„ქართული ოცნების“ პარტიული შეხვედრის პარალელურად კახეთში აქცია გაიმართა

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც „ქართული ოცნება“ მეორე დღეა პარტიულ შეხვედრას მართავს, საპროტესტო აქცია გამართეს.

სამოქალაქო აქტივისტის, ლაშა ხუსკივაძის თქმით, " ქართული ოცნების" წევრებმა მთელი საქართველოდან წინანდალში წუხელ 450 კაციანი სუფრა გაშალეს:

„იმ ფონზე, როცა მოსახლეობა შიმშილობს, სუფრის მოსაწყობად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. ერთი კაცის ქეიფი, ჩვენი ინფორმაციით, 670 ლარი დაუჯდათ, მაშინ, როცა ამდენი ბავშვი შიმშილობს. ქვეყანა განადგურებულია და ესენი ჭამენ ნახევარ მილიონს. სააკაშვილს ჰილარი კლინტონის გამასპინძლებას ედავებიან და თვითონ საკუთარი სიამოვნებისთვის ამდენს ხარჯავენ",- განაცხადა ხუსკივაძემ.

აქტივისტები სასტუმროს ეზოში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

“ქართული ოცნების“ წარმომადგენლებიდან აქციის მონაწილეებს დღეს არავინ გამოხმაურებია.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, "ქართული ოცნებიდან" ახალარჩეული მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები წინანდალში ორი დღეა იმყოფებიან.

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე 11 დეკემბერს თქვა, რომ შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე მსჯელობა იყო, ხოლო შეხვედრის ორგანიზებისთვის თანხა პარტიის ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

„ერთი ადამიანის გამასპინძლება ამდენი და იმდენი ჯდებაო, ტყუილია, დეტალები არ ვიცი, მაგრამ გაცილებით ნაკლები ღირს, გულწრფელად არ ვიცი, ზუსტად რა ჯდება”, - განაცხადა მდინარაძემ 11 დეკემბერს.