სააკაშვილი არ არის გატეხილი, მთავარი ეგ არის - ბუბა კიკაბიძე

სააკაშვილი არ არის კარგად, ამას კითხვაც არ უნდა, - ამბობს ბუბა კიკაბიძე, მომღერალი და „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.

„არ არის გატეხილი, მთავარი ეგ არის”, - ამბობს ის და ამატებს: „ვილაპარაკეთ, ზელენსკი როგორ შემხვდა. ვუთხარი, შენი მოქალაქეა და უნდა წაიყვანოთ, თორემ მოკლავენ-მეთქი. მითხრა, დღესვე დავიწყებ რეკვასო. იმის შემდეგ ჩამოვიდა სახალხო დამცველი, ადვოკატი. პოლონელებს უთქვამთ, ჩვენ მოგვეცით, ჩვენ მოვარჩენთ, მოვუვლით და მივხედავთო”.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

ასევე ნახეთ ბუბა კიკაბიძე: მე ვუთხარი ზელენსკის, რომ შენ უნდა წაიყვანო სააკაშვილი-მეთქი