ნინოწმინდის შემდეგ - ნანას ახალი ცხოვრება

Your browser doesn’t support HTML5

20 წლის ნანა მანჯავიძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი 2021 წლის ივნისში დატოვა და ახალი ცხოვრება ოჯახისგან შორს, თითქმის მარტომ დაიწყო ბათუმში.

20 წლის ნანა მანჯავიძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი 2021 წლის ივნისში დატოვა და ახალი ცხოვრება ოჯახისგან შორს, თითქმის მარტომ დაიწყო ბათუმში.

ამ ახალ ცხოვრებაში, უცხო ქალაქში, ნანასთვის ყველაფერი ახალი და უჩვეულო იყო: შუქნიშანი. რესტორანში თვალმოკრული ერთმანეთის მოყვარული ოჯახი, კინოთეატრის უზარმაზარი ეკრანი, კერძები, რომლებიც მანამდე არ გაესინჯა. ზღვა. სამსახური. თავისი შრომით ნაშოვნი ფული.

ხან ძაღლების დაუძლეველი შიში ჰქონდა. ხან - მისთვის უცნობ ქუჩებში დაკარგვის. ხან ფული ილეოდა.

ერთოთახიან ბინას, რომელშიც ახლა ნანა კიდევ ერთ პანსიონელ გოგოსთან ერთად ცხოვრობს, ერთი პატარა დენის გამათბობელი ათბობს. მთავარ ოთახში სინათლე არა აქვთ - „ვინ გამიკეთებს? ამიტომ ვართ ასე. მაგრამ შევეჩვიეთ“ - გვეუბნება ნანა და ტიკტოკს ჩაჰყურებს ტელეფონში.

ყოველ მეორე დღეს ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში დამლაგებლად მუშაობს. დილიდან გვიან ღამემდე. დანარჩენ დროს - მეცადინეობს. ძალიან უნდა უნივერსიტეტში ჩააბაროს და ქალების უფლებები დაიცვას: „არც ერთი ქალი არ უნდა იყოს მსხვერპლი“, - ამბობს.

ბათუმში ცხოვრების პირველი დღეები არ ყოფილა ადვილი, მაგრამ მაინც შეძლო და დღეს იმასაც ახერხებს, რომ სწავლისთვის საჭირო ფული შეაგროვოს - ცხოვრებაში პირველად მას თავისი ანაბარი აქვს!

პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს, მაგრამ წარსული მის ცხოვრებაში სულ არის. ნინოწმინდა არსად გამქრალა და როგორც თავად ამბობს, არასოდეს დაავიწყდება სად გაიზარდა და როგორი იყო წინა ცხოვრება: მწარე - როგორც თავად ერთი სიტყვით აფასებს და პანსიონში გატარებულ წლებზე ამ ინტერვიუშიც გვიყვება.

მაგრამ ნანა მაგარი გოგოა. მან დაიჯერა, რომ ყველაფერს შეძლებს და მიუხედავად იმისა, რომ 20 წელი გალავნის მიღმა იცხოვრა, თავის ოცნებებს და სურვილებს მაინც აისრულებს.

და, იცით, რა არის ჩამონათვალში წარმატების მიღწევის და კარგი სამსახურის გარდა? ადამიანების სიყვარულის შეგროვება, რომელიც ნანას და მის პანსიონელ მეგობრებს ყველაზე მეტად აკლდათ.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილ ბინადრებთან მუშაობს კავშირი "საფარი", რომლის ინიციატივითაც უკვე შესაძლებელია, მსურველებმა ფინანსური დახმარება გაუწიონ მათ, ვინც პანსიონი დატოვა. თანხები მოხმარდება განათლებას, საცხოვრებელი პირობების შექმნას და სხვა აუცილებელ ხარჯებს, რაც მათ ახალი ცხოვრების დასაწყებად სჭირდებათ.