ევროკავშირის მუდმივმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ და მასთან დაკავშირებული სხვა დაქირავებული მებრძოლებისა და კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას.
მანამდე ევროკავშირის სანქციების ქვეშ აღმოჩნდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომლის სახელსაც უკავშირდება ზემოხსენებული „ვაგნერი“ და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში მოქმედი რამდენიმე კერძო სამხედრო კომპანია.
ამჯერად სანქცირებულ პირთა სიას დაემატა ალექსანდრ კუზნეცოვი, „ვაგნერის“ დაზვერვის ჯგუფის ხელმძღვანელი სირიაში, დმიტრი უტკინი, კერძო სამხედრო კომპანიის მეთაურსა და მის დამფუძნებელი და სხვები, სულ დაახლოებით 10 დაქირავებული მებრძოლი. სანქციები დაეკისრათ ასევე კიდევ სამ კომპანიას „მერკურის“, „ველადას“ და „ევრო პოლისს“, რომლებიც სირიის ხელისუფლებისათვის განკუთვნილი ენერგეტიკული კონტრაქტების შესახებ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებდნენ.
„ვაგნერი“ - ესაა არაოფიციალური სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც არ ირიცხება რუსეთის სამხედრო უწყების ბალანსზე და იურიდიული პირების რეესტრში. რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არასოდეს უღიარებია „ვაგნერის“ არსებობა.
ასევე ნახეთ
სისასტიკე და სადიზმი „ვაგნერის“ სახელით
„ვაგნერზე“ დასმული შეკითხვის პასუხად ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სირიაში მყოფი რუსეთის კერძო დაცვის კომპანიების თანამშრომლები საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ იღებენ, არამედ დაკავებული არიან „სახალხო-სამეურნეო საკითხებით“.
2021 წლის მარტში „ვაგნერს“ უჩივლეს სირიაში ჩადენილი წამებისა და მკვლელობებისთვის.