სააკაშვილის მესამე სასამართლო პროცესი - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 დეკემბერს

სააკაშვილი წერს, რომ სისუსტის გამო სასამართლო პროცესს დიდი ალბათობით ვერ დაესწრება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში პროცესია ჩანიშნული. მას შესაძლოა ბრალდებული ვერ დაესწროს. მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

გუშინ მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნახა დედამ, გიული ალასანიამ. მან ჟურნალისტებს გადასცა ექსპრეზიდენტის წერილი, სადაც ის ამბობს, რომ ფიზიკური სისუსტის გამო შესაძლოა სხდომა გააცდინოს.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებული სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. სწორედ ამის შემდეგ აღიძრა მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე, საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ვიყავით და ისევ წავალთ რუსეთში - "ალტ-ინფოს" პარტია პოლიტიკაში მოვიდა

„კონსერვატიული მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია, დარეგისტრირებულია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე, ჰომოფობიური გამოსვლებით ცნობილი და 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორი „ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული პარტიის წესდება ჯერჯერობით ატვირთული არ არის, თუმცა, პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხარვეზები შესწორებულია, პარტიამ კი პოლიტიკური საქმიანობა უკვე დაიწყო.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ყრილობის შემდეგ, მალევე, პარტიის დამფუძნებელი მდივანი გიორგი ქარდავა, რუსეთის ფედერაციაში მართავდა შეხვედრებს.

ამ პოლიტიკურ ძალას სწორება „რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე“ აქვს. მათი თქმით, მიზანი დეოკუპაციაა და თანახმა არიან, საქართველოს ტერიტორიაზე დარჩეს რუსეთის სამხედრო ბაზები, თუ სანაცვლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილები დაბრუნდებიან. თავიანთ თავს ისინი არა პრორუსულ, არამედ პროქართულ ძალას ეძახიან.

„კონსერვატიული მოძრაობა“ ჯერჯერობით არ გეგმავს რომელიმე სხვა პრორუსულ ძალად ცნობილ პარტიებთან თანამშრომლობას. მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ მაგალითად „ქართული მარში“ სულ „სხვა წონით კატეგორიაში თამაშობს“ და როგორც რუსეთთან ურთიერთობის, ისე, მაგალითად, ლგბტქ საკითხებზე მათი ხედვა ერთმანეთისას არ ემთხვევა.

რამდენად სერიოზულად უნდა განვიხილოთ ამ ძალის ქართულ პოლიტიკაში მოსვლა და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ? ჯერჯერობით, საქართველოში პრორუსული და ჰომოფობიურად განწყობილი ძალების გაძლიერების პრეცედენტი არ არსებობს, ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი გია ნოდია, რომელიც არ იზიარებს საზოგადოების ერთი ნაწილის აზრს, რომ მსგავსი იდეოლოგიის მქონე ძალას პარტიად დარეგისტრირების უფლება არ უნდა ჰქონოდა. გია ნოდია პრობლემას სხვაგან ხედავს - როდესაც ისინი ღიად ძალადობენ, მაგრამ არ ისჯებიან.

აქვს თუ არა ახლად დაფუძნებულ პარტიას შეხების წერტილი სხვა, აქამდე ცნობილ პრორუსულ ძალებთან? წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჯო ბაიდენი დღეს ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება

პუტინ-ბაიდენის ორსაათიანი დისტანციური შეხვედრის შემდეგ, დღეს, 9 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით გაესაუბრება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ჩვენი გზავნილი უკრაინელი მეგობრების მისამართით, ისევე როგორც ეს იყო რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას: აშშ მხარს უჭერს მინსკის პროცესს, სურს დაინახოს გადადგმული ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტისკენ...“ - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეკ სალივანმა თეთრ სახლში.

გუშინ პუტინ-ბაიდენის შეხვედრა დადებითად შეაფასა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, დამატებით კომენტარს დღეს გააკეთებს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რუსეთმა 12 წლის შემდეგ პირველად გაუშვა კოსმოსში ტურისტები

რუსეთის კოსმოსურმა რაკეტამ, რომელშიც იაპონელი მილიარდერი და რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასის ჟურნალისტი იმყოფებიან, 8 დეკემბერს დილით აიღო სტარტი ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან.

დედამიწისთვის ოთხჯერ შემოვლის შემდეგ Soyuz MS-20 საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შეპირაპირდა.

რაკეტით კოსმოსში გაფრინდნენ იაპონელი მილიარდერი იასაკუ მაეზავა, მისი ასისტენტი და ტასის რეპორტიორი ალექსანდრ მისურკინი.

ეს უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა კოსმოსში გაუშვა ტურისტები. ჯგუფი 12 დღეს დაყოფს კოსმოსში.

„როსკოსმოსმა“ და აშშ-ის კომპანია Space Adventures-მა აქამდე შვიდჯერ გაგზავნეს ტურისტები საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ სეგმენტში. უკანასკნელად ეს 2009 წელს მოხდა. ოქტომბერში რუსეთმა ორბიტაზე გაუშვა კინოგადამღები ჯგუფი მხატვრული ფილმის გადასაღებად.

რა მოლოდინებს უკავშირდება ბაიდენ-პუტინის ვირტუალური სამიტი?

სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმირ პუტინმა მორიგი მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციით გამოწვეული დასავლეთის მზარდი შეშფოთებისა და აღმოსავლეთით ნატოს შესაძლო გაფართოებით უკმაყოფილო რუსეთის კატეგორიული მოთხოვნების ფონზე.

„სხვა განსახილველ თემებს შორისაა დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთის ლიდერის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ბაიდენ-პუტინის ვირტუალური სამიტის წინ.

მაგრამ უფრო ადრე, რუსეთს მკაფიოდ მიახვედრეს, რომ მას ასეთ „გარანტიებს“ არავინ მისცემს და კოლექტიური დასავლეთი არც იმას დაუშვებს, რომ მოსკოვმა თავისი წესები უკარნახოს თავის მეზობელ ქვეყნებს.

და, შესაბამისად, ვიდრე რუსეთს ასეთი გარანტიები არ აქვს, თავის მხრივ, არც უკრაინასა და მის დასავლელ მოკავშირეებს აქვთ ბოლომდე იმის გარანტია, რომ რუსეთი რამდენიმე თვეში მართლაც არ დაიწყებს „სწრაფ და მოულოდნელ“ იერიშს უკრაინის წინააღმდეგ, რაზეც აშშ-ის დაზვერვამ ბაიდენ-პუტინის სამიტამდე ორი დღით ადრე გაავრცელა გაფრთხილება.

წაიკითხე მეტი კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

2021 წლის 8 დეკემბერს საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს კომპანიის დაბრუნებაზე. „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში დარჩა. ეს საქმე არის მნიშვნელოვანი იმაზე პასუხის გასაცემად, ვართ თუ არა სახელმწიფო, - თქვა დავით დვალმა სასამართლოს შემდეგ.