეტად თანამშრომლობდა როგორც ნატოსთან, ასევე ევროკავშირთან. ცხინვალთან და სოხუმთანაც 2000-იანების დასაწყისში არსებოდა კონფლიქტის გადაჭრის, პოზიტიური ნაბიჯების გადადგმის იმედი... რუსეთი თანახმა იყო, შეესრულებინა ეუთოს სტამბოლის 1999 წლის შეთანხმება და გაეყვანა საქართველოდან სამხედრო ბაზები. რუსეთს პარტნიორული, კონსტრუქციული ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან და ა.შ. ერთი სიტყვით, მაშინ რუსეთის საკითხი ისე მწვავედ არ იდგა, როგორც ახლა დგას“.

ბუქარესტში გაშვებული შანსი

2002 წლისთვის რუსეთი თვითონაც აქტიურად თანამშრომლობდა ნატოსთან. შემთხვევითი არ არის, რომ პრაღის სამიტზე მიწვეული იყვნენ თვით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი. სწორედ მათ გასაგონად თქვა ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა:

„რუსეთს არაფრის არ უნდა ეშინოდეს ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ალიანსი უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს მთელი რეგიონის სივრცეში“.

ჯორჯ ბუში

ედუარდ შევარდნაძემაც თბილისში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ „არავითარი ობიექტური საფუძველი რუსეთის მტკივნეული რეაქციისა არ არსებობს და ამგვარი რეაქცია არც გამოხატულა“.

თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთს ნატოს გაფართოების მაშინაც ეშინოდა. ყოველ შემთხვევაში, გავლენიანი რუსი პოლიტოლოგების წრეში გაღიზიანებას ვერ მალავდნენ ალიანსის მზარდი გაფართოების გამო. პრაღის სამიტის დღეებში გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, ვიაჩესლავ ნიკონოვმა კითხვას, კიდევ ვის მიიღებენ ნატოში, ასე უპასუხა:

„შესაძლოა, უკრაინას, მაგრამ არა უადრეს 10 წლისა. საქართველოს კი - 20 წლის შემდეგ, მაგრამ ამისთვის იგი ჯერ სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბდეს“.

ვიაჩესლავ ნიკონოვი

ნატოში გაწევრიანების ვადებთან დაკავშირებით ილუზიები არც ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა, ჯერ კიდევ პრაღაში ყოფნისას განაცხადა, რომ ამ პროცესს შეიძლება ერთი და ორი წელი არ ეყოსო.

„მზად ვართ შევიდეთ ნატოში, როცა ამისათვის თვითონ საქართველო იქნება მზად. იმ სტანდარტებს უპასუხებს, რაც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისათვის“, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ პრაღის სამიტიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ.

საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა სულ მალე განაცხადეს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის. 2008 წლის 5 იანვარს გამართულ პლებისციტში შეკითხვას, „უჭერენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)“, დადებითად უპასუხა ამომრჩეველთა 77%-მა.

მიხეილ სააკაშვილი, 2008 წ.

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღებდა, თუმცა, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იხსენებს, გადამწყვეტი აღმოჩნდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მაშინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის პოზიცია:

„მისი [მერკელის] სიტყვების შინაარსი ასეთი იყო: შენ მიდიხარ თეთრ სახლში, მე კი მინდა გაგაფრთხილო, რასაც უნდა დაგპირდეთ ბუში, მე არ დავუშვებ, რომ საქართველომ ბუქარესტში მიიღოს ნატოს წევრობა. შემდეგ შევიტყვე, რომ მერკელი მზად იყო იმისთვის, რომ წევრობა მიეღო უკრაინას, ოღონდ არა საქართველოს. მერკელი იზიარებდა ძველ კონცეფციას, რომ საქართველო არ არის ევროპა“.

ანგელა მერკელი და ჯორჯ ბუში

სააკაშვილის თქმით, მისთვის მოულოდნელად, გერმანიას მიემხრო საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, ასევე ბელგია და ჰოლანდია. პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები სამიტის კომუნიკეს ბლოკირებით იმუქრებოდნენ, მაგრამ მერკელმა მოიფიქრა საკითხის კომპრომისული ფორმულირება: „საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები“.

შესაბამისად, საქართველომ ბუქარესტში ვერ მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), თუმცა 2008 წლიდან ახორციელებს წლიურ ეროვნულ პროგრამას, რომელიც, თავისი არსით, სწორედ MAP-ის პრაქტიკული ნაწილია.

უკან პრაღაში?

პრაღის სამიტიდან თითქმის 20 წლის შემდეგაც საქართველო მხოლოდ აკაკუნებს ნატოს კარზე. 2015 წლის დეკემბერშიც, კომუნიკეში, რომელიც ბრიუსელში, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში მიიღეს, ჩაიწერა, რომ ალიანსი მიესალმა მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია და, რომ „საქართველოს ალიანსთან ურთიერთობა ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს შეიცავს იმისათვის, რომ, საბოლოოდ, წევრი გახდეს“.

ნატო-საქართველო

ბრიუსელის ნატოს მინისტერიალის კომუნიკეს კომენტირებისას, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ „არ უნდა შევწყვიტოთ არც კაკუნი NATO-ს კარზე და არც იმის გამეორება, რომ გვინდა NATO-ს წევრობა“.

ვისი მიზეზით არ იღება ნატოს კარი?

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველო პირნათელია ნატოს წინაშე.

„ჩვენი ბრალი პრაქტიკულად არ ყოფილა, არანაირი მიზეზი არ მიგვიცია. რაც შეეხება ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას და თავდაცვის საკითხში ნატოს მოთხოვნების შესრულებას, არაფრით ჩამოვრჩებოდით ნატოს სხვა კანდიდატ სახელმწიფოებს, რომელთა ნაწილი მიიღეს, ნაწილი კი პროცესშია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილმა.

კახა გოგოლაშვილი

ალიანსის ხელმძღვანელობამ არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს ე.წ. MAP-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) გადაცემა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილად რჩება.

„ყოველთვის არსებობდა რუსეთის "უხილავი ვეტოს" პრინციპი, თუმცა უნდა ითქვას, რომ 2014-2015 წლებამდე, ვიდრე რუსეთი მოახდენდა უკრაინის ნაწილის ოკუპირებას, ნატოს წევრი ქვეყნები და ხელმძღვანელობა პირდაპირ უარყოფდნენ, რომ რუსეთის გამო არ არის შეფერხებული გაფართოება, იყო საუბარი, რომ თითქოს საქართველო და უკრაინა ჯერჯერობით ვერ ასრულებენ მოთხოვნებს და არ არიან მზად წევრობისთვის, მაგრამ აშკარაა, რომ მთავარი მიზეზი იყო რისკები, რომლებთანაც დაკავშირებულია ამ ქვეყნების ნატოში მიღება. ნატო თავდაცვითი ალიანსია. თუ რომელიმე ახალი წევრის მიღება მათ თავდაცვის უნარიანობის ხარისხს ამცირებს, ასეთ გადაწყვეტილებას ზოგი ქვეყანა შეიძლება ლეგიტიმურად არ დაეთანხმოს. მათთვის პრიორიტეტია საკუთარი ქვეყნისა და ხალხის დაცვა. ყველა ქვეყნას აქვს ეს ინტერესი. ეს არ არის ალტრუიზმი: სხვები დავიცვათ და ამისთვის გავფართოვდეთ. საკითხავია, გაფართოება ნატოს უსაფრთხოებას გაზრდის თუ შეამცირებს? თანაც ეს პროცესია. არ ხდება მყისიერად ინფრასტრუქტურის გაფართოება და თავდაცვისუნარიანობის (თუნდაც საქართველოსი ან უკრაინის) გაზრდა. იზრდება ნატოს ძველი წევრების პასუხისმგებლობა. სწორედ ეს სიტუაცია ქმნიდა ვითარებას, როცა ნატოს არ აწყობდა მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გაფართოება ჩვენს მხარეს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას კახა გოგოლაშვილმა.

NATO-ს სამხედრო ხომალდები ბათუმში

როგორც ჩანს, რუსეთი ვეღარც „უხილავი ვეტოთი“ გრძნობს თავს მშვიდად, რადგან NATO-ს დამფუძნებელი წესდების, ე.წ. ვაშინგტონის ხელშეკრულების, მე-10 მუხლის მიხედვით, ნატოს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მოიწვიონ ალიანსში ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში. შესაბამისად, სულ ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალიანსისგან საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევასა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში შეიარაღების განუთავსებლობასთან დაკავშირებით გარანტიები მოითხოვა:

„ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები“, რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ყველა წევრი-სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას - „არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“.

სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

კახა გოგოლაშვილის თქმით, რუსეთის საგარეო უწყების ეს განცხადება იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ მოსკოვი აღარ არის დარწმუნებული, რომ აქამდე გამოცდილი მეთოდებით კვლავ შეძლებს ნატოს გაფართოების წარმატებით შეფერხებას:

„რუსეთი აღარ არის დარწმუნებული, რომ ამ გართულებულ ვითარებაში, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის იზრდება და იზრდება, ნატო არ ჩათვლის, რომ სჯობია საქართველო და უკრაინა გააწევრიანოს ალიანსში და მეტად დაუპირისპირდეს რუსეთს. რუსეთი არ არის დარწმუნებული, რომ ნატო კვლავ გააგრძელებს მისი "უხილავი ვეტოს" გათვალისწინებას და ამიტომ მოითხოვა წერილობითი გარანტიები, რომ ჰქონდეს რაღაც სახელშეკრულებო ბაზა, რომ შემდეგ პრეტენზიები წამოუყენოს ნატოს ქვეყნებს, თუ ისინი გააგრძელებენ გაფართოებას“.

კახა გოგოლაშვილის თქმით, აშკარაა, რომ ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთის ამ შეთავაზებას არ მიიღებენ, რადგან ეს შეთავაზება ეწინააღმდეგება 1990 წელს ახალი ევროპისთვის მიღებულ პარიზის ქარტიას.

„არავის აქვს უფლება, რომ დაუშალოს მეორე ქვეყანას გაწევრიანდეს რომელიმე ალიანსში. თუ ნატო დათანხმდება რუსეთს, მაშინ გამოვა, რომ ალიანსი თვითონაც არღვევს პარიზის ქარტიის დებულებებს, ამას კი ნატოს წევრი ქვეყნები არ გააკეთებენ არავითარ შემთხვევაში, რადგან ამით დაინგრევა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება ბუქარესტის სამიტის კომუნიკეს რედაქტირების თაობაზე, გააპროტესტა საქართველოს საგარეო უწყებამ. სავარაუდოდ, ამ საკითხს გვერდს ვერ აუვლის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს 15 დეკემბერს უნდა შეხვდეს ბრიუსელში.