ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რეკორდულად გაიზარდა

ფოთის პორტი

2021 წლის ნოემბერში, საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ რეკორდი დაამყარა და 1 მილიარდ 443 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რეკორდული აღმოჩნდა როგორც ექსპორტი (429.8 მილიონი აშშ დოლარი, +42.7% 2020 წლის ნოემბერთან შედარებით), ასევე იმპორტი (1014 მილიონი აშშ დოლარი, +40.6%).

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 13 დეკემბერს, გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი გაზრდილია 26.7%-ით, ხოლო იმპორტი 24.5%-ით. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4% შეადგინა.

"საქსტატი" საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს გამოაქვეყნებს მიმდინარე წლის 20 დეკემბერს.