უკრაინის წინააღმდეგ „მადესტაბილიზებელი მოქმედების“ შედეგებზე პუტინი ბორის ჯონსონმაც გააფრთხილა

13 დეკემბერს გაიმართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ბორის ჯონსონმა გააფრთხილა პუტინი, რომ არ დაუშვას კიევის წინააღმდეგ არანაირი მადესტაბილიზებელი ქმედება, რაც იქნებოდა „სტრატეგიული შეცდომა“ მისგან გამომდინარე „სერიოზული შედეგითურთ“.

ამასთან, სატელეფონო საუბარში ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი „უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ ერთგული რჩება. ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ბრიტანეთის ღრმა შეშფოთება რუსეთის არმიის სახიფათო კონცენტრაციით უკრაინის საზღვართან და ხაზი გაუსვა იმას, რომ ვითარების დეესკალაციისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიპლომატიური არხების საშუალებით შესაბამისი საქმიანობის დაწყებას.

ჯონსონ-პუტინის სატელეფონო საუბრის ფონია რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის უკიდურესი გაუარესება და რუსეთის გამალებული სამხედრო სამზადისი, რაც კიევსა და მის დასავლელ პარტნიორებში აძლიერებს შიშს, რუსეთის მხრიდან შესაძლო ფართომასშტაბიანი აგრესიის სამზადისის შესახებ.

თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან 13 დეკემბერს გამართული სატელეფონო საუბრის კომენტირებისას კრემლის წარმომადგენელმა რუსულ მედიას უთხრა, რომ ვლადიმირ პუტინი და ბორის ჯონსონი სხვადასხვა არხის საშუალებით დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.