13 დეკემბერს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „ომიკრონის“ რამდენიმე საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობდა კვლევა, თუმცა, „ომიკრონის“ არსებობა, ამ ეტაპზე, არ დადასტურდა.
„ომიკრონის“ პირველი შემთხვევის დადასტურებიდან სამი კვირაც არ არის გასული და ის უკვე მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. 13 დეკემბერს დადასტურდა „ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევაც. “არსებობს მოლოდინი, რომ „ომიკრონის“ ოფიციალურად დადასტურებული პირველი შემთხვევის შესახებ საქართველოც უახლოეს პერიოდში გაავრცელებს განცხადებას.
ქვეყანაში ვაქცინაციის უკიდურესად დაბალი მაჩვენებლის ფონზე, როდესაც მოსახლეობის მხოლოდ 26.32%-ია სრულად ვაქცინირებული და იმის გათვალისწინებით, რომ „ომიკრონი“ გავრცელებისა და რეინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი უნარებით ხასიათდება, დარგის სპეციალისტები უკვე ალაპარაკდნენ იმ არასახარბიელო პროგნოზებზე, რომლის წინაშეც, შესაძლოა, ქვეყანა უახლოეს მომავალში აღმოჩნდეს.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი არ ერიდება ხისტი განცხადებების გაკეთებას საქართველოში მოსალოდნელი მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ. „ეს იქნება არათუ ტალღა, არამედ ცუნამი“, - ამბობს ექიმი, რომლის თქმითაც, „ომიკრონის“ გავრცელებისა და მისი რეპროდუქციული მაჩვენებლის შესაძლებლობებით, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში ინფიცირების ოფიციალურმა დღიურმა მაჩვენებელმა 10 000-ს გადააჭარბოს. დაღუპულთა რიცხვი კი მომდევნო თვეებში კიდევ 14-15 ათასით გაიზარდოს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პირველ ხუთეულშია ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით და მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს კორონავირუსი ერთხელ უკვე გადატანილი აქვს, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის 50% ინფექციის მიმართ კვლავ მოწყვლადია:
„ჩვენს მოსახლეობას ეს ძალიან არ მოსწონს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ წინასწარი ეპიდემიოლოგიური და სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ მილიონნახევარი ადამიანიდან, რომელთა იმუნური სისტემა მოუმზადებელი ხვდება „ომიკრონს“, არც ვაქცინა უნდათ და არც გადატანილი აქვთ ვირუსი, მათი ერთი პროცენტი, დაახლოებით 14-15 ათასი ადამიანი დაიღუპება, რადგან „ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბით, ის მოსახლეობის 99%-ს შეხვდება. გვექნება ვაქცინაცია ან გადატანილი ვირუსის იმუნიტეტი? მაშინ სიკვდილიანობა და დაზიანება იქნება მინიმალური. შევხვდებით ვირუსს იმუნური სისტემის მომზადების გარეშე? მაშინ, სამწუხაროდ, ადამიანების ერთი პროცენტი, 1000 ინფიცირებულიდან 10 ადამიანი, გარდაიცვლება. ეს არის სამწუხარო პერსპექტივა და ეს უნდა ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაფიქრდეს ყველა და მიიღოს გადაწყვეტილება“.
თავის დასაცავად ბუსტერ-დოზა აუცილებელი ხდება
თუკი კორონავირუსის წინა შტამების, მათ შორის, „დელტა“ და „ალფა“ შტამების შემთხვევაში, ვაქცინაციის ორი დოზა საკმარისი იყო დაავადების გართულებისა და სიკვდილიანობის თავიდან ასარიდებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინების ეფექტურობა ამ შტამების შემთხვევაში, საკმაოდ მაღალი იყო, „ომიკრონმა“ ეს რეალობაც შეცვალა და დღის წესრიგში უკვე ვაქცინის მესამე, ანუ ბუსტერ დოზის აუცილებლობა დადგა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ „ომიკრონი“ საკმაოდ წარმატებულად უსხლტება როგორც ბუნებრივი გზით შეძენილ იმუნიტეტს, ისე ვაქცინით მიღწეულ იმუნიტეტს. მაღალია რეინფიცირებისა და ვაქცინით ორჯერ აცრილთა შორის ინფიცირების მაჩვენებელი, თუმცა, დამაიმედებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაქცინის ბუსტერ-დოზა, საკმაოდ ეფექტურია ვირუსთან ბრძოლაში.
ბუსტერის დამატების შემთხვევაში, ეს დაცვის მაჩვენებელი, თითქმის 75%-ს უტოლდება, მაშინ, როდესაც ვაქცინის ორი დოზის შემთხვევაში, დაცვის მაჩვენებელი მხოლოდ 35%-ია“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი და მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მათ ვისაც, ბუსტერ-დოზა ეკუთვნით, დროულად მიაკითხონ ამცრელ პუნქტებს:
„კარგია ის ამბავიც, რომ ბუსტერ-დოზა შედარებით სწრაფად მოქმედებს, რადგან მახსოვრობის T და B ლიმფოციტებში უკვე დამახსოვრებულია ინფორმაცია ამა თუ იმ ინფექციური აგენტის შესახებ. ამიტომ, იმუნოლოგიურად, როდესაც შეხსენების დოზას დაიმატებს ადამიანი, დაახლოებით ერთ კვირაში ვლინდება ანტისხეულებისა და უჯრედული იმუნიტეტის სრულფასოვანი პასუხი“.
საქართველოში მოქმედი პროტოკოლის თანახმად, ბუსტერ-დოზით ვაქცინაცია 10 ნოემბრიდანაა დაშვებული. ბუსტერ-დოზის მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს 18 წლიდან. მათ, ვინც ვაქცინირებულია „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკათი“, მესამე დოზის გაკეთება შეუძლიათ მეორე დოზა ვაქცინის მიღებიდან 5 თვის შემდეგ. ხოლო მოქალაქეები, რომლებიც აცრილნი არიან „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“, ბუსტერ-დოზა შეუძლიათ გაიკეთონ მეორე ვაქცინაციიდან 3 თვის თავზე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში მესამე დოზით აცრილია 29 997 ადამიანი.
რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში "ომიკრონის" გავრცელების შემთხვევაში?
წინასწარი გამოკვლევების თანახმად, „ომიკრონი“ მის წინამორბედზე, „დელტაზე“ უფრო დამაზიანებელი არ უნდა იყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, თუმცა, ჯერჯერობით, არც ის დასტურდება, რომ ის შესაძლოა, „დელტაზე“ უფრო მსუბუქ ვარიანტად მოგვევლინოს. აქამდე ცნობილი იყო, რომ „ომიკრონს“ არ ჰყავდა არცერთი მსხვერპლი, თუმცა, 13 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა დაადასტურა მსოფლიოში „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა.
„ომიკრონის“ გავრცელებიდან თითქმის სამი კვირის თავზე, ლონდონში კორონავირუსის შემთხვევათა 44% სწორედ „ომიკრონზე“ მოდის. დარგის სპეციალისტები „ომიკრონის“ გავრცელების უნარებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ მომდევნო 48 საათში, „ომიკრონი“ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის დომინანტური შტამი გახდება.
ამავეს ვარაუდობენ სხვა ევროპული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემის მაღალჩინოსნები. ამ პროგნოზს აკეთებს ბიძინა კულუმბეგოვიც:
„თავის დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა პირბადე და ჩვენი იმუნური სისტემა - ან გადატანილი უნდა გვქონდეს ინფექცია ან ვაქცინირებული უნდა ვიყოთ. სხვა შემაკავებელი ღონისძიებები არც მსოფლიოს და არც ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. თუკი დღეს ჩვენ გვაქვს სამიდან ხუთი ათასამდე შემთხვევა, „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ, შესაძლოა, ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბოს, რაც ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის იქნება კატასტროფა და სრული კოლაფსის წინაშე დაგვაყენებს. არსებობს ამის რისკი. განსაკუთრებით ზამთრის პირობებში“.
მძიმე ზამთარს პროგნოზირებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც და ერთ-ერთ გამოსავალს ამ პროგნოზის შესამსუბუქებლად, ისიც ვაქცინაციაში ხედავს:
„კვლევები აჩვენებს, რომ ძირითადად, ახალი შტამი და ზოგადად კორონავირუსი ვრცელდება იმ რეგიონებში და იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინით მოცვა არ არის მაღალი. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენს სტატისტიკას, საქართველოში ვაქცინის მოცვა საკმაოდ დაბალია, ეს კი კიდევ უფრო ზრდის რისკებს. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი წავიდეს უფრო აქტიურად. თუ ახალი შტამი სწრაფად გავრცელდა ქვეყანაში და მას აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც ამ ეტაპზე არის ცნობილი - სწრაფად გავრცელება, მაღალი რეინფიცირების რისკი, ეს გამოიწვევს საკმაოდ მძიმე მე-6 ტალღას. არის დამაიმედებელი ინფორმაციაც, რომ მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა. ამიტომ ბოლომდე თქმა, თუ რამდენად გამოიწვევს ის საქართველოში ახალ ტალღას და გააუარესებს ეპიდსიტუაციას, ამაზე ჯერ პასუხი რთულია, მაგრამ ამ მონაცემებით, რა მონაცემებიც გვაქვს, გველის საკმაოდ მძიმე ზამთარი და ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“.
ასევე ნახეთ "ომიკრონი" უკვე რუსეთშია - რა დრო დასჭირდება მას საქართველომდე?როგორ ხვდება ჯანდაცვის სისტემა "ომიკრონს"?
როგორი მომზადებული დახვდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემა „ომიკრონს“? ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას 13 დეკემბრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში დაახლოებით 2500 საწოლია თავისუფალი. ე.წ. საწოლფონდი მობილიზებულია, მაგრამ „დიდი ნაკადების გამკლავება ძალიან რთული იქნება...ამდენად მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების გატარება“.
პრევენციული ზომების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი ვაქცინაციაა. თუმცა, საქართველოში ვაქცინაციის ტემპი კვლავ დაბალია და ნაცვლად მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრისა, რაც ვაქცინაციის გეგმით იყო გათვალისწინებული, წლის ბოლოსთვის მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 36,7% გვყავს აცრილი. ბოლო 24 საათში აიცრა 10 948 ადამიანი.
ვირუსის გავრცელების პრევენციის კიდევ ერთი ეფექტური გზა პირბადის სწორი და აქტიური მოხმარებაა. თუმცა, „ჯანმრთელობის გაზომვათა და შეფასების ინსტიტუტის“ ნოემბრის მიწურულის მონაცემებით, საქართველოში პირბადის მოხმარების მაჩვენებელი მხოლოდ 48%-ია, რაც 24%-ით ჩამოუვარდება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.
პანდემიის მართვისა და ვირუსის შეჩერების ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, ე.წ. „მწვანე ბარათი“ კი საქართველოს რეალობაში, შეიძლება ითქვას, რომ ფსევდო-მექანიზმად იქცა, რაკიღა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მეთაურობს, გარდა სრულად ვაქცინირებულებისა, „მწვანე სტატუსით“ უვადოდ სარგებლობენ ადამიანები, რომლებმაც კოვიდი უკვე გადაიტანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული წარმოების „კოვიდ-პასპორტში“ სრულად არის იგნორირებული საერთაშორისოდ დადგენილი ნორმა, რომლის თანახმად, კოვიდ-გადატანილი პირი მწვანე სტატუსით სარგებლობს ინფიცირებიდან მხოლოდ 180 დღის განმავლობაში.
14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 12 826 შეადგინა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 3 988 შემთხვევა, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა კი 7,49% შეადგინა.
40 964 აქტიური შემთხვევიდან, 5999 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 479 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება 323 ადამიანი. ბინაზე მკურნალობის კურსს გადის 33 814 ადამიანი.