მინისტრობის 30 თვის თავზე, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობას ტოვებს. 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ოფისში, მოულოდნელად დანიშნულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების წინაშე ის სრულიად მარტო, თანაგუნდელებისა და თანაპარტიელების გარეშე წარსდგა.
6 წუთში ჩაატია მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა - მადლობა სამედიცინო საზოგადოებას, სამინისტროს გუნდს, მოქალაქეებს, რომლებიც „გაგებით ეკიდებოდნენ“ ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებებს. ისაუბრა მინისტრობის პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებზე, წარმატებულ პროექტებზე და ბოლოს დაამატა, რომ როგორც პრემიერთან, ისე პარტიის თავმჯდომარესთან გავლილი კონსულტაციების შემდეგ, გადაწყდა, რომ საქმიანობას გააგრძელებს პარტია „ქართულ ოცნებაში“, პოლიტსაბჭოში: „სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები“.
ტიკარაძეს თავის სიტყვაში არაფერი უთქვამს პანდემიის მართვის პროცესში არსებულ ხარვეზებსა თუ დაშვებულ სისტემურ შეცდომებზე, ვაქცინაციის კამპანიის ჩავარდნაზე, რაც მთავარია, კოვიდით გარდაცვალების იმ სტატისტიკაზე, რომლითაც საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილებს იკავებს.
ტიკარაძემ თავის სიტყვაში თქვა: „კოვიდპანდემიის მიმართულებით ავიღეთ ყველაზე დიდი დარტყმა და გავუმკლავდით პანდემიას. მინდა თითოეულ აქ დასაქმებულ ადამიანსაც მადლობა გადავუხადო... მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს გუნდს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემია იყო, დაუღალავად ებრძოდა იმ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ამისთვის სამინისტროს გუნდი ნამდვილად 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა“.
რატომ გადადგა მინისტრი
გადადგომის მიზეზი? – ეკატერინე ტიკარაძეს თავის ექვსწუთიან გამოსვლაში ამის შესახებ არაფერი უთქვამს. ერთი სიტყვაც კი. ტრიბუნიდან გაბრუნებულ მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა მიაყოლეს, „ქალბატონო ეკა, ღარიბაშვილთან დაპირისპირებაზე რას იტყვით...კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით“... მინისტრს ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია.
იყო თუ არა ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირება? - ეს კითხვა ისევ კულუარული თუ მოარული ხმების პასუხის ამარად რჩება. ბოლო დღეებია, მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია მინისტრსა და პრემიერს შორის არსებული ღია დაპირისპირების, მათ შორის, ხმამაღალი კამათის შესახებ.
ეჭვები განსაკუთრებით მიმდინარე კვირაში, მას შემდეგ გაძლიერდა, რაც საკოორდინაციო საბჭოს ბოლო სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის სფეროს არცერთი წევრი, არც მინისტრის მოადგილე და არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად არ გამოვიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა საკოორდინაციო საბჭოს არსებობის ისტორიაში, როდესაც საბჭოს წევრებმა ჯანდაცვის სფეროდან, მთავრობის კანცელარია კომენტარის გარეშე დატოვეს.
სოციალურ ქსელში „ფსონებიც“ კი იდებოდა, ვის გაიმეტებდა ბიძინა ივანიშვილი სახლში გასაშვებად, მის ფავორიტ მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს თუ პრემიერის პოსტზე მეორედ მოსულ ირაკლი ღარიბაშვილს.
საინტერესო ისაა, რომ იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც აქამდე ეკატერინე ტიკარაძის მიმართ უკიდურესად კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი, შეიძლება ითქვას, რომ ამ დაპირისპირებაში სწორედ მის მხარეს იკავებდნენ. ამის მიზეზი კი სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებები იყო, რომლებითაც ის პირდაპირ თუ ირიბად უპირისპირდებოდა პრემიერის გადაწყვეტილებებს პანდემიის მართვის საკითხებში.
