ალასანია სააკაშვილზე: ასეთი ჩემი შვილი არ მახსოვს, ლოგინისკენ უჭირავს თვალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია შვილთან გორის ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ შეუძლოდ გრძნობს თავს. ალასანიას თქმით, სწორედ ამის გამო არ დაესწრო მისი შვილი დღეს, 9 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას. სააკაშვილის დედა მედიას გორის ჰოსპიტალთან შვილთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა.

"ხან ზის, ხან წევს... აშკარად სუსტად არის... კარგად რომ არ არის, ვხედავ, დანარჩენი ექიმებმა უნდა გადაწყვიტონ. ღონე არ აქვს, ასეთი მე ჩემი შვილი არ მახსოვს - სულ მოძრაობაში იყო, რა გააჩერებდა, ლოგინისკენ უჭირავს თვალი... მე რომ მკითხოთ, ამის გადაყვანა თუ იქნება სადმე, უნდა გადაიყვანონ ნორმალურ კლინიკაში. ნამდვილად სჭირდება რეაბილიტაცია...

მისი სურვილი არის, რომ აქ უნდა იყოს და მოიკლას თავი ამ ქვეყნისთვის - კი ბატონო, მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ ამ ეტაპზე მას იმისთვის, რომ ენერგიით განაგრძოს საქმიანობა, სჭირდება რეაბილიტაცია", - თქვა გიული ალასანიამ.

საქართველოს სასამართლოების მიერ ორ საქმეზე გასამართლებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში შიმშილობის 50-ე დღეს შიმშილობის შემდგომ სამკურნალოდ გადაიყვანეს. ამ დროიდან მისი რეაბილიტაციის პროცესს ექიმები ადევნებენ თვალს.

გარდა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების შეწყალებისა, საქართველოს პროკურატურა მას კიდევ სამი დანაშაულის ჩადენას ედავება - 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლას, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვასა (ე.წ. პიჯაკების საქმე) და 2021 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთით შემოსვლას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომ მკურნალობის პროცესს გაივლის, მას რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.