რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

ფოტო არქივიდან

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ორივე დაკავებული, კახაბერ ნათენაძე და ვალერი კანიაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდან არის. სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია "ცხელი ხაზი", ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

"ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ. მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა სახის უკანონო ქმედება აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურობას", - აცხადებენ სუს-ში.

​ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის მოქალაქეებს უკანონოდ აკავებს და მათ "საზღვრის" უკანონო დარღვევას ედავება.