მაგალითად, „მარადმწვანე“ კოვიდ-პასპორტი - ირაკლი ღარიბაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქე, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, უვადოდ ისარგებლებს მწვანე სტატუსით. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის დარგის უკლებლივ ყველა მაღალჩინოსნისთვის, მათ შორის, მინისტრისთვისაც, მიუღებელი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ, ეკატერინე ტიკარაძემ ამ საკითხზე ჟურნალისტებთან ირონიული კომენტარიც გააკეთა. ერთი შეხედვით, გაუგებარი იყო, ის ჟურნალისტის კითხვაზე ოხუნჯობდა თუ პრემიერის გადაწყვეტილებას დასცინოდა: „ზოგადად, საქართველოსნაირი ქვეყანა მეორე მსოფლიოში არსად არ არის და ჩვენ ყველაფერში განსაკუთრებულები ვართ და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე განსაკუთრებულები ვართ ორი „მწვანე პასპორტით“, „უვადო პასპორტით“ და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან და ჩვენი ხასიათიდან“.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკატერინე ტიკარაძის გზები იყოფოდა, ეს სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების პერსპექტივა იყო. პრემიერი სხვადასხვა ინტერვიუში, დღემდე განსაკუთრებული დაჟინებით იმეორებს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს კონკრეტულ ჯგუფებში, მაგალითად, მედპერსონალში სავალდებულო ვაქცინაციას. ამბობს, რომ „აქ ზედმეტი ჩარევა არ არის საჭირო“.
ამ საკითხთან დაკავშირებით, აღმოჩნდა, რომ სხვა შეხედულება ჰქონდა ეკატერინე ტიკარაძეს. 4 დეკემბერს, ტელეკომპანია „რუთავი 2“-ის ეთერში საუბრისას მან არ გამორიცხა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება: „თქვენ იცით ალბათ ჩვენი მიდგომა, რომელიც არის ლოიალური. მაგრამ ალბათ მძიმე ფსიქოემოციური ფონის პერიოდში, როდესაც ჩვენ ორი წელია უკვე პანდემიის პირობებში ვართ, ვიცით თუ როგორი არის ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა, როგორც ფსიქოემოციური, ასევე, ეკონომიკური და სოციალური, მნიშვნელოვანი არის, ყველა ფაქტორი იყოს გათვალისწინებული. აქ არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ სავალდებულო აცრების დანერგვა, არამედ, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც. ეტაპობრივად არ გამოვრიცხავ მე, რომ ჩვენ მივიდეთ, ასევე, სავალდებულო ვაქცინაციამდე“.
არ არის გამორიცხული, ირაკლი ღარიბაშვილისა და ეკატერინე ტიკარაძის დაპირისპირებაში კიდევ ერთი ლურსმანი ჯანდაცვის მინისტრის ერთმა განცხადებამაც ჩააჭედა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეკრებებთან დაკავშირებით მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, აგვისტოს დასაწყიში, პრემიერი ღარიბაშვილი, ტოკიოს ოლიმპიადიდან დაბრუნებული, ოქროსმედალოსანი ლაშა ბექაურის საპატივცემულოდ გაშლილ ხალხმრავალ სუფრას კახეთში დაესწრო, ხოლო ჟურნალისტის კითხვას, ეუხერხულებოდა თუ არა მას პანდემიის დროს ქეიფი, პრემიერმა უპასუხა, რომ სუფრაზე დისტანცია იყო დაცული:
„მე გკითხავთ გულწრფელად, ლაშა ბექაურს თქვენ რომ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით? ჩვენს მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლიგიური მდგომარეობა არის ძალიან მსუბუქი“.
ეკატერინე ტიკარაძემ ღარიბაშვილის ქეიფიდან ძალიან მალე, მთავრობის წევრებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა: „მე მინდა, დღეს გავავრცელო კიდევ ერთი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ, ასევე მინდა ვთხოვო მთავრობის ყველა წევრს ეს რეკომენდაციები არ არის მხოლოდ რეკომენდაციები რეკომენდაციებისთვის. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს“.
როგორც ჩანს, ეკატერინე ტიკარაძისა და მმართველი გუნდის აზრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებითაც გაიყო. ამის ერთ-ერთი ნიშანი 18 ნოემბერს გამოიკვეთა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა. მართალია შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრს განცხადება თავად არ გაუკეთებია, თუმცა, შეხვედრიდან გამოსული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია აცხადებდა:
„ეკატერინე ტიკარაძის პოზიცია არის ისეთივე პოზიცია, როგორც ნებისმიერი ექიმის. ამ შემთხვევაში ის იქცეოდა, როგორც ექიმი და არა როგორც პოლიტიკური მოღვაწე და ის დაეთანხმა ყველა არგუმენტს, რომ იმ დაწესებულებაში ასეთი მძიმე ავადმყოფის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი და უკეთესია, გადაყვანილი იქნეს მრავალპროფილურ კლინიკაში“.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზად სწორედ ეს ფაქტორი დაინახა. 9 დეკემბერს, ტიკარაძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მან გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერს:
„კოვიდის მართვის სრული ჩავარდნა აპატია ჯანდაცვის მინისტრს ტიკარაძეს ივანიშვილმა, მაგრამ არ აპატია ობიექტური სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული სახელმწიფო კომისიის შექმნა ჩემს საკითხზე. ის რომ მან უარი თქვა რატის [ბრეგაძის] როლი მოერგო და ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ყოველგვარი ტყუილები ელაპარაკა, რასაც მას მთავრობა სთხოვდა. ბოლოს ტიკარაძემ შეუერთა თავისი ხმა კლინიკაში ჩემს გადაყვანის მსურველებს. კოვიდპასპორტები იყო ბოლო წვეთი. ახლაც კარგად აჩვენებს ეს ყველაფერი თუ როგორ არ ადარდებს მთავრობას ადამიანის სიცოცხლეს. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ჩემგან გადავუხადო ქალბატონ ტიკარაძეს დიდი მადლობა, რომ მან ასეთ რთულ მდგომარეობასა და სიტუაციაში შეინარჩუნა ადამიანობა“.
ტიკარაძის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო მისი მოადგილისთვის, თამარ გაბუნიასთვის. ის ამბობს, რომ მინისტრის გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა.
ტიკარაძის გადადგომის მიზეზებზე საუბრისას პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მისი წასვლის მიზეზი გადაღლილობაა:
„რომ მკითხეს, კამათი თუ იყოო [ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის], არც დამალულა ეს კამათი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მე ვუპასუხე, რომ კამათის დროს ჭეშმარიტება წარმოიშვება და იმედია, რომ ესეც ის შემთხვევაა. მაგრამ რაღაც უცნაური გამოვიდა ახლა, ეკა ტიკარაძემ არ დაასახელა [მიზეზი] და მოდი, შენ გვითხარი, აბა ერთი რა მოხდა რეალურად… ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ახლა ეს ბანალური სიტყვები, ეკა ჩვენი გუნდის წევრია. მაგარი ქალბატონია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს აი, ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან და იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზული თემებს ატარებდა თავის მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და აი, ამ დროს კოვიდი შემოვარდნილი, ამდენი მსხვერპლი. რაღაც საკითხებთან დაკავშირებით რასაკვირველია, გადაღლილობა არის საგანგებო, ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი. მე მგონია ასე, ჩემი აზრია ეს“, - ეს კომენტარი გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
ტიკარაძის გადადგომას ეხმაურება ოპოზიციური ფლანგიც.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე დარწმუნებულია, რომ ტიკარაძეს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია:
„სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში გვიწევს ჩვენ პოლიტიკის კეთება, როცა პოლიტიკოსები არ არიან პასუხისმგებელი საკუთარ ნაბიჯებზე. პირდაპირ არის პასუხისმგებელი ტიკარაძე ქვეყანაში მიმდინარე საკითხებზე და პრობლემებზე, რომელიც პანდემიას უკავშირდება“.
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში, რომელსაც მსოფლიოში კოვიდის მართვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს, არათუ ჯანდაცვის მინისტრი, არამედ მთავრობის სრული შემადგენლობა უნდა გადადგეს:
„ასეთი სავალალო შედეგია და ყოველდღე უამრავი ადამიანი გვეღუპება. მთავრობა ამ პროცესის მართვაში ასეთი წარუმატებელია, ცხადია, იქ შიდა განხეთქილება აუცილებლად შეიქმნებოდა იმიტომ, რომ წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს და როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. მაგრამ ამით ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს იმაზე, რაც მოხდა. იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში კოვიდის მართვის პროცესი მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პრეროგატივა არ არის“.
ვინ შეცვლის ტიკარაძეს?
ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ჯერჯერობით არ გაკეთებულა. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, იქნება ადამიანი, რომელიც უპირობოდ დაუჭერს მხარს პრემიერს და მის ლიბერალურ კოვიდ-პოლიტიკას და ხშირ შემთხვევაში, „ანტივაქსერულ“ გადაწყვეტილებებს.
უკვე გაჩნდა რამდენიმე ვარაუდი და სახელი და გვარი, რომლებიც ტიკარაძის შემცვლელებად მოიაზრებიან.
მათ შორისაა, მაგალითად ლევან რატიანი, "პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის" დირექტორი და რეანიმატოლოგი, რომელიც აქტიურადაა ჩართული კოვიდ-პანდემიის კლინიკური მართვის პროცესში.
ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად სახელდება ასევე „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. მან თანამდებობა 2017 წელს დატოვა და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ სადაზღვევო სფეროს დაუბრუნდა.
ნინა კობახიძემ 9 დეკემბერს, ეკატერინე ტიკარაძის განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„ვფიქრობ, მინისტრის ამ პერიოდში წასვლა დარგისთვის რაიმე შეფერხების მიზეზი არ გახდება, ჩვენ ძალიან ბევრ ნაწილში გვქონდა გაშლილი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, სისტემურად არაერთი პრობლემა დაგვიფიქსირებია და გამოსავალი და განვითარების გზები შეგვითავაზებია. ვფიქრობ, შეუცვლელი კადრი არ არსებობს და ახალი შეიძლება უფრო ეფექტიანი იყოს, წინაზე. ასე რომ ახალ კანდიდატს დიდი ყურადღებით ველით“.
სოციალურ ქსელში ტიკარაძის ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებენ ლადო კახაძესაც. ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.
ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება ივანე ჩხაიძეც. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამეცნიერო დირექტორი. თუმცა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ივანე ჩხაიძე მაგალითად, უვადო „მწვანე პასპორტების“ იდეის კატეგორიული წინააღმდეგია, ნაკლებსავარაუდოა მისი ტიკარაძის შემცვლელად დანიშვნა.
როდის გვეყოლება ახალი ჯანდაცვის მინისტრი?
„წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, რათა ყველა ის აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, წლის ბოლომდე შესრულდეს. ამასთან, გარდამავალი პერიოდიც უნდა იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ისე იმ მიმდინარე პროექტების პერსონალისთვის და ზოგადად, მთლიანად სისტემისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.
ანუ, ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად კიდევ 21 დღის განმავლობაში დარჩება. მოვალეობის შემსრულებლებად დარჩენიან მისი მოადგილეებიც.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის“ თანახმად, მინისტრი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს პრემიერ-მინისტრს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძეს გადადგომის შესახებ განცხადებით ღარიბაშვილისთვის ჯერ არ მიუმართავს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არ არის განსაზღვრული, თუ რა ვადებში უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე ახალი მინისტრი.
კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილის თქმით, ახალი მინისტრის დანიშვნა ხდება გონივრულ ვადებში და ეს გონივრული ვადები შესაძლოა იყოს, როგორც მაგალითად, სამი დღე, ისე, ერთი კვირა და უფრო მეტიც:
„როდესაც ერთ მინისტრზეა ლაპარაკი, მმართველობითი პრობლემები არ იქმნება, რადგან მოადგილე ასრულებს მინისტრის ფუნქციებს, სამინისტროში ბიუროკრატია მუშაობს და შესაბამისად, ახალი მინისტრის დანიშვნის ვადები განსაზღვრული არ არის. დღევანდელი გამოწვევების კვალობაზე, არა მხოლოდ კოვიდი მაქვს მხედველობაში, ზოგადად ჯანდაცვის სისტემაში რა გამოწვევებიც არსებობს, ვისურვებდი, რომ ეს გადაწყვეტილება საგნობრივი, ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის შედეგად იქნას მიღებული და არ იჩქაროს პრემიერმა, რომ კანდიდატი შეარჩიოს პოლიტიკური მოტივაციით. დღევანდელი გამოწვევების ფონზე, ჯანდაცვის მინისტრი პრემიერის პასუხისმგებლობის დონისაა. შესაბამისად, ის გამორჩეული უნდა იყოს პროფესიონალიზმისა და გამოცდილების ნიშნით და მხოლოდ პოლიტიკური აფილაცია და პოლიტიკური ლოიალობა არ უნდა იყოს განმსაზღვრელი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.
ტიკარაძის „სამახსოვროები“
45 წლის ეკატერინე ტიკარაძე მინისტრობამდე 4 წლის განმავლობაში საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის “დოსტაქარის” დირექტორი იყო. მანამდე, ამავე კლინიკაში 6 წლის განმავლობაში სტომატოლოგიური კლინიკის მენეჯერის თანამდებობას იკავებდა. მინისტრს საზოგადოების ნაწილი „ბიძინა ივანიშვილის პირად სტომატოლოგად“ და ფავორიტ მინისტრად მოიხსენიებს.
მთელ რიგ პერიპეტიებთანაა დაკავშირებული ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ვაქცინაციის საკითხი.
მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს პირველი დოზა 23 მარტს გაიკეთა. სანამ ვაქცინის მეორე დოზას მიიღებდა, ის კორონავირუსით დაინფიცირდა. მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლის თანახმად, ინფიცირებიდან ერთი თვის თავზე ვაქცინაცია კვლავ რეკომენდებულია, მას ვაქცინის მეორე დოზა ამ დრომდე არ გაუკეთებია. რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას, თქვა, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები შეექმნა: „მეც მქონდა გარკვეული დუმილის ვალდებულება როგორც ჩემს ჯანმრთელობასთან მიმართებაში, ასევე, რომ არ დამენერგა გარკვეული პანიკა მოსახლეობაში. თუმცა, მას შემდეგ, რაც უკვე ეს ყველაფერი მეტად უფრო ცხადი ხდება, თუ რა შეიძლება იყოს ჩემი შემდგომი გზამკვლევი ვაქცინაციაზე, მე მივიღებ ჩემს კუთვნილ დოზას ვაქცინის“.
ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობისა და პანდემიის მართვის პერიოდში კიდევ ერთი დასამახსოვრებელი დეტალი „ერთი კოვზით ზიარებას“ უკავშირდება.
2020 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, პანდემიის მასობრივად გავრცელების რისკის მიუხედავად, საერთო კოვზიდან ზიარების რიტუალის შეცვლაზე უარი თქვა.
ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა საფრთხის შემცველი პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით ერთი კოვზით ზიარება, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა:
„ზოგადად, მეცნიერებაში მნიშვნელოვანია, რომ იყოს აუცილებლად მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ეს ყველაფერი, ამაზე სამეცნიერო კვლევები არ არსებობს, მტკიცებულებით პასუხს ვერ გაგცემთ...საჭირო არის მეცნიერული კვლევა“.
დასამახსოვრებელ კადრად დარჩება საზოგადოებას რობოტი „პეპერიც“. 2020 წლის ივნისში, წლიური საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მინისტრმა ტიკარაძემ „პეპერი“ კოვიდის დამარცხების პროცესში ერთ-ერთ დამხმარედ წარადგინა. „პეპერის“ წარდგენიდან რამდენიმე წუთში, თითქოს უწყინარ სიტუაციაში, „პეპერი“ უკანა სვლით დაიძრა და სცენიდან გადავარდა.
10 დეკემბერს, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების მეორე დღეს, ეკატერინე ტიკარაძემ მის სახლთან მომლოდინე ჟურნალისტებს, კურიერის ხელით კრუასანები გაუგზავნა. ვიდეო „მთავარმა არხმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა.