რა საფრთხის წინაშე დგას საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძე

მამუკა ჩხიკვაძე

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საპროტესტო აქციებს აანონსებს. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ყოფილი ჯარისკაცის, მამუკა ჩხიკვაძის სიცოცხლე საფრთხეშია. ჩხიკვაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ 12 დეკემბერს გახდა ცნობილი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე ცნობა გაავრცელა. მას შემდეგ საქართველოს ხელისუფლება დუმს. დავით ქაცარავა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ მოიპოვონ მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, რადგან, მისი ცნობით, ჩხიკვაძე ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

„მამუკა ჩხიკვაძის გამოცდილების და წარსულის მქონე ადამიანები, საოკუპაციო რეჟიმისთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტები არიან. შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება სერიოზული საფრთხე. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ხელისუფლებიდან, რომელიც მეოთხე დღეა დუმს და თუ დღესაც არ დაირღვა ეს დუმილი და კონკრეტულ ინფორმაციას არ მოგვაწვდიან, მაშინ ჩვენ გადავალთ იმ საპროტესტო აქციებზე, რომლებიც არც ხელისუფლებას მოეწონება და არც რუსებს“.

ცხინვალის იზოლატორში ჩხიკვაძის ცემის შესახებ ინფორმაციას, დაკავებულის ყოფილი თანამებრძოლი სევერიან დადეშელიც ავრცელებს. მისი თქმით, ცხინვალიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მამუკას იზოლატორში სასტიკად ეპყრობიან. დადეშელი ვეტარანებს და ხელისუფლებას აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს:

„დაგვიკავშირდნენ ტელეფონით, სავარაუდოდ, მაგრად არის ნაცემიო და სხვა პასუხი არ გამოდის. ამაზე დიდი რეაგირება უნდა გააკეთოს მთავრობამ. მოვუწოდებ ყველა ვეტერანს და მოქალაქეს, დავდგეთ ფეხზე. ერთადერთი საფრთხე ისაა, რომ მოკლავენ და ტატუნაშვილის გზას დააყენებენ, იმიტომ რომ ნაბრძოლი ბიჭია და მაგას არ აპატიებენ“.

ასევე ნახეთ საოკუპაცო ძალებმა სოფელ ნიქოზთან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

მამუკა ჩხიკვაძის მშობლიურ სოფელ ბრეთში დღეს არჩილ ტატუნაშვილი და ცხინვალში მისი წამებით მკვლელობა ბევრს გაახსენდა. ჩხიკვაძის ახლობლები აცხადებენ, რომ ოკუპირებულ რეგიონში ყოფილ ჯარისკაცებს სასტიკად ეპყრობიან, მათ აწამებენ და სცემენ, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან.

რა ვიცით მამუკა ჩხიკვაძეზე? მხოლოდ რამდენიმე დეტალი მისი ცხოვრებიდან

მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის ფონზე

რადიო თავისუფლებას მამუკა ჩხიკვაძის ერთ-ერთი თანამებრძოლიც დაუკავშირდა, რომელმაც დაკავებულის მიერ ნიქოზთან გადაღებული ფოტოები გამოუგზავნა. ამ ფოტოების გადაღების შემდეგ ჩხიკვაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მალევე დააკავეს. წყარომ ყოფილი ჯარისკაცის შესახებ ინფორმაციაც მოგვაწოდა, რომლის დეტალებს მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ გავასაჯაროებთ, თუმცა საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ჩხიკვაძე შავნაბადას ბატალიონის ჯარისკაცი იყო და ერაყისა და ავღანეთის მისიებში მონაწილეობდა. წყაროს ცნობით, ჯარიდან წასვლის შემდეგ მან სხეულზე შავნაბადას ბატალიონის სიმბოლოც ამოისვირინგა, ამიტომ მის თანამებრძოლებს ეს ფაქტი ახლა ყველაზე მეტად აშინებთ, რადგან იციან, როგორ ეპყრობიან ცხინვალში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები.
სუს-ი

ბოლო წლებში მამუკა ჩხიკვაძე ბათუმში დასთან ერთად ცხოვრობდა. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში კი მამის საფლავის მოსავლელად ჩადიოდა. ბათუმში რამდენიმე დღეში უნდა გაბრუნებულიყო და თან ღვინო უნდა წაეღო, დედის გარდაცვალებიდან 40 დღე ახლოვდება, თუმცა ბათუმის ნაცვლად ცხინვალის იზოლატორში აღმოჩნდა. მანამდე კი, ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, შემდეგ ზემო ნიქოზის სასაფლაოზე. მის მიერ გადაღებულ ფოტოზე ცხინვალის გარეუბანი „შანხაი“ მოჩანს, სწორედ აქ დააკავეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, ინფორმაციის მიღებისთანავე, სუს-მა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო პარტნიორებს და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები“, - წერია უწყების განცხადებაში.

14 დეკემბერს, ცხინვალის ციხის ყოფილმა პატიმარმა ექიმმა-ტრავმატოლოგმა ვაჟა გაფრინდაშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას მამუკა ჩხიკვაძის მონახულების თხოვნით მიმართა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც ცხინვალის იზოლატორსა და ციხეში პატიმრის მონახულება შეუძლია. გაფრინდაშვილს წითელი ჯვრიდან აცნობეს, რომ ოჯახის წევრის მიმართვაა საჭირო. ვაჟა გაფრინდაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ჩვენ ყოველთვის ძალიან გვაშფოთებს, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დაკავება ან შევიწროება ხდება, ეს, რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს. ეს მაშინ მოხდება, როდესაც რუსეთი თავის ვალდებულებას შეასრულებს...
კელი დეგნანი

ოსურ მედიას ჩხიკვაძის დაკავების და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩხიკვაძის შესახებ 13 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად უწყება ყველა ბერკეტს იყენებს.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე თქვა, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება შემაშფოთებელია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და შეწყდეს უკანონო დაკავებები.

„ჩვენ ყოველთვის ძალიან გვაშფოთებს, როდესაც საქართველოს მოქალაქეების დაკავება ან შევიწროება ხდება, ეს, რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს. ეს მაშინ მოხდება, როდესაც რუსეთი თავის ვალდებულებას შეასრულებს, რომელიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერით აიღო. ეს ძალიან მარტივია. ყველა ელოდება იმას, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს აღნიშნული შეთანხმება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი დიალოგსა და გარემოს გაუმჯობესებაზე. როგორც კი რუსეთი 2008 წლის შეთანხმებას შეასრულებს, ასეთი ტიპის ფაქტები შეწყდება“, - განაცხადა დეგნანმა.

ბოლო ერთ კვირაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ჩხიკვაძის დაკავებამდე, 10 დეკემბერს, ოკუპირებულ სოფელ წინაგრის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ორივე დაკავებული, კახაბერ ნათენაძე და ვალერი კანიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტიდან არიან. სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.