„იქ მოკლეს, საიდანაც ჩვენი სახლი ჩანდა“ - აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულების ნეშტები გადმოასვენეს

უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 ადამიანის ცხედარი, წითელი ჯვრის დახმარებით, აფხაზეთიდან გადმოასვენეს. ისინი 1992-93 წლების კონფლიქტის დროს გაუჩინარდნენ. ნეშტებს აფხაზეთში, სხვადასხვა ადგილას 2017-2019 წლებში მიაგნეს. გარდაცვლილებს 9 დეკემბერს დაკრძალავენ, მანამდე კი თბილისში, სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

რადიო თავისუფლებამ მათი ახლობლების დახმარებით მოკლე ისტორიები შეაგროვა.

რუსუდან ხობუა

რუსუდან ხობუა, გურამ ჩიქოვანის მეუღლე: „ჩემი მეუღლე გურამ ჩიქოვანი ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მერე ომი დაიწყო და იქ იბრძოდა. 1992 წლის 6 ოქტომბერს გამთენიისას შეიპყრეს, მასთან კიდევ 6 ბიჭი იყო. ეს ბიჭები თვალწინ დაუხოცეს. ხელ-ფეხი რომ დაუკოჭიათ მათთვის, შეპირებია ბიჭებს, არ ვაპატიებ ამასო, მიწა აიღო და შეჭამა თურმე. იქ არ მოკლეს, სადღაც ტყეში წამოიყვანეს, საიდანაც ჩვენი სახლი ჩანდა, შეხედე, როგორ იწვისო.

ჩვენ არ ვიცოდით, სად იყო. ზოგი რას ამბობდა, ზოგი - რას. ერთმა გვითხრა, ფსოუზე ანძაზეა ჩამოკიდებულიო. ეს ყველაფერი ტყუილი გამოდგა. ტყეში მოკლეს, საიდანაც ჩვენი სახლი ჩანდა და საფლავიც იქ ვნახეთ. სომხებს დაუმარხავთ. არც სახელი ვიცი მათი, არც გვარი. თავადაც გარდაცვლილები არიან უკვე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები, მათი დამსახურებაა, ნეშტი რომ ვიპოვეთ“.

მანონი დამენია

მანონი დამენია, ზაურ დამენიას შვილი: „მახსოვს, როგორ არ მახსოვს, 15 წლის ვიყავი მაშინ. ჩვენ გამოგვაცილა და თვითონ დარჩა. სოფელ ვარჩეში ვცხოვრობდით, გულრიფშის რაიონში. მამაჩემი 53 წლის იყო. 1993 წელს, 27 სექტემბერს წამოვედით, კაცები, ვინც იყვნენ სოფელში, ყველანი დარჩნენ. მანქანით შემოსულან ვიღაცები და ჭიშკარს გარეთ ვინც დახვდათ, ყველა დაუხოცავთ. მეზობელმა დამარხა ეზოში. რაღაც ნაჭერში იყო გახვეული. რაც ნახა იმ კაცმა სახლში, იმით მიაბარა მიწას. ახლა აქ მეუღლის გვერდით დავასაფლავებთ, მივალთ ხოლმე საფლავზე და ვიქნებით ერთად“.

თამუნა გოგოხია, სლავიკი გოგოხიას ძმისშვილი: „33 წლის იყო, პოლიციაში მუშაობდა და საზღვრის გასამაგრებლად გაუშვეს. როგორც ვიცი, დახვრიტეს და მერე მეზობლებმა დამარხეს ჩვენი სახლის ეზოში. მე პატარა ვიყავი მაშინ, მაგრამ ბიძაჩემი მახსოვს, მხიარული იყო ძალიან“.

სლავიკი გოგოხიას ფოტო

ნატო შეროზია, ვახტანგ დანელიას დისშვილი: „ვახტანგ დანელია 42 წლის იყო, რომ დაიღუპა. რაც ჩვენ ვიცით და ჩვენამდე მოვიდა, ის არის, რომ უპრეცედენტო გმირობა ჩაიდინა. ტამიშში დესანტი რომ შემოვიდა, მტერთან ერთად აიფეთქა თავი. დაღუპული რომ იყო, ვიცოდით, ჩვენ თავად დავკრძალეთ სოხუმში, კურჩენკოს პარკში. ახლა იქ მოიძიეს საფლავი და გადმოასვენეს“.

მარინა ნაჭყებია, ავქსენტი (ტასო) ნაჭყებიას და: „ტასო ნაჭყებია 1993 წლის 19 სექტემბერს დაიღუპა, მაშინ 31 წლის იყო. 23-ე ბრიგადაში იბრძოდა, ტანკისტად. ჩემი ხელით დავასაფლავე ეზოში. სოხუმი უკვე ეცემოდა და სასაფლაოზე გასვლა არ შეიძლებოდა. 27 სექტემბერს მტერი შემოვიდა და ჩვენ, ძმის საფლავიდან აგვიყვანა ტყვედ: მე, დედაჩემი და ჩემი მეუღლე.

ტასომ სიცოცხლეშივე მიიღო ღირსების ორდენი. უკვე დევნილი, თავდაცვის სამინისტროში რომ მივედი, იქ დამახვედრეს. მე არც ვიცოდი. გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის ორდენიც მიენიჭა.

დღეს ბედნიერი ვარ, 28 წლის მერე ჩემი ძმა ჩავიბარე და ძმათა სასაფლაოზე დავკრძალავთ“.

საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით შექმნილი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც აფხაზები და ქართველები არიან ჩართული, 2010 წლიდან მუშაობს. ამ დროიდან მოყოლებული უკვე მოიძიეს 598 ადამიანის ნეშტი, რომელთაგან 219 ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა. 1990-იანი წლებისა და 2008 წლის კონფლიქტებთან დაკავშირებით 2 343 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც დაკარგულად ითვლება.