სამხრეთაფრიკელი ექიმების დაკვირვებით, ომიკრონით გამოწვეული დაავადება მოსალოდნელზე ნაკლები სიმძიმისაა

სამხრეთაფრიკელმა მეცნიერებმა, რომლებმაც კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ ორი კვირის წინ გააკეთეს გაფრთხილება, აცხადებენ, რომ ვერ იპოვეს ნიშანი იმისა, რომ ომიკრონი ქვეყანაში უფრო მძიმე დაავადებებს იწვევდეს.

მიუხედავად მეცნიერების განცხადებისა, რომ მონაცემების შესასწავლად და საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად საჭიროა უფრ მეტ დრო, სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ჯო ფაალმა განაცხადა, რომ დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით მონაცემები პოზიტიურია.

საავადმყოფოებიდან მიღებული ცნობების თანახმად COVID-19-ის შტამით დაავადებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება, მაგრამ სიკვდილის შემთხვევები არ აღრიცხულა და ასევე, დამაიმედებელია საავადმყოფოებში პაციენტების ყოფნის ხანგრძლივობაც. ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, კორონავირუსის ახალი ვარიანტით სამხრეთ აფრიკაში ყოველდღიურად 20 000 ადამიანი ინფიცირდება, თუმცა ყოველდღიურად გარდაცვალებულთა რაოდენობა მხოლოდ 20 ადამიანია.

კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში ნოემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს, ვინაიდან ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა ვარიანტები და დიდი რაოდენობით მუტაციას შეიცავს. მაგრამ ჯერჯერობით ლაპარაკია წინასწარ დასკვნებზე.

მინიმუმ 50- ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში და ევროკავშირის რამდენიმე წევრში, გამოვლინდა „ომიკრონით“ ინფიცირების რამდენიმე ასეული შემთხვევა